Facebook Twitter

№010330114804338

საქმე №ბს-48-48(კს-15) 26 მარტი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ღ-მა 2005 წლის 29 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება (უმუშევრად დარეგისტრირება) და ასევე 6 თვის კომპენსაციის – 120 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ა. ღ-მა წარადგინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. ა. ღ-მა ასევე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა საქმეში სს ,,...” მესამე პირად ჩართვაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება. კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება სხდომის ოქმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება სს ,,...” საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, ამავე პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება ა. ღ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 2008 წლის 18 აპრილის განჩინება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

2009 წლის 16 თებერვალს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. 2009 წლის 8 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

2009 წლის 20 მაისს ა. ღ-მა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილისა და 13 მაისის განჩინებები.

ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმება და მისი განცხადების არსებითად განხილვა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინება.

ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ლეილა მამულაშვილის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებების გაუქმება და მისი განცხადების დასაშვებად ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება.

2012 წლის 23 იანვარს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2012 წლის 10 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება.

2013 წლის 9 იანვარს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის ა.ღ-ის განცხადების დასაშვებად ცნობის და განცხადების არსებითი განხილვის დავალება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინება.

2013 წლის 22 ივლისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის ა. ღ-ის განცხადების დასაშვებად ცნობის და განცხადების არსებითი განხილვის დავალება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინება.

2014 წლის 18 თებერვალს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დასაშვებად ცნობის და განცხადების არსებითი განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინება.

2014 წლის 11 აგვისტოს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ა. ღ-ის მიერ სასამართლოებში არაერთხელ წარდგენილი განცხადებების მიზანია, საბოლოოდ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მის სარჩელზე განახლდეს საქმის წარმოება. რის საფუძვლადაც უთითებს, რომ სასამართლომ სარჩელის განხილვისას სს „...“ არ გამოითხოვა მისი სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება.

საპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოსათვის მიმართული მისი განცხადებები შინაარსობრივად ერთგვაროვანია და თითოეული მათგანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დავის გაგრძელების, საქმის სასამართლოს წარმოებაში ყოფნის გახანგრძლივების მცდელობას, რაც სცილდება მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილზე და აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება - საქალაქო სასამართლომ დავა გადაწყვიტა სამუშაოდან დათხოვნის დღეს მისთვის შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულების სს „...“ გამოთხოვის გარეშე, არაერთხელ იყო მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების წინამძღვრად. საქმის მასალების მიხედვით, ზემოაღნიშნული განცხადებები სასამართლოების მიერ არაერთხელ იქნა დატოვებული განუხილველად. ამავე კოდექსის 429-ე მუხლზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. ღ-ის განცხადება უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მისი დასაშვებად ცნობა და განცხადების არსებითად განხილვა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე წარმოდგენილ კერძო საჩივარში ა. ღ-მა აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად არის მითითებული დავის საგანი. დავის საგნად მითითებულია - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, დავის საგნის მხოლოდ პროცესუალურ-სამართლებრივი მოთხოვნა და არ მითითებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა კერძოდ, მისთვის რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება და უმუშევრის შემწეობის 120 ლარის გაცემის დაკისრება. ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მისი განცხადება განეხილა ერთპიროვნულად. გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეღო კოლეგიური შემადგენლობით.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე ითხოვს, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ სარჩელი თავისი არსით წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ა. ღ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, საქმის წარმოების განახლებასა და საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განცხადება უნდა განეხილა სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას და ერთი მოსამართლის მიერ ერთპიროვნულად საკითხის გადაწყვეტა არის საპროცესო ნორმათა დარღვევა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი. ამავე კოდექსის მე-6 მუხლი შეიცავს მაგისტრატი მოსამართლის განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს, რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე აღძრული სარჩელები.

აღსანიშნავია, რომ ა. ღ-ის თავდაპირველი სარჩელის დავის საგანია უმუშევრად დარეგისტრირება (რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება) და უმუშევრის შემწეობის გაცემა. აღნიშნული მოთხოვნა ემყარებოდა იმჟამად მოქმედ ,,დასაქმების შესახებ“ კანონის დანაწესს და წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო ა. ღ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი განეხილა და გადაეწყვიტა ერთპიროვნულად.

საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში დავის საგნად მითითებული აქვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და არა ა. ღ-ის მოთხოვნა მისთვის რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება და უმუშევრის შემწეობის 120 ლარის გაცემის დაკისრება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლი შეიცავს განჩინების შინაარსს, რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინებაში უნდა აღინიშნოს მხარეები და დავის საგანი. ა. ღ-ის 2014 წლის 11 აგვისტოს განცხადების დავის საგანს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. რაც მითითებული აქვს კიდეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გასაჩივრებულ 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებაში. რაც შეეხება, ა. ღ-ის მოთხოვნას, მისთვის რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭებისა და უმუშევრის შემწეობის 120 ლარის გაცემის დაკისრების თაობაზე, აღნიშნული წარმოადგენდა მის სასარჩელო მოთხოვნას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, ანუ ფაქტობრივად საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობას, თუ მხარისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ცნობილი გახდება საქმის განხილვისას მისთვის ახალი რაიმე გარემოება, ან მტკიცებულება, რომლებიც საქმის განხილვის სტადიაზე ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის, გამოიწვევდა სხვაგვარი, მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ა. ღ-ი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებდა იმ ფაქტს, რომ დავის განხილვისას სს ,,...“ არ ყოფილა გამოთხოვილი მისი სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომისწიგნაკის გაუცემლობის

ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება, რაც კერძო საჩივრის ავტორის აზრით, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. აღნიშნულ გარემოებაზე, როგორც საქმის წარმოების განახლების საფუძველზე, ა. ღ-ი არაერთგზის უთითებდა მის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა დროს წარდგენილ განცხადებებში. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 11 აგვისტოს განცხადების შეტანამდე რამდენიმე წლით ადრე. ამასთან, აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების საკითხი სასამართლოებმა არაერთი განჩინებით უარყოფითად გადაწყვიტეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა გასაჩივრებულ განჩინებაში ა. ღ-ის მიერ სსკ 426-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 421-429-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე