Facebook Twitter

საქმე # 330311214567452

საქმე #ბს-160-157(კს-15) 19 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,...“

დავის საგანი _ საჩივრის დასაშვებობის საკითხი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავის შესაბამისად, სპეციალური ღია-საჯარო აუქციონის გამართვის შესახებ, შპს ,,...“ საკუთრებაში არსებულ, ყადაღის აქტში ჩამოთვლილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ბრძანების გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მხარეს განემარტა, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 48 საათში დასაბუთებული ბრძანების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

მითითებული ბრძანება გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის ბრძანების გაუქმება და შპს ,,...“ დაუყადაღებული ქონების რეალიზაციის შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის ბრძანებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად ბრძანების გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმება და საჩივრის განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით“, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ბრძანების გასაჩივრებისათვის დადგენილი იყო 48 საათი, თუმცა ვადის ბოლო დღე ემთხვეოდა უქმე კვირა დღეს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია მომდევნო სამუშაო დღეს, ორშაბათს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს, ნორმას, რომელიც ადგენს საათობრივად განსაზღვრული გასაჩივრების ვადის ათვლის (ან ვადის გასვლის) პროცედურებს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოყენებინა სამართლის სფეროში დამკვიდრებული ვადის ათვლის (ვადის გასვლის) კანონის ანალოგიის პრინციპი, კერძოდ, სსსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია). სწორედ აღნიშნული კანონის ანალოგიის პრინციპიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაეტოვებინა განუხილველად გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გასვლის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, მაგრამ კერძო საჩივრის განხილვისას საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

საქმის მასალების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „...“ მიმართ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მითითებული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის ბრძანებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად ბრძანების გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მხარეთათვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში (იხ. ს.ფ. 115-117).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახდის გადამხდელის ყადაღადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესს არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავი, კერძოდ, ამ თავის 2123-ე მუხლში რეგლამენტირებულია გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წესი, რომლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში. მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზეპლარების გადაცემიდან 48 საათში, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, კი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ზემოაღნიშნულის ანალიზიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წესთან დკავშირებული საკითხების გადაწყვეტა ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დასრულდეს სააპელაციო სასამართლოში, სასამართლოს მიერ საჩივრის საფუძველზე გასაჩივრებული ბრძანების შემოწმებით. ვინაიდან, როგორც ავღნიშნეთ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებულია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეს განემარტა განჩინების გასაჩივრების წესი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414.1 მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამსიად, სსიპ შემოსავლების სამსახურს არ გააჩნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინების გასაჩივრების პროცესუალური შესაძლებლობა, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ე 2123-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე