Facebook Twitter

№ბ-1426-7(ა-14) 30 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი _ გ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ შემოსავლების სამსახური, დ. შ-ე, ნ. ი-ი, გ. თ-ე, ა. ბ-ე

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2014წ. №ბს-535-522(კ-14) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გუ. ბ-ემ 13.03.2012წ. სარჩელთ მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის, დ. შ-ის, ნ. ი-ის, გ. თ-ისა და ა. ბ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 12.07.2013წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება გუ. ბ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 17.09.2013წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება, უფლებამონაცველდ მიეთითა გ. ბ-ე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.10.13წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის (გუ. ბ-ის უფლებამონაცვლის) სარჩელი მოპასუხეების: სსიპ შემოსავლების სამსახურის, დ. შ-ის, ნ. ი-ის, გ. თ-ის და ა. ბ-ის მიმართ, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.14წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.10.2013წ. გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის მოტივით. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.14წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტნაციის სასამართლოს გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2014წ. განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ 09.10.14წ. განჩინებით კასატორს დაევალა უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 1150.80 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ 09.10.14წ. განჩინება გ. ბ-ეს პირადად ჩაბარდა 25.10.14წ. (ტ.2. ს.ფ.24), რაც დადასტურდა გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მისივე ხელმოწერით. გ. ბ-ეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი მითითებულ ვადაში არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც სსკ-ის 396.3 მუხლის საფუძველზე გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

გ. ბ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ალხად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 12.11.2014წ. განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა რომ მისამართზე, რომელზეც გაგზავნილი იყო საკასაციო პალატის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ (ოზურგეთი, სოფ. ...) ცხოვრობს ასევე სხვა გ. ბ-ე, რომელსაც ჩაბარდა აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, კასატორ - გ. ბ-ეს არ ჰქონდა ინფორმაცია ხარვეზის დადგენის და მისი შევსების საჭიროების შესახებ, რასაც ადასტურებს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების დასტურზე სხვა პირის ხელმოწერა და პირადი ნომრის მითითება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, გ. ბ-ის განცხადების სამართლებრივ საფუძვლებს, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ უზენაესი სასამართლოს 09.10.2014წ. განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ საქმეში მითითებულ მისამართზე: ოზურგეთი, სოფ. ..., გაეგზავნა კასატორს გ. ბ-ეს. გზავნილში აგრეთვე მიეთითა კასატორის ტელეფონის ნომერი. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში მიეთითა, რომ საფოსტო გზავნილი პირადად ჩაიბარა ადრესატმა გ. ბ-ემ (პ.ნ....) 15.10.2014წ.. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო პალატის 12.11.2014წ. განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა არა კასატორს, არამედ იდენტური სახელისა და გვარის მქონე პირს, რაც დასტურდება განმცხადებლისა (პ.ნ. ...) და გზავნილის ჩამბარებელი პირის (პ.ნ....) პირადი ნომრების სხვაობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას (განჩინებას) სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ბ-ის გაცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.11.2014წ. განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქარელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2014 №ბს-535-522(კ-14) განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს წარმოება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე