Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-19-19(2კ-15) 30 იანვარი, 2015 წელი

№030310014472384 ქ. თბილისი

ბს-19-19-(კ-15) სააგენტო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ჭ-ამ 2014 წლის 4 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის №882014058595-03 და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 მარტის №57751 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების - ქ. ფოთის ... ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის გ. ჭ-ას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის დავალება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მის ინტერესებს შეხებოდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში სავალდებულო მესამე პირად თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო ჩაება, რადგან სასამართლოს გდაწყვეტილება შეიძლება შეხებოდა მის ინტერესებს და იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის №882014058595-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 მარტის №57751 გადაწყვეტილებები; დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს“ დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების კანონიერება, მოპასუხე - ფოთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქმედების განხორციელების დავალება - მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ ქ. ფოთის ... ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი სარგებლობის უფლების აღიარება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საგულისხმოა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სახელზე აღრიცხულ ქონებას, ხოლო ქონების მესაკუთრე ადმინისტრაციული ორგანო - თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში ჩაბმულია მესამე პირად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე (ს.ფ. 77). ამდენად, იგი არ სარგებლობს მხარის უფელბებით, კერძოდ, მას არ გააჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება, რადგან იგი არ წარმოადგენს მოცემულ დავაზე იმ სამართალურთიერთობის მონაწილე საპროცესო სუბიექტს (საქმის მასალებით არ დასტურდება დავის საგნის მიმართ მისი რაიმე უფლების და შესაბამისად კანონიერი ინტერესის არსებობის ფაქტი) , რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-16 მულით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე