Facebook Twitter

საქმე №ბს-177-175(კ-17) 16 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები: ბ. მ-ე, გ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. და გ. მ-ეებმა 2014 წლის 17 აპრილს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 6440 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით ბ. მ-ისა და გ. მ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ბ. მ-ისა და გ. მ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ მოთხოვნის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით ბ. და გ. მ-ეების სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ განსახილველად დადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. და გ. მ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ. და გ. მ-ეების სასარგებლოდ დაეკისრა 6440 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტომ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობისა და კორონალური ანგიოპლასტიკის კომპონენტების ფარგლებში, გეგმიური ჩარევებისათვის გათვალისწინებული იყო მოლოდინის სია (გეგმიურ ოპერაციებზე რიგის ფორმირებას უზრუნველყოფდა სააგენტო), სადაც უპირატესობა ენიჭებოდათ ადრე დარეგისტრირებულ პაციენტებს და გადაეცემოდათ მატერიალიზებული ვაუჩერი.

შპს „...“ 2012 წლის 9 თებერვლის №8/02 წერილით, ბ. მ-ის მიმართ არ გაწეულა სამედიცინო მომსახურება გადაუდებელი ჩვენებით. „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილების დანართი №16 ეთმობა გულის ქირურგიას, რომლის მე–4 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, კარდიოქირურგიული მკურნალობა ფინანსდება ნოზოლოგიური ჯგუფის ფაქტობრივი ღირებულების 70%-ით პროგრამის ხარჯებით, ხოლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა შეადგენდა 30%-ს, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობისა“.

ამავე დადგენილების მე–16 დანართის მე–4 მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობისა და კორონარული ანგიოპლასტიკის კომპონენტების ფარგლებში დაფინანსების დროს პრიორიტეტი ენიჭებოდა გადაუდებელ შემთხვევებს. გეგმიური ჩარევების შემთხვევაში წესდებოდა მომლოდინეთა სია.

დადგენილების მე–16 დანართის მე–5 მუხლის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება გეგმიური ოპერაციების შემთხვევაში ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერით, ხოლო სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაციების შემთხვევაში ანაზღაურება ხდებოდა არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ბ. მ-ე არ ყოფილა რეგისტრირებული მომლოდინეთა სიაში, შესაბამისად, მასზე მატერიალიზებული ვაუჩერი არ გაცემულა (გეგმიური ოპერაციის შემთხვევისათვის).

ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის 77 დადგენილებით დამტკიცდა 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, ხოლო ამავე დადგენილების მე–2 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 442/ნ ბრძანების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამები გაგრძელდა მხოლოდ 2011 წლის პროგრამების ფარგლებში ვაუჩერის პირობებით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე.

შპს „...“ გულის ქირურგიის 2011 წლის პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლად დაფიქსირდა 2011 წლის 6 მაისიდან, მაშინ, როდესაც 2011 წლის აპრილიდან, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები უკვე იყვნენ გამოვლენილნი (შპს „მ...“ და შპს „...“).

შპს „...“ ბ. მ-ისათვის სამედიცინო მომსახურების დასრულების პერიოდში, კერძოდ, 2011 წლის აპრილის თვეში, არ წარმოადგენდა „გულის ქირურგიის“ 2011 წლის პროგრამის მიმწოდებელს. ამდენად, გარდამავალ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით (2010 წლის 31 დეკემბრის 442-ე ბრძანება) თანახმად, ვერ განხორციელდა მისთვის ბ. მ-ის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნული გარემოების შესახებ საერთოდ არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა სააგენტოს მიერ თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 442/ნ ბრძანების თანახმად (პუნქტი 5), რომლითაც განისაზღვრა ჯანმრთელობის დაცვის 2010 წლის პროგრამების უწყვეტად გაგრძენების ღონისძიებები, სსიპ – სოციალურო მომსახურების სააგენტოს მიენიჭა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან, შესაბამისი პროგრამების ფარგლებში მხოლოდ 2010 წელს შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის დაფინანსების უფლება.

„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 თებერვლის 77 დადგენილებით არ იქნა გათვალისწინებული 2010 წლის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2011 წლის გარდამავალ პერიოდში გაწეული მომსახურების დაფინანსების პირობები.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის 492-ე დადგენილებით, რომლითაც განისაზღვრა ჯანმრთელობის დაცვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამების უწყვეტობის დროებითი ღონისძიებები, სააგენტოს მიეცა უფლება, 2012 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან დაეფინანსებინა მხოლოდ 2011 წლის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილი ან ამავე წლის განმავლობაში სადავოდ კვალიფიცირებული შემთხვევები.

ანალოგიურად არის გადაწყვეტილი 2012 წლის შესაბამისი პროგრამების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების 2013 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან დაფინანსების საკითხი საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის 482 დადგენილებით, რომლითაც გრძელდება 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე მხარეს 2016 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე მოსთხოვა ცნობის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ პაციენტს მკურნალობა ჩაუტარდა გადაუდებელი ჩვენებით.

სწორედ მას შემდეგ იქნა წრმოდგენილი საქმეში შპს „...“ 2016 წლის 17 ნოემბრის №88/07 ცნობა, რომელზეც საუბარია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. თუმცა სასამართლოს შეფასების გარეშე დარჩა ის გარემოება, რომ სააგენტოს მხრიდან, კლინიკისათვის მკურნალობის თანხების ანაზღაურებაზე უარი, განპირობებული იყო სწორედ იმ გარემოებით, რომ დაწესებულების მიერ ვერ იქნა თავის დროზე წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა სამედიცინო ჩარევას გადაუდებელი ჩვენებით. ასევე სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ასეთი მტკიცებულების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთვევაში საქმეში დაცული „სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმ-ით №IV-100/ა“, ცნობა №1496 (ს.ფ. 138-139) დგინდება, რომ ბ. მ-ე შპს „...“ 2011 წლის 23 მარტს შევიდა ჩივილით - მკერდის ძვლის უკან მოჭერითი ხასიათის ტკივილით. ადეკვატური მედიკამენტური თერაპიის ფონზე პაციენტს რეფრაქტერული სტენოკარდია დაუდგინდა. 2011 წლის 23 მარტს კარდიოქირურგიული კონსილიუმის საფუძველზე, ობიექტური და სუბიექტური მონაცემების გათვალისწინებით ბ. მ-ეს სასწრაფო კორონალური შუნტირების რეკომენდაცია მიეცა სასიცოცხლო ჩვენებით. 2011 წლის 24 მარტს ბ. მ-ეს კორონალური შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია მიმდინარეობდა გართულებების გარეშე. პოსტოპერაციულ პერიოდში გართულებებს ადგილი არ ჰქონია და პაციენტი სტაციონარიდან ოპერაციიდან მე-8 დღეს გაეწერა. №1496 ცნობაში მითითებული გარემოება, რომლის თანახმად, ბ. მ-ეს სასწრაფო კორონარული შუნტირების რეკომენდაცია მიეცა სასიცოცხლო ჩვენებით ადასტურებდა, რომ პაციენტს გაეწია გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობა. აღნიშნული ასევე დასტურდება შპს „...“ 2016 წლის 17 ნოემბრის N88/07 ცნობით, რომლის თანახმად, ბ. მ-ისათვის შპს „...“ 23.03.2011-01.04.2011წწ-ში გაწეული სამედიცინო მომსახურეობა, კერძოდ, ჩატარებული კორონარული შუნტირების ოპერაცია მიეკუთვნება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების სახეს. ამდენად, როგორც პირველ ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამრათლოებში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, ბ. მ-ისათვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნულ საკითხზე კასატორის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობა.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე