Facebook Twitter

#ბს-173-171(კ-17) 11 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 23 დეკემბერს ლ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის, ს. ჯ-ას, ა. ჯ-ას და სი. ჯ-ას მიმართ.

მოსარჩელემ სი. ჯ-ას, ა. ჯ-ას და ს. ჯ-ას სახელზე უძრავი ნივთის (მდებარე: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი 4800 კვ.მ, საკადასტრო კოდი ...) აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 25 სექტემბრის #882014499270 გადაწყვეტილებისა და სადავო უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სი. ჯ-ას (პ/ნ ...), ა. ჯ-ას (პ/ნ ...) და ს. ჯ-ას (პ/ნ ...) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: წყალტუბო, სოფელი ... (საკადასტრო კოდი: ..., დაზუსტებული ფართობი 4800,00 კვ.მ, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი 01-143კვ.მ. საერთო ფართი 204,40 კვ.მ #02-87კვ.მ, საერთო ფართი 71,05 კვ.მ, #03-75კვ.მ), ყადაღის დადება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ლ. ჯ-ას განცხადება დაკმაყოფილდა: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ს. ჯ-ას (პ/ნ ...), ა. ჯ-ას (პ/ნ ...) და სი. ჯ-ას (პ/ნ ...) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: წყალტუბოს რაიონი, სოფელ ... (საკადსატრო კოდი #...); აეკრძალათ მოპასუხეებს: ს. ჯ-ას (პ/ნ ...), ა. ჯ-ას (პ/ნ ...) და სი. ჯ-ას (პ/ნ ...) უძრავ ქონებიდან, მდებარე: წყალტუბოს რაიონი, სოფელ ... (საკადსატრო კოდი #...), მოსარჩელე ლ. ჯ-ას გამოსახლება.

2015 წლის 27 თებერვალს ლ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის, ს. ჯ-ას, ა. ჯ-ას და სი. ჯ-ას მიმართ.

მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის #20368 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 დეკემბრის #882014670807-03 გადაწყვეტილების და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის #882014670807-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განჩნებით აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც - სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ს. ჯ-ას (პ/ნ ...), ა. ჯ-ას (პ/ნ ...) და სი. ჯ-ას (პ/ნ ...) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე წყალტუბოს რაიონი, სოფელ ... (საკადსატრო კოდი #...) და აეკრძალათ მოპასუხეებს: ს. ჯ-ას (პ/ნ ...), ა. ჯ-ას (პ/ნ ...) და სი. ჯ-ას (პ/ნ ...) უძრავ ქონებიდან მდებარე წყალტუბოს რაიონი, სოფელ ... (საკადსატრო კოდი #...), მოსარჩელე ლ. ჯ-ას გამოსახლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ლ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე, არასწორად განმარტა და არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ შეამოწმა მოპასუხის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა და შემხებლობა რეგისტრაციის საგანთან მაშინ, როცა 1992 წელს გაცემული მიღება-ჩაბარების #119 აქტის შედგენისას გამოყენებულია ც. ჯ-ას სარეგისტრაციო დოკუმენტი. კასატორის მითითებით, ც. ჯ-ას მიღება-ჩაბარების აქტი რეგისტრაციისთვის ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან საარქივო ცნობაში ც. ჯ-ა არ არის მითითებული კომლის წევრად და კომლის უფროსი არის სა.(ი.) ჯ-ა. კასატორის მითითებით, მაშინ, როცა მიღება-ჩაბარების #119 აქტის საფუძველზე განხორციელებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არის სადავო, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა რეგისტრაცია არის თუ არა კანონიერი, რაც სასამართლოს არ შეუსწავლია და არ დაუდგენია.

კასატორის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთზე პირველადი რეგისტრაცია გაკეთებული ჰქონდა მის მეუღლეს - ჯ. ჭ-ს, მაგრამ გარდაცვლილი ჯ. ჭ-ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების დროს (2000 წელს) მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული სიტუაციური ნახაზებით და სისტემური ინვენტარიზაციის მასალებით (ს.ფ. 286-291, 301) დადგენილია, რომ ჯ. ჭ-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რიცხული 1490.79 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე წყალტუბო, სოფელი ... (ს/კ ...) და ს. ჯ-ას, ა. ჯ-ას და სი. ჯ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (ს/კ ...) სხვადასხვა საკადასტრო კოდის ქვეშაა მოქცეული და მათ ზედდება არ აქვთ (სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარეობს).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

განსახილველ შემთხვევაში კასატორმა (მოსარჩელემ) ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო გადაწყვეტილებით სწორედ მის საკუთრებაში არსებული მიწა დარეგისტრირდა მოპასუხეთა საკუთრებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარზე თ. ჭ-ს 2017 წლის 23 მარტს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. ჯ-ას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

3. ლ. ჯ-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ჭ-ის მიერ 2017 წლის 23 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი