ბს-205-203(კ-17) 22 ივნისი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2016წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.ლ-ემ 01.10.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ა. ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის მიმართ და მოითხოვა სსიპ თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის დარგობრივი საფაკულტეტო კომისიის 19.08.2014 წ. სხდომის ოქმის №6 ბათილად ცნობა ლ. ლ-ის მიმართ ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის ნაწილში.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე. გ-ი და თ. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2016წ. გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2016წ. განჩინებით ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ლ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს სადავო აქტის კანონიერების განხილვისას საკუთარი ინიციატივით უნდა შეემოწმებინა ქვეყანაში მოქმედ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობა. რეალურად მოსარჩელე ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას სწორედ დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძვლით, სადავო აქტის გამოცემით მოხდა თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დარღვევა, რასაც შრომითი უფლებების დარღვევა მოჰყვა. სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუცია, შრომის კოდექსი, ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი და სადავო ურთიერთობასთან დაკავშირებით მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებული შრომის უფლება თავის მნიშვნელობით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებათან. კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. მე-16 მუხლის თანახმად კი, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო აქტებითა (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი) და ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის მე-10 მუხლის მოქმედება ვრცელდება არა მხოლოდ ისეთ ინფორმაციასა და იდეებზე, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება, არამედ ისეთებზეც, რომლებიც თავისი არსით შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელია (Lingens v. Austria, 08.07.1986, N9815/82). ის პირები, რომლებიც ქმნიან, ასრულებენ ან გამოფენენ ხელოვნების ნიმუშებს ხელს უწყობენ იდეებისა და მოსაზრებების გაცვლას, რაც სასიცოცხლოა დემოკრატიული საზოგადოებისათვის (Muller and Others v. Switzerland, 24.05.1988, N 10737/84 ), ამასთანავე,აუცილებელია პლურალიზმის დაცვა განათლებაში (Kjeldsen, Busk Madsen and Pedersen v. Denmark, 07.12.1973, N 5095/71; 5920/72; 5926/72).
ლ. ლ-ეს მიაჩნია, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა კომისიის წევრთაგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. კასატორი მიიჩნევს რომ სადავო აქტით დაირღვა მისი საქმიანობის საყოველთაო თავისუფლების უფლება, შრომის უფლება, აზრისა და სინდისის თავისუფლება, თანასწორობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლება. იგი იდევნება კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა მიერ, რადგან აქვს განსხვავებული შეხედულებები სწავლასა და სწავლებაზე. ეს შეხედულებები კანონის და სტანდარტის შესაბამისია, მაგრამ განსხვავდება კომისიის წევრთა შეხედულებებისაგნ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. მართებულია კასატორის მითითება შრომის, თანასწორობის, განათლების და გამოხატვის უფლების ეროვნული და საერთაშორიო ნორმებით დაცვის შესახებ, თუმცა საკასაციო საჩივარი შედგება მხოლოდ ნორმების ციტირებისაგან, საჩივარი არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ ციტირებული ნორმების გამოყენების კონკრეტულ არგუმენტაციას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს კასატორის მიერ მითითებული გადაწყვეტილებები მოცემულ დავასთან მიმართებით არარელევანტურია, რადგან გადაწყვეტილებებში საუბარია გამოხატვის თავისუფლების, რელიგიის პატივისცემის, განათლების უფლების მნიშვნელობაზე, მათი დაცვის ფარგლებზე, ურთიერთმიმართების სტანდარტებზე და სხვ.. განსახილველ შემთხვევაში დავა შრომით-სამართლებრივია, გასაჩივრებულია კომისიის გადაწყვეტილება ლ. ლ-ისათვის აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის შესახებ. კომისიამ სადავო აქტით აღიარა ლ. ლ-ის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა, თუმცა აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნად უპირატესობა მიანიჭა სხვა კანდიდატებს, რის საფუძვლადაც მიუთითა, რომ ლ. ლ-ე ხშირად ქმნიდა არაჯანსაღ, სასწავლო პროცესისათვის შეუსაბამო გარემოს, ახასიათებდა არაკოლეგიური ქცევა.
თსსა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 24.06.2014წ. ბრძანებით დამტკიცებული „თსსა ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის“ 2.1 მუხლის თანახმად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არ შეიძლება შეფასებულ იქნეს როგორც პრეტენდენტთაგან საუკეთესო ხელოვანის, მეცნიერის ან პედაგოგის გამოვლენა, რამეთუ მხოლოდ ამ ტიპის შეფასება არ წარმოადგენს კომისიის მიზანს. თანამდებობაზე განწესების პროცესში მიღებული გადაწყვეტილება, ზოგადად, ემყარება ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. სუბიექტურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხის დასაბუთებისა და შემდგომში ამ დასაბუთების გადამოწმების ინტენსივობის ხარისხი შემცირებულია. ამ ნაწილში განსაკუთრებით მაღალია გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის დისკრეცია და იკლებს დასაბუთებულობის მოთხოვნაც. კანდიდატის პიროვნული მახასიათებლების შეფასება მეტწილად სუბიექტურია და, შესაძლებელია, ერთი და იმავე კანდიდატთან დაკავშირებით სხვადასხვა ობიექტურ შემფასებელს სხვადასხვა შეფასება ჰქონდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტა ემყარება გარკვეულ ობიექტურ, ახსნად დასკვნებს, ობიექტურ ფაქტორებს, რამაც ესა თუ ის სუბიექტური შეფასება განაპირობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.04.2017წ. N3/2/717 გადაწყვეტილება, პარ.23,24,25).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ამოწმებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას. კომისიის წევრები არ უარყოფენ ლ. ლ-ის და კონკურსში გამარჯვებულთა პროფესიონალიზმს ანუ იმ გარემოებას, რისი შემოწმებაც სასამართლოს ობიექტურად შეუძლია. რაც შეეხება გადაწყვეტილების გამოცემის სუბიექტურ საფუძვლებსა და მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, აღნიშნული კომისიის დისკრეციის სფეროს შეადგენს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კასატორი თავადვე არაერთ ახსნა-განმარტებაში ადასტურებს თანამშრომლების ნაწილთან კონფლიქტურ ურთიერთობებს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამა არის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები (1-ლი მუხ. ჰ5 ქვ.პ.). სწორედ არსებული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების შედეგად იღებს დაწესებულება აკრედიტაციას (66.1 მუხ.). ამდენად, საფუძვლიანად უნდა იქნეს მიჩნეული დაწესებულების მოთხოვნა საგანმანათლებლო პროგრამის ზედმიწევნით დაცვის შესახებ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე ლ. ლ-ის სარჩელის საფუძვლებზე, მოსარჩელე არ უთითებს დისკრიმინაციული მოპყრობის, მისი არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ, ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება ლ. ლ-ის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდაზე, რაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში არ დაიშვება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ლ. ლ-ე ვერ ადასტურებს კონკურსის პროცედურული წესების დარღვევით ჩატარებასა და გამარჯვებული კანდიდატების დაკავებულ თანამდებობებთან შეუსაბამობას, არ დასტურდება შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, ლ. ლ-ეს (პ.ნ. ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.02.2017წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, როგორც შეცდომით გადახდილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2016წ. განჩინება;
3. ლ. ლ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.02.2017წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე