საქმე №ბს-732-718(კს-14) 24 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „...“
თავდაპირველი მოპასუხე – სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „...“ 2014 წლის 4 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოპასუხეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა. გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 31 დეკემბრის №32828 ბრძანება, 2012 წლის 31 დეკემბრის №280 საგადასახადო მოთხოვნა, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში 2013 წლის 22 აპრილის №16682 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 10 ივნისის №25791 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №39741 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სადავო ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2014 წლის 28 ივლისს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 12 აგვისტოს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული ბეჭდით. ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2014 წლის 28 ივლისს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა 2014 წლის 29 ივლისს დაიწყო და 2014 წლის 11 აგვისტოს 24:00 საათზე ამოიწურა. შესაბამისად, 2014 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სააპელაციო საჩივარი სასამართლომ მიიჩნია გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყველება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 28 ივლისს ჩაბარდა, რომლის გასაჩივრების ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 14 დღე იყო. აღნიშნული ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით ქონდა უფლება გაესაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულ ფაქტს სადავოდ არ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოც. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი ... ფოსტას 2014 წლის 11 აგვისტოს, 16:49 საათზე ჩააბარა (გზავნილი №040013574879, გამგზავნის გზავნილის №08-01/57019). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 28 ივლისს ჩაბარდა (ტომი 2, ს.ფ. 291). ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონით დადგენილი 14 დღიანი გასაჩივრების ვადის დენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად 2014 წლის 29 ივლისს დაიწყო და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 2014 წლის 11 აგვისტოს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე ორშაბათი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე დართულ კონვერტზე მითითებულია გზავნილის საფოსტო იდენთიფიკატორი - 040013574879, რომელიც შპს „ს...“ ვებგვერდის მეშვეობით საფოსტო გზანილის გამგზავნის მიერ რეგისტრაციის თარიღის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის შემცველი კონვერტი - 040013574879 საფოსტო იდენთიფიკატორით ... ფოსტაში გამგზავნის მიერ დარეგისტრირდა 2014 წლის 11 აგვისტოს. აღნიშნული ასევე დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარზე დართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 11 აგვისტოს №2229166 რეესტრით, რომელის 22-ე გრაფაში მითითებულია სააპელაციო საჩივრის შემცველი გზავნილის საფოსტო იდენთიფიკატორი - 040013574879 (ტ. 3, ს.ფ. 19-21). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივრის 2014 წლის 11 აგვისტოს წარდგენას ასევე ადასტურებს კერძო საჩივარზე დართული „უკუგზავნილი“, რომელითაც დგინდება, რომ საფოსტო იდენთიფიკატორით - 040013574879 გზავნილის გაგზავნის თარიღია 2014 წლის 11 აგვისტო, რომელიც 2014 წლის 12 აგვისტოს ჩაბარდა ადრესატს - თბილისის საქალაქო სასამართლოს (ტ 3, ს.ფ. 22).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ გაუშვია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა მე-14 დღეს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნის დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე