საქმე№ბს-204-202(კ-17) 30 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები: დ. თ-ი, თ. ო-ი, ზ. ო-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. თ-მა, თ. ო-მა, ზ. ო-მა 2015 წლის 01 აპრილს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებების №203; №204; №205 ბათილად ცნობა, მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა, მოპასუხისთვის დ. თ-ის სასარგებლოდ 2014 წლის თებერვლის თვიდან და თ. და ზ. ო-ების სასარგებლოდ 2015 წლის თებერვლის თვიდან სასასამრთლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე არსებული თანხის ოდენობით სარგოს დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების დ. თ-ის, თ. ო-ისა და ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 16 თებერვლის №203 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. თ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 16 თებერვლის №204 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. ო-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 16 თებერვლის №205 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. ო-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით; დანაჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორმა კასაციის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებები: სამინისტროს მიერ სადავო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა ნამსჯელი იმ ფაქტობრივ უსწორობებზე და სამართლებრივ გარემოებეზე, რაც იძლეოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს, ასეთი გარემოებების მრავლად არსებობის მიუხედავად მოსარჩელის მიმართ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2013 წლის 7 ნოემბერს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია დ. თ-ის, თ. ო-ის და ზ. ო-ის 2008 წლის აგვისტოს ომამდე ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტის თაობაზე. 2014 წლის 30 ივნისის საპასუხო წერილით, რომელსაც თან ერთვოდა მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 18 ივნისის №666 დასკვნა დადგინდა, რომ დ. თ-ი, თ. ო-ი და ზ. ო-ი 2008 წლამდე არ წარმოადენდნენ ახალგორში მუდმივად მცხოვრებ პირებს; მსგავსი კატეგორიის დავებზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც განმარტავს ( საქმე №ბს-1227-1213(კ-11) 01.01.2012წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება), რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დრობით, არამედ მუდმივად უნდა ცხოვრობდეს და მასთან აკავშირებდეს გარკვეული უფლებები და მოვალეობები, აღნიშნული კი დგინდება გარკვეული სახის მტკიცებულებებით და არა რეგისტრაციის ფაქტით. ამიტომ კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სამინისტროს უნდა შეეფასებინა დ. თ-ის 1995 წლიდან რეგისტრაციის ფაქტი სოფელ … მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და ამ ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ №ბს-1896-1849(კ-10) და №ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ურთიერთსაწინააღმდეგო ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2009 წლის 12 ივნისის №80 ცნობაზე და და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნებზე, რომელთა თანახმადაც, ერთის მხრივ დ. თ-ი რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამდე (2008 წ. 6 აგვისტო) ნამდვილად იყო … მუდმივად მაცხოვრებელი პირი, მეორეს მხრივ კი,როგორც დ. თ-თან, ისე თ. და ზ. ო-ებთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო შეფასება უნდა მისცეს საქმეში წარმოდგენილ ურთიერთსაწინააღმდეგო მტიცებულებებს (ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის წერილი/ცნობა) და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა დაადგინოს ახალგორის მუნიციპალიტეტის, სოფელ … დ. თ-ის, თ. ო-ისა და ზ. ო-ის მუდმივად ცხოვრება/არ ცხოვრების ფაქტი.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე