Facebook Twitter

№330310014000600542

კერძო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-397-391(2k-4კს-15) 19 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. რ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. რ-ემ 2014 წლის 22 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის ე. თ-ის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. რ-ის ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის ... განყოფილების ... თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განაცდურის ანაზრაურება და სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანება, მ. რ-ის გათავისუფლების თაობაზე; მოპასუხე თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული -სამართლებრივი აქტის გამოსცემა მ. რ-ის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენის თაობაზე; დაევალა მოპასუხე თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას მოსარჩელე მ. რ-ის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა საქმის შეჩერების შესახებ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/429-15, აპელანტი (მოსარჩელე) - მ. რ-ე, აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა, დავის საგანი - აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, განაცდურის ანაზღაურება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, შეჩერდა საქმის განხილვა, მ. რ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე სასამართლოს მიერ აღდგენილ არ იქნა პირდაპირ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მისი აღდგენის საკითხი სასამართლომ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებით განახორციელა, არ დაკმაყოფილდა; მ. რ-ის მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინების (ჩანაწერი), რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხე - დიდუბის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების სახით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის საქმეზე დართვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის, საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვის თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის შუამდგომლობა - სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვაზე; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრისა (დასაბუთებული) და 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც აუცილებელი წესით მოსაწვევი მესამე პირის სახით (ასკ 16.2 მუხლის საფუძვლით) ჩაბმულ იქნა ე. თ-ი; დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ; ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას დაეკისრა ადვოკატის ხარჯები მ. რ-ის სასარგებლოდ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, დანარჩენ ნაწილში; ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებით აპელანტ მ. რ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში შესწორების შეტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი გასწორდა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობამ.

მ. რ-ემ კერძო საჩივარი წარმოადგინა სააპელაციო სამართალწაროების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის შესახებ 2015 წლის 6 აპრილის განჩინებაზე, საქმის განხილვის შეჩერებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებაზე, საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების შესახებ 2015 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებაზე, 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 1 ივნისის განჩინებაზე, ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას გაწეული სხვა საპროცესო ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმის წარმოების შეჩერებისა და კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ 2015 წლის 30 აპრილის განჩინებაზე, განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ 2015 წლის 6 მაისის განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის საქმის წარმოების შეჩერებისა და კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ განჩინებაზე მ. რ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

სააპელაციო სამართალწაროების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის შესახებ 2015 წლის 6 აპრილის განჩინებაზე, საქმის განხილვის შეჩერებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვაზე უარის თქმის თაობაზე 2015 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებაზე, საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების შესახებ 2015 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებაზე, 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 1 ივნისის განჩინებაზე, ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას გაწეული სხვა საპროცესო ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე მხარე პრეტენზია წარმოდგენილი აქვს საკასაციო საჩივარშიც. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აღნიშნულ განჩინებებზე საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე.

მ. რ-ე სხვა მოთხოვნებთან ერთად პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაზე, რომლითაც გასწორდა უსწორობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებაში და მხარეებს განემარტათ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. კერძო საჩივრის ავტორი მითითებულ განჩინებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართალია დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ, მაგრამ ერთგვაროვანი სამოსამართლეო მიდგომის დამკვიდრების მიზნით მხარეს გააჩნია ინტერესი განჩინების კანონიერების შემოწმებაზე, რის გამოც ითხოვს მისი გაუქმებით ან ძალაში დატოვებით შესაბამისი შედეგის განსაზღვრას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ“ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო: განსახილველ შემთხვევაში მხარე გამოთქვამს თანხმობას და ითხოვს მის სასარგებლოდ გამოტანილი განჩინების გაუქმებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის კერძო საჩივრის ავტორი უნდა უთითებდეს და ასაბუთებდეს, რომ სასამართლო აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პოპულარული საჩივრის შეტანის შესაძლებლობას. ვინაიდან გასაჩივრებული უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით დაკმაყოფილდა მ. რ-ის მოთხოვნა, არ იკვეთება მ. რ-ის კანონიერი ინტერესი მისი გაუქმებისადმი. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება – შედეგზე ორიენტირებული უფლებაა, იგი მთლიანად პირის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზანს ემსახურება. პირი კეთილსინდისიერად უნდა იყენებდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მართლმსაჯულება არის იურისდიქციული საქმიანობის სახეობა, რომელიც ეხება დავის გადაწყვეტას, კონფლიქტის გადაჭრას, დარღვეული უფლების აღდგენას ან კანონიერი ინტერესის დაცვას. მოცემულ შემთხვევაში განსახილველი განჩინების გაუქმებით ადგილი არ ექნება დარღვეული უფლების ან მხარის კანონიერი ინტერესის აღდგენას, რადგან 2015 წლის 6 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის - მ. რ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველზე გასწორდა 2015 წლის 30 აპრლის განჩინებაში დაშვებული უსწორობა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 6 მაისის განჩინებით მართებულად მოახდინა უსწორობის გასწორება მისივე 2015 წლის 30 აპრილის განჩინებაში, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამავე მუხლის პირველ ნაწილთან (რომლითაც დადგენილის სასამართლო აქტის გასაჩივრების შესაძლებლობის განმარტების ვალდებულება) სასამართლო აქტის შეუსაბამობის შემთხვევაში სასამართლოს მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით გამოაქვს განჩინება სასამართლო აქტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. რ-ის კერძო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განჩინებას მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. რ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე