Facebook Twitter

#240310013303597

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-113-111(კ-15) 5 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა, ა. ს-ას ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეები _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური; ს. ა-ე.

2013 წლის 29 აგვისტოს ე. და ა. ს-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისა და ს. ა-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა პ. ა-ასა და ს. ა-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ პ. ა-ას სახელზე უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 აგვისტოს საოქმო განჩინებით მითითებული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ე. და ა. ს-ების სასარჩელო მოთხოვნა პ. ა-ას სახელზე უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა სარჩელზე ა. ს-ას ნაწილში.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. და ა. ს-ებმა, რომლებმაც სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ე. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. და ა. ს-ებმა, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასმართლოს 2015 წლის 5 მარტის განჩინებით ე. ს-ას ნაწილში საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ს-ას ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 სექტემბრის საოქმო განჩინებით, ა. ს-ას ნაწილში სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ა. ს-ს მიმართ საქმის წარმოება შეწყდა რაიონულ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძვლით, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა მოცემული დავა განიხილეს მხოლოდ ე. ს-ას მოთხოვნის ნაწილში, ა. ს-ა არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის შემტან სუბიექტს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ა. ს-ას ნაწილში განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ს-ას ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე