Facebook Twitter
საქმე ბს-472-461 (3კ-14) 10 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 6 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მ. ს-მა, ჯ. ყ-მა, გ. ბ-მა და გ. დ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა მ. ყ-მა მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გარდაბნის რაიონის გამგეობის მიმართ, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა გარდაბნის რაიონის გამგების 2005 წლის 24 ივნისის N629/ა მომართვის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2006 წლის 26 აპრილს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N62 ოქმის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ა. პ-ის სახელზე რიცხული 369528 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის დავალებოდა სოფ. ... შემდეგ მიწის ნაკვეთებზე-მ. ს-ის-ნაკვეთის ნომერი N12, ჯ. ყ-ის-ნაკვეთის ნომერი N6, გ. ბ-ი-ნაკვეთის ნომერი N15, გ. დ-ი-ნაკვეთის ნომერი N10 საჯარო რეესტრის ამონაწერების მომზადება საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების, სარეგისტრაციო მოწმობისა და აზომვითი ნახაზების ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაება ა. პ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის რაიონის გამგეობის 2005 წლის 24 ივნისის N629/ა მიმართვა მ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ჯ. ყ-ის, გ. ბ-ისა და მ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მ. ს-მა, ჯ. ყ-მა, გ. ბ-მა და მ. ყ-მა გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქმეში მესამე პირად ჩაება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ჯ. ყ-ის, გ. ბ-ის და მ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის რაიონის გამგეობის 2005 წლის 24 ივნისის N629/ა მიმართვა იმ ნაწილში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა მ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N62-მ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა კანონით დადგენილი წესით, მ. ს-ის საკუთრებაში გარდაბნის რაიონი, ..., სოფ. ..., კვარტალი ..., ნაკვეთი 139,0,13 ჰა მიწის ნაკვეთის აღრიცხვა; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ა. პ-მა, მ. ს-მა, ჯ. ყ-მა, გ. ბ-მა და მ. ყ-მა გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ა. პ-ის, მ. ს-ის, ჯ. ყ-ის, გ. ბ-ისა და მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი მ. ს-ის მოთხოვნის ნაწილში და თვლის, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. წარმოდგენილ შემთხვევაში გამოვლენილია მ. ს-ის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას, კერძოდ, მოცემულ საქმეზე კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია მის სასარგებლოდ, კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის რაიონის გამგეობის 2005 წლის 24 ივნისის N629/ა მიმართვა იმ ნაწილში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა მ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის N62-მ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა კანონით დადგენილი წესით, მ. ს-ის საკუთრებაში აღრიცხოს გარდაბნის რაიონი, ..., სოფ. ..., კვარტალი ..., ნაკვეთი 139,0,13 ჰა მიწის ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ ყოველი პირი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად (სსკ-ის მე-2 მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში კასატორი მოითხოვს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომელიც მის ინტერესებს არ ეხება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ს-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის13 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;



თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: პ.სილაგაძე

ნ. სხირტლაძე