ბს-217-215(კ-17) 01 ივნისი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. თ-ემ 23.07.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ მოპასუხისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.01.2015წ. გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით. სარჩელის დაზუსტების შემდეგ ზ. თ-ემ მოითხოვა: აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.01.2015წ. განჩინების საფუძველზე ნოტარიუს ე. შ-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი თანხიდან - 10 087 აშშ დოლარიდან 6 083 აშშ დოლარზე სააღსრულებო წარმოების გაგრძელების დავალება, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 15.10.2014წ. და 18.03.2015წ. ქმედებების უკანონოდ ცნობა, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მატერიალური ზიანის - 3300 ლარის ანაზღაურების დაკისრება. მოპასუხეებად მიეთითნენ: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.05.2016წ.წ. გადაწყვეტილებით ზ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2016წ. განჩინებით ზ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ზ. თ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2016წ. განჩინებით ზ. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.07.2016წ. განჩინება და საქმე ზ. თ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2017წ. განჩინებით ზ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. თ-ემ.
კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა აღსრულების შეჩერების საფუძველი, პირველ შემთხვევაში აღნიშნული განხორციელდა გაყალბებული სააღსრულებო ფურცლის, ხოლო მეორე შემთხვევაში აღმასრულების კანონშეუსაბამო ქმედების საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის სიყალბე გამოიხატება იმაში, რომ კრედიტორად მითითებულია სააღსრულებო წარმოების მოვალე, ხოლო მოვალედ - ზ. თ-ე. სასამართლოებმა არასწორად განმარტეს კანონი და შედეგად მართლზომიერად მიიჩნიეს ძალაში მყოფი სააღსრულებო ფურცლის აღუსრულებლობა, რაც კანონსაწინააღმდეგოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
არასწორია კასატორის მოსაზრება სააღსრულებო წარმოების შეჩერების არამართლზომიერების შესახებ, რადგან პირველ შემთხვევაში შეჩერება განხორციელდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლო განჩინების, ამ განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის, ხოლო მეორე შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის საფუძველზე. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება სააღსრულებო ფურცლის კანონშესაბამისად გამოცემის შესახებ, რადგან მართალია კრედიტორ ზ. თ-ის სასარგებლოდ მიმდინარე სააღსრულებო წარმოებაში მოვალეა დ. ღ-ე, თუმცა განსახილველ შემთხვევაში 24.09.2014წ. სააღსრულებო ფურცლის შეჩერება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, გამოყენებულ იქნა დ.ღ-ის მიერ მოპასუხე ზ. თ-ის მიმართ წარდგენილი სარჩელის ფარგლებში, ამდენად, უზრნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ 07.10.2014წ. განჩინებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მართებულია კრედიტორად დ. ღ-ის მითითება, რადგან სწორედ მის სასარგებლოდ განხორციელდა 24.09.2014წ. სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება.
ამასთანავე, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება სააღსრულებო წარმოების განხორციელებისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.01.2015წ. განჩინების განმარტების საჭიროება, რადგან სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში მყოფი 17.11.2015წ. განჩინებით დადასტურდა განსამარტი განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების შეჩერებას. ამდენად, კასატორის მოსაზრება განმარტების საჭიროების არარსებობის და ამ საფუძვლით სააღსრულებო წარმოების შეჩერების არამართლზომიერების შესახებ მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე