საქმე №ბს-171-169 (კ-17) 16 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ. ყ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქუთაისის განყოფილება, ვ. ა-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ყ-მა 2016 წლის 9 მარტს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ვ. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. №5/1, №69-70 ბინის (ს/კ ...) სხვისი მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე №A15108800 სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის - თ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ყ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით თ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ყ-მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლი, რაც სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასებაში გამოიხატა. კერძოდ, სააღსრულებო წარმოება დაწყებული იყო კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ამიტომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველია. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 172-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, გამოსახლება ხდება მხოლოდ სასამართლო წესი. შესაბამისად, ვ. ა-ს სარჩელით უნდა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა თ. ყ-ის გამოსახლება. მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებისა და ამავე გადაწყვეტლების საფუძველზე გამოცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად შეეძლო აღმასრულებელს სააღსრულებო წარმოების ჩატარება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინებით თ. ყ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მოსაზრებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლში 2015 წლის 11 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმად, გამოსახლება ხდება მხოლოდ სასამართლო წესით.
საკასაციო საჩივრის აღნიშნულ საფუძველთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2015 წლის 11 დეკემბრის N4625-Iს კანონის („საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მე-2 მუხლის შესაბამისად კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე) მიღებამდე სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებდა: „თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა“.
ასევე 2015 წლის 11 დეკემბრის №4628-Iს კანონით („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მე-3 მუხლის შესაბამისად კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე) ცვლილება განხორციელდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში და აღნიშული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქიით, რომელიც აღარ ითვალისწინებს სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადების აღსრულების დაქვემდებარების შესაძლებლობას. ამასთან, 2015 წლის 11 დეკემბრის №4628-Iს საქართველოს კანონის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მე-2 მუხლის შესაბამისად დადგინდა, რომ სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეები დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე – ეს ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე.
2015 წლის 11 დეკემბრის №4625-Iს საქართველოს კანონი საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 29 დეკემბერს (სარეგისტრაციო კოდი: 040000000.05.001.018044), ამავე თარიღით გამოქვეყნდა 2015 წლის 11 დეკემბრის №4628-Iს საქართველოს კანონი (სარეგისტრაციო კოდი: 070000000.05.001.018049). ამდენად, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევიდა მათი გამოქვეყნების შემდეგ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვ. ა-მა 2015 წლის 23 დეკემბერს მიმართა განცხადებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა თ. ყ-ის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლება, მისამართიდან ქ. ქუთაისი, ... №5/69-70. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ქ. ქუთაისის განყოფილების აღსრულების პოლიციელმა - ბ. ბ-მა 2015 წლის 24 დეკემბრის №A15108800-004/001 მიმართვით აცნობა თ. ყ-ს, რომ 2015 წლის 23 დეკემბრის განცხადებით კრედიტორი ითხოვდა მის გამოსახლებას ქ. ქუთაისში, ... ქ. №5/69-70 -ში მდებარე ბინიდან და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. ამავე გაფრთხილებით მოვალეს განესაზღვრა ვადა გაფრთხილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოთავისუფლების შესახებ. ამდენად საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ ვ. ა-ის განცხადების საფუძველზე სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ სააღსრულებო წარმოება დაიწყო ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება ექვემდებარება 2015 წლის 11 დეკემბრის №4628-Iს საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით დასრულებას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორს დაუბრუნდეს 14.03.2017 წლის №1 საგადასახადო დავალებით შ. ყ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე