Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹17აპ-10 06 მაისი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ დ. ჯ-სა და რ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით ჯ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 ნოემბრიდან.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების სასარგებლოდ, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ჯ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 ნოემბრიდან.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების სასარგებლოდ, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ 2005-2006 წლებში რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის» მიერ ნავთობპროდუქტების დანაკლისის გამოვლენის ამსახველი დოკუმენტაცია (წერილები, ბრძანებები, კამერალური შემოწმების ჩატარების შესახებ მოხსენებითი ბარათები, დანაკლისის გამოვლენის შესახებ დოკუმენტაცია) უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და ინახებოდეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ დ. ჯ-სა და რ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ დ. ჯ-სა და რ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.