საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-784-770(3კ-14) 13 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. ნ-ისა და მ. ვ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2014 წლის 19 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ა. ნ-ისა და მ. ვ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს - კასატორებს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. კასატორებმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვეს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, რაზეც საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის კასატორების მიერ არ იქნა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებს, ასევე, შუამდგომლობის დასადასტურებლად წარმოდგენილი არ იქნა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდნენ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა კასატორებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით ა. ნ-ესა და მ. ვ-ას დაევალათ ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინების შემცველი გზავნილი, კანონით დადგენილი წესით, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ... გამზ. №30, კორპუსი 1, ბინა 18) გაეგზავნა კასატორებს - ა. ნ-ესა და მ. ვ-ას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება 2015 წლის 5 იანვარს ჩაიბარა ა. ნ-ისა და მ. ვ-ას ოჯახის წევრმა (დეიდამ - მ. მ-ემ), რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერით. შესაბამისად, კასატორებისათვის - ა. ნ-ისა და მ. ვ-ასათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად 2015 წლის 6 იანვარს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2014 წლის 12 იანვრის ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
საკასაციო სასამართლო კასატორებს - ა. ნ-ესა და მ. ვ-ას განუმარტავს, რომ მათ მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ნ-ისა და მ. ვ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს ა. ნ-ისა და მ. ვ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე