Facebook Twitter

#811310213352213

შეგებებული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-31-31(კ-15) 27 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ. და ა. ზ-ეების შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 27 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ თ. და ა. ზ-ეების შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, თ. და ა. ზ-ეებს შეგებებულ საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ვერ დააკმაყოფილებდა ა. ზ-ის შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების შესახებ. საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ 2015 წლის 19 თებერვალს გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდებოდა, რომ საიდენთიფიკაციო №... _ თ. ზ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა 2013 წლის 8 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 34330-ს, ხოლო ა. ზ-ე არ იყო თ. ზ-ის ოჯახის წევრი რაც საკასაციო პალატის აზრით არ წარმოადგენდა ა. ზ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს. შესაბამისად, თ. ზ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების გამო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ა. ზ-ე გაენთავისუფლებინა ბაჟის გადახდისაგან ან გადაევადებინა მისთვის სახელმწიფო ბაჯის გადახდა, რის გამოც ა. ზ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ვალდებულება. ამასთან, შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 21-ე მუხლის მოთხოვნებს, რადგან თ. და ა. ზ-ეებს შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოდგენლი ქონდათ ასლის სახით და საქმეში არ იყო დაცული მათ მიერ ხელმოწერილი შეგებებული საკასაციო საჩივრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ ა. ზ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; თ. და ა. ზ-ეებს დაევალათ ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითარი და თ. და ა. ზ-ეების მიერ ხელმოწერილი შეგებებული საკასაციო საჩივრის დედანი. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ თ. და ა. ზ-ეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი, რომელიც ა. ზ-ეს 2015 წლის 9 მარტს, ხოლო თ. ზ-ეს 2015 წლის 11 მარტს ჩაბარდათ პირადად (ტ. I, ს. ფ. 241-242). შესაბამისად, კასატორის - ა. ზ-ისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 10 მარტს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2015 წლის 14 მარტს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა. კასატორის - თ. ზ-ისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა მითითებული საპროცესო ნორმების შესაბამისად 2015 წლის 12 მარტს დაიწყო და 2015 წლის 16 მარტს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც არ ემთხვეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე ორშაბათი.

საკასაციო სასამართლო კასატორ ა. ზ-ეს განუმარტავს, რომ ვინაიდან, მას ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2015 წლის 14 მარტის ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე შაბათი, ხარვეზის გამოსწორების ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაიწია 2015 წლის 16 მარტს ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ მოცემული განჩინების მიღების დროისათვის კასატორების მიერ არ არის ხარვეზი შევსებული და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. და ა. ზ-ეების შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს თ. და ა. ზ-ეების შეგებებული საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეათა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე