Facebook Twitter

საქმე ბს-241-239(k-12) 26 სექტემბერი, 2014 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე .

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 12 თებერვლის განჩინებით (საქმე 3/4) დაკმაყოფილდა სს „...“ წარმომადგენლის ნ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... გამზ. #44-ში მდებარე 173 კვ. მ. არასაცხოვრებელ ფართს და 50 კვ.მ. ფართის სარდაფს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნები შპს „...-ის“ წინააღმდეგ, ხოლო სს „...“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსრკ ენერგეტიკისა და ტრესტ „...“ შორის 1991 წლის 22 აგვისტოს დადებული #11 ხელშეკრულება - ტრესტ „...“ ბალანსზე რიცხული ქონების შრომითი კოლექტივისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ და ტრესტ „...“ (ერთ-ერთი უფლებამონაცვლე სს „...“) ქონება ცნობილ იქნა საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებად. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოსარჩელე სს „...“ არ გააჩნდა არანაირი კანონიერი ინტერესი სადავო ფართთან მიმართებაში და ამ მოტივით უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „...-ის“ სააპელციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით. განმცხადებლის მითითებით სადავო ფართი რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად (საკადასტრო კოდი #... და #...) და მასზე რეგისტრირებულია ყადაღა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 12 თებერვლის #3/4 მიმართვის საფუძველზე. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან სასამართლო დავა საბოლოოდ დასრულებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით, ამასთან სს „...“ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი ქონების მიმართ და ქონება რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. განმცხადებლის მოსაზრებით ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 12 თებერვლის განჩინება ქ. თბილისში ... გამზ. #44-ში მდებარე 173 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართსა და 50 კვ.მ. ფართის სარდაფზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადების საფუძველზე საქმე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „...“ სარჩელისა გამო, მოპასუხე შპს „...-ის“ მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოდან და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ეცნობა საკასაციო სასამართლოს, რომ მოკლებულნი იყვნენ საქმის გადმოგზავნის შესაძლებლობას, რადგან შპს „...-ის“ მიერ გასაჩივრებული იყო 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემებათა გამო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. ზემოაღნიშნული კერძო საჩივარი საქმესთან ერთად განსახილველად იგზავნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და საქმე დაბრუნებისთანავე გადმოეგზავნებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის #3801 წერილით საკასაციო პალატას ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით 2013 წლის 11 სექტემბერს რეგისტრირებულია ადმინისტრაციული საქმე #3/4356-11, განმცხადებლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...-ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. ზემოაღნიშნული საქმე, ამ ეტაპზე, არსებითად განხილული/გადაწყვეტილი არ არის და იმყოფება მოსამართლე მირანდა ერემაძის წარმოებაში.

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 12 თებერვლის გაჩინებით სს „...“ განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... გამზირის #44-ში მდებარე 173 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს და 50 კვ.მ. ფართის სარდაფს, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხებოდა შპს „...-ის“ („...“) სახელზე. საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს წარმოადგენს იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგად შეიძლება შეიქმნას საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების თვალსაზრისით. სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც გამოიყენება სასამართლო დავის დასრულებამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის თავიდან აცილების საფუძვლით. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე, რომელზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითხოვს 1999 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას წარმოება არ არის დასრულებული, რაც დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის #3801 წერილით, რომლითაც საკასაციო პალატას ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით 2013 წლის 11 სექტემბერს რეგისტრირებულია ადმინისტრაციული საქმე #3/4356-11, განმცხადებლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...-ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. ზემოაღნიშნული საქმე, ამ ეტაპზე, არსებითად განხილული/გადაწყვეტილი არ არის და იმყოფება მოსამართლე მირანდა ერემაძის წარმოებაში. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო დაგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება საბოლოოდ არ არის დასრულებული და ვიდრე არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის ალბათობა, არ არსებობს აღნიშნულ დავაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გნვითარების სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და სადავო უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 1991-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. ძალაში დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 12 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე