საქმე ¹ბს-718-704(კ-7კს-14) 2 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე #ბს-718-704(კ-2კს-14) შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე და კერძო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის, 1 აგვისტოსა და 12 სექტემბრის განჩინებებზე.
2015 წლის 6 იანვარს და 23 იანვარს საკასაციო სასამართლოს მომართა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და წარმოადგინა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი სამართლებრივი შედეგის გაუქმების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონის მიერ დადგენილ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე და ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.
სსსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
კონკრეტულ შემთხვევაში, შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელს ი. პ-ს სახელზე გაგზავნილი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაჰბარდა სამუშაო ადგილის მიხედვით ... ცენტრალური ადმინისტრაციის კადრებისა და საქმისწარმოების სამსახურს - მ. უ-ეს 2014 წლის 17 ოქტომბერს /იხ. ტ. 4; ს.ფ. 338-339-536/, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა 2014 წლის 6 იანვარს /იხ. ტ. 4; ს.ფ 477-486/, ანუ კერძო საჩივრის ავტორის – შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებისთვის განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენილი თორმეტდღიანი ვადის დარღვევით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე