#820310014464877
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-214-210(კ-15) 10 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა, გ. და მ. მ-ეების ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ფ-ე; მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური; რ. მ-ე).
2013 წლის 10 ოქტომბერს ა. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ., გ. და რა. მ-ეების მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რ., გ. და რა. მ-ეების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა 469 კვ.მ და 120 კვ.მ. მიწის ნაკვეთების ნაწილში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ფ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ყადაღა დაედო მოპასუხეების - რ., რა. და გ. მ-ეების საკუთრებაში რიცხულ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 469 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...) და 120 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთებს.
მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეებად მიუთითა რ., რა. და გ. მ-ეები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ... თმის რწმუნებული.
მოსარჩელემ თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა ... საბჭოთა მეურნეობის დირექტორის მიერ 1990 წლის 27 ნოემბერს დამტკიცებული #36 მიზომვის აქტის, ... მეურნეობის მიწათმომწყობი კომისიის სიტუაციური დათვალიერების გეგმის, ... საბჭოთა მეურნეობის დირექტორის 1990 წლის 22 ნოემბრის #2, 1997 წლის 16 იანვრის #2 და 1997 წლის 24 აპრილის #5 ბრძანებების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის საოქმო განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის განსახილველად დაშვებაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა რ., რა. და გ. მ-ეების კუთვნილ უძრავ ქონებას.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ფ-ემ, რომელმაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა ასევე მოითხოვა რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინებების გაუქმება, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ა. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და 2014 წლის 19 მაისის საოქმო განჩინება; საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; ა. ფ-ის მოთხოვნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ., გ. და მ. მ-ეებმა, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით რ., გ. და მ. მ-ეების საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, რამდენადაც რ., გ. და მ. მ-ეების საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა ჯ. ქ-ი, მაგრამ საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო მხოლოდ რ. მ-ის მიერ ჯ. ქ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა.
გარდა აღნიშნულისა, მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარედ დასახელებულნი იყვნენ რ., გ. და რა. მ-ეები, ხოლო საკასაციო საჩივარში ერთ-ერთ კასატორად მითითებული იყო მ. მ-ე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინებაში მიეთითა, რომ ასევე უნდა დაზუსტებულიყო კასატორთა ვინაობა. ამასთან, საკასაციო საჩივარში არასწორად იყო მითითებული გასაჩივრებული განჩინების რეკვიზიტები. ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით კასატორებს - რ., გ. და მ. მ-ეებს დაევალათ ხარვეზის შესახებ მითითბული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება და საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჯ. ქ-ის სახელზე გაცემული სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობის ან უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა; კასატორთა ვინაობის დაზუსტება, გასაჩივრებული განჩინების ზუსტი რეკვიზიტების მითითება და საკასაციო სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანის წარმოდგენა. ამასთან, კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2015 წლის 1 ივნისს ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოს მომართა რ. მ-ის წარმომადგენელმა - ჯ. ქ-მა, რომელმაც წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და რ. მ-ის მიერ ჯ. ქ-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. და მ. მ-ეების ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინების ასლი კასატორების - გ. და მ. მ-ეებისათვის გაგზავნილი განჩინების შემცველი გზავნილი ადრესატებისათვის გადასაცემად 2015 წლის 25 მაისს ჩაბარდა გ. მ-ის მეუღლეს და მ. მ-ის მამას - რ. მ-ეს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2015 წლის 26 მაისიდან უნდა დაწყებულიყო და საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2015 წლის 4 ივნისს 24 საათზე იწურებოდა. კასატორებმა - გ. და მ. მ-ეებმა მათთვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსეს ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ დავაში მ. მ-ე მხარედ არ მონაწილეობდა. აღნიშნულის მიუხედავად, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში ერთ-ერთ კასატორად მითითებული იყო მ. მ-ე. საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინების მითითების მიუხედავად, არ იქნა დაზუსტებული კასაციის სუბიექტთა წრე.
ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მომართა მხოლოდ რ. მ-ის წარმომადგენელმა - ჯ. ქ-მა, რომელმაც წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ქვითარი და რ. მ-ის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი მინდობილობა, რაც დაცული იყო საქმის მასალებში, ხოლო გ. და მ. მ-ეების მიერ ჯ. ქ-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი და ასეთი არც საქმის მასალებში იყო დაცული.
აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც გ. და მ. მ-ეებს საკასაციო სასამართლოსათვის ხარვეზის შევსების მიზნით არ მოუმართავთ, ხოლო მ. მ-ე არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის შემტან სუბიექტს წარმოადგენს, მითითებულ პირთა ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. და მ. მ-ეების ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე