ბს-268-266(კ-17) 11 მაისი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ხ-ამ 23.02.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ მოპასუხის 22.01.2016წ. N553 ბრძანების ბათილად ცნობის და ლ. ხ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.06.2016წ. გადაწყვეტილებით ლ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ლ. ხ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 22.01.2016წ. N553 ბრძანება და სამინისტროს დაევალა ლ. ხ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2017წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ლ. ხ-ას, წარმოდგენილი ინფორმაციისა და დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 8 ქულა. მონიტორინგის შედეგად კომისიაზე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ლ. ხ-ას დააკლდა 0,5 ქულა და განესაზღვრა 7,5 ქულა, რაც არ იყო საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აღნიშნულ ეტაპზე ბინებით დაკმაყოფილდნენ ოჯახები, რომელთაც ჰქონდათ 9 და მეტი ქულა. დევნილის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ლ. ხ-ას დაემატა 2 ქულა და საერთო რაოდენობამ შეადგინა 9,5 ქულა. აღნიშნულის გათვალისწინებით მას ეცნობა, რომ განაცხადი განმეორებით განიხილება. სასამართლომ მართებულად მიუთითა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სახელმწიფო არსებული ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით, პირველ რიგში იმ დევნილებს აკმაყოფილებს, რომლებიც განსაკუთრებით შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან, რითაც სხვა დევნილები არ კარგავენ უფლებას განმეორებით მიმართონ სამინისტროს ფართების დაკმაყოფილების მოთხოვნით მომდევნო ეტაპებზე.
კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ დამატებით წარმოადგინონ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დაკუმენტი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულაზე. აქედან გამომდინარე, ლ. ხ-ას ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც სამინისტროში შემოვიდა 20.10.2015წ. და რომლის საფუძველზეც მას დამატებით მიენიჭა 2 ქულა, წარმოდგენილია ვადის დარღვევით, რის გამოც საკითხის განხილვისას ვერ იქნა გათვალისწინებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ. ხ-ას საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარს საფუძვლად დაედო ქულათა არასაკმარისი ოდენობა, კერძოდ ლ. ხ-ას ოჯახს მიენიჭა 7,5 ქულა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ბინები განაწილდა იმ დევნილ ოჯახებზე, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 9 და მეტი ქულა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო აქტის გამოცემისას ორგანოს მიერ არ იქნა დადგენილი და შეფასებული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც უკავშირდებოდა ლ. ხ-ას მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 21.03.2016წ. №01-02/06-2784 საინფორმაციო ბარათის თანახმად, ლ. ხ-ას მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე წინასწარი შეფასებით მინიჭებულმა ქულამ შეადგინა 9.5 (ტ.1.ს.ფ.53-54), ამდენად, სადავო აქტის გამოცემისას ლ. ხ-ას გააჩნდა საკმარისი ქულა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ლ. ხ-ამ დამატებითი დოკუმენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა სადავო აქტის გამოცემამდე. ადმინისტრაციის მიერ სამინისტროსათვის წერილის მოგვიანებით გადაგზავნა არ შეიძლება გახდეს მხარის უფლების შელახვის საფძველი.
ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა სამინისტროს არ დააკისრეს საცხოვრებელი ფართით ყველა დევნილის ერთდროული უზრუნველყოფა, არ უარყვეს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის პერიოდულობა, დავა შეეხებოდა კონკრეტულად ლ. ხ-ას განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, რა დროსაც დადგინდა ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა არასრულად გამოკვლევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე