#330310013286171
#ბს-42-42(კ-15) 2 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინების, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 აგვისტოს განჩინებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ზ. ი-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
2013 წლის 1 აგვისტოს ზ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 3000 ევროს დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების შესახებ, სარჩელზე დადგენილ იქნა ხარვეზი და მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 აგვისტოს განჩინებით ზ. ი-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ზ. ი-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ი-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ზ. ი-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების თაობაზე და სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც სააპელაციო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განჩინებით ზ. ი-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე; ხოლო ზ. ი-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სასამართლოს შემადგენლობის აცილების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ზ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება. ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის დამატებითი განჩინებით აპელანტს - ზ. ი-ს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა დაეკისრა.
ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინება, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 აგვისტოს განჩინება, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინება, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აპრილის განჩინება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის დამატებითი განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე იშუამდგომლა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინების, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 აგვისტოს განჩინებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს საპროცესო კომპეტენციას განეკუთვნება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების (განჩინებების) კანონიერების გადასინჯვა; საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების (გადაწყვეტილებების) კანონიერებაზე და არა აქვს მინიჭებული საპროცესო კომპეტენცია გადაამოწმოს საქალაქო სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი ზ. ი-ი საკასაციო საჩივარში სააპელაციო სასამართლოს განჩინებებთან ერთად საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაუქმებას მოითხოვს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინების, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 აგვისტოს განჩინებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე იმსჯელებს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1, 401-ე, 404.2 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინების, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 აგვისტოს განჩინებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე