განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ
საქმე ¹3-707-1 (ა-15) 21 მაისი, 2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ვ. მ-ე (დ-ი)
მოწინააღმდეგე მხარე – სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილება
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. მ-ემ 07.05.2012წ. სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიმართ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 13.06.2012წ. გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2012წ. განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. მ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2013წ. განჩინებით ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2012წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2014წ. განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 13.06.2012წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. მ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2014წ. განჩინებით ვ.მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
06.05.15წ. ვ.მ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ მის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, თუმცა აღნიშნული სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ვ.მ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს საქმის წარმოების განახლებას.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 09.10.2014 წ. განჩინებით უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 28.01.2014წ. განჩინება, რომლითაც, თავის მხრივ უცვლელად იქნა დატოვებული ბოლნისის რაიონული სასამართლოს 13.06.2012წ. გადაწყვეტილება, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ.მ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, არამედ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განსჯადია, რადგან სწორედ ამ უკანასნელის მიერ არის მიღებული საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.მ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე