Facebook Twitter

2კ-6აპ.-10 19 მაისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. წ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით გ. წ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც მას იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I და 61-ე მუხლის II ნაწილებით, სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ,,ტტ-ს” სისტემის პისტოლეტი ¹............, 1 მჭიდი და 2 ვაზნა, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთმტკიცებათა შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის შეიარაღების განყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

გ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით ჯარიმა _ 1500 (ათას ხუთასი) ლარი, ხოლო იმავე მუხლის II ნაწილით ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, გ. წ-ს სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2009 წლის 6 ივნისიდან _ 2009 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით), მსჯავრდებულს შეუმსუბუქდა სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარი.

მსჯავრდებული გ. წ-ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. წ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.