საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-9-8 (2კ-6ks-16) 28 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. განჩინებასა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების გაუქმების ნაწილში.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. მ-ემ ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა: ძალაში შესვლის მომენტიდან ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014 წლის №279 ბრძანების ბათილად ცნობა, რ. მ-ის თანმადებობაზე აღდგენა, იძულებითი მოცდენის გამო განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის ყოველთვიურად 745 ლარის ოდენობით, ასევე 2014 წლის მოსარჩელის მიერ გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურების დაკისრება ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 745 ლარის ოდენობით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ 10.02.15წ. განჩინებით რ. მ-ეს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსწორების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტება.
ხარვეზის შევსების შედეგად რუსთავის საქალაქო სასამართლოს 17.02.15წ. განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.04.2015წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014 წლის №279 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ, მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 03.10.2014 წლიდან 31.12.2014 წლამდე პერიოდისათვის მოსარჩელისათვის განაცდური დაუბეგრავი ხელფასის 2160.49 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ 745 ლარის დაკისრებაზე, საქმეზე რ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით დაუბრუნდა გადამხდელს, მოპასუხე მხარეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა, მოპასუხე მხარეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 1272.17 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს რ. მ-ემ და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ. რ. მ-ემ სხვა მოთხოვნებთან ერთად სააპელაციო პრეტენზია განაცხადა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 10.02.15წ. განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დავალებულების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. განჩინებით რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სრულად, მათ შორის რუსთავის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 10.02.15წ. განჩინების გაუქმების ნაწილში სააპელაციო მოთხოვნაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებით რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილების პირველ პუნქტში შეიცვალა ის ნაწილი, რომლითაც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014 წ. N 279 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან, ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014 წ. N 279 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, რომლითაც მოპასუხე მხარეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.02.15წ. განჩინება „ხარვეზის დადგენის შესახებ“, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ქ. რუსთავის საკრებულოს დაეკისრა პროცესის ხარჯი - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის - 2400 ლარის ანაზღაურება, ასევე -სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის სახით 136,70 ლარის ანაზღაურება, რ. მ-ის სასარგებლოდ.
გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები წარმოადგინეს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და რ. მ-ემ.
რ. მ-ე სხვა საკასაციო მოთხოვნებთან ერთად პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც წარმოებაში იქნა მიღებული რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 10.02.15წ. განჩინებაზე. კასატორი მითითებულ განჩინებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „ხარვეზის დადგენის შესახებ“ განჩინების გასაჩივრება დაუშვებელია, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, წარმოებაში მიიღო სააპელაციო საჩივრის ეს ნაწილი და შემაჯამებელი გადაწყვეტილებით გააუქმა კიდეც იგი. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ეს ნაწილი დააკმაყოფილა და გააუქმა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, კასატორი გამოთქვამს თანხმობას ამ განჩინების გაუქმებაზე პროცესუალური სიწმინდის მიზნებისთვის. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება შედეგის მისთვის საუარესოდ შებრუნება, რაზეც თანხმობას გამოთქვამს და უთითებს, რომ საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპი მოქმედებს მაშინ, როდესაც მხარე არ აპელირებს ამაზე, კასატორი თვლის, რომ ასეთი შებრუნება დასაშვებია, როდესაც მხარე თანახმაა ამაზე. კასატორი ითხოვს ამ ნაწილში „სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ“ სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. განჩინების გაუქმებას, ასევე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ხარვეზის დადგენის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ „სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ“ სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილების მითითებულ ნაწილში გაუქმების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.2 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. კანონმდებლობით არ არის დაშვებული აპელანტის მიერ წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების გასაჩივრების პროცესუალური შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში მხარე გამოთქვამს თანხმობას და ითხოვს მის სასარგებლოდ გამოტანილი განჩინებების გაუქმებას, იგი ამავდროულად გამოთქვამს თანხმობას განჩინებების გაუქმებით მოხდეს შედეგის მისთვის საუარესოდ შებრუნება. კასატორი თავად უთითებს შედეგის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის თაობაზე უზენაესი სასამართლოს არსებულ პრაქტიკაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მზაობა საუარესოდ შებრუნებაზე არ ქმნის კასაციის ამ ნაწილში წარმოებაში მიღების საფუძველს, საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის კასატორი უნდა უთითებდეს, რომ სასამართლო აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პოპულარული საჩივრის შეტანის შესაძლებლობას. ვინაიდან გასაჩივრებული ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ნაწილში გასაჩივრებული განჩინებითა და ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების გაუქმების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. მ-ის მოთხოვნა, არ იკვეთება რ. მ-ის კანონიერი ინტერესი მათი გაუქმებისადმი. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება – შედეგზე ორიენტირებული უფლებაა, იგი მთლიანად პირის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზანს ემსახურება. პირი კეთილსინდისიერად უნდა იყენებდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.
მართლმსაჯულება არის იურისდიქციული საქმიანობის სახეობა, რომელიც ეხება დავის გადაწყვეტას, კონფლიქტის გადაჭრას, დარღვეული უფლების აღდგენას ან კანონიერი ინტერესის დაცვას. მოცემულ შემთხვევაში განსახილველი განჩინებების გაუქმებით ადგილი არ ექნება დარღვეული უფლების ან მხარის კანონიერი ინტერესის აღდგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. განჩინებას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების გაუქმების ნაწილში განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით, 404-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს რ. მ-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. განჩინებასა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებას (ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების გაუქმების ნაწილში.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი