საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
1012აპ.-09 ქ. თბილისი
26 მარტი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-სა და მისი დამცველი ადვოკატების _ ბ. მ-სა და ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 თებერვლის განაჩენით დ. ა-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. აღნიშნულ სასჯელს საქართველოს სსკ-ის 67-59-ე მუხლების საფუძველზე დაემატა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დ. ა-სათვის დანიშული პირობითი მსჯავრი _ 4 (ოთხი) წლის ვადით, რის შედეგადაც მსჯავრდებულ დ. ა-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. მსჯავრდებულ დ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან.
იმავე განჩენით ხ. ლ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. მსჯავრდებულ ხ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან.
გ. ს-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მსჯავრდებულ გ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და ხ. ლ-ს შორის, რომლის თანახმადაც, ხ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით, ხოლო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. ა-სა და მისი დამცველი ადვოკატების _ ბ. მ-სა და ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. ა-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, ხოლო გ. ს-ს ქმედება _ იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ა-სა და მისი დამცველი ადვოკატების _ ბ. მ-სა და ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.