ბს-220-218(კ-17) 01 ივნისი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ც-მა 02.10.2015წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სს „...“ მიმართ. გ.ც-მა სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 12.11.2009წ. №2-16/163 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 19.11.2009წ. №882009368944-03 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 07.08.2015 წ. №882015436069-03 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 08.09.2015 წ. №882015436069-04 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.09.2015 წ. №237375 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 12.10.2015წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“
02.11.2015წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე გ. ც-მა იშუამდგომლა, რომ სარჩელში დასახელებული მოთხოვნები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული
უძრავი ქონების სს ,,...’’ კაპიტალში შეტანის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31.07.2012 წ. №1-1/1595 ბრძანების, უძრავ ნივთზე სს ,,...’’ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 28.08.2012წ. №882012422843-03 გადაწყვეტილების, სს ,,...’’, როგორც პარტნიორის 22.08.2012 წ. №D127-PR-35 გადაწყვეტილების, უძრავ ნივთზე შპს ,,პ...’’ (ამჟამად შპს ,,...’’) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წ. №882012949646-03 გადაწყვეტილების, შპს ,,…’’ კაპიტალში ცვლილების შესახებ სს ,,...’’ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის 03.07.2015 წ. №01-18 ბრძანების და იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.2015 წ. №882015383925-03 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე განხილულ იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სასამართლოს 02.11.2015წ. განჩინებით გ. ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აღნიშნული მოთხოვნები გამოიყო ცალკე წარმოებად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად, სამოქალაქო წესით გამოყოფილი მოთხოვნების ნაწილში შეჩერდა საქმის წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 24.03.2016წ. განჩინებით მოპასუხე სს „...“ შეეცვალა საპროცესო სტატუსი და საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად (სასკ-ის 16.2 მუხ.).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 16.06.2016წ. გადაწყვეტილებით გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 12.11.2009 წ. №2-16/163 მიმართვა, უძრავი ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 19.11.2009 წ. №882009368944-03 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 07.08.2015 წ. №882015436069-03 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 09.09.2015 წ. №882015436069-04 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.09.2015წ. №237375 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 06.07.2016წ. განჩინებით გასწორდა 16.06.2016წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გადაწყვეტილების 1.4 და 1.5 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „1.4. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 08.09.2015 წ. №882015436069-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 1.5. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.09.2015 წ. №237375 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2016წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
კასატორი დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას მიღება-ჩაბარების აქტის უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნევის ნაწილში, თუმცა მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენისას სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გ. ც-ისათვის მიღება-ჩაბარების აქტით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია, ნაკვეთების იდენტურობის დადგენის შეუძლებლობაზე მიუთითებს საჯარო რეესტრიც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიჩნევს კასატორის მითითებას გ. ც-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენის შეუძლებლობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ როგორც საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ისე მოწმეთა ჩვენებებით, ფოტოსურათებით, მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული ნაკვეთის მოსაზღვრეების და კონფიგურაციის გათვალისწინებით, დგინდება გ. ც-ის მიწის ნაკვეთის კონკრეტული მდებარეობა. ის, რომ მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემისას საკადასტრო-აზომვითი ნახაზი არ შედგენილა ელექტრონული ფორმით, UTM პროექციაში, არ ადასტურებს ნაკვეთის მდებარეობის დადგენის შეუძლებლობას.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სადავო აქტების გამოცემისას საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევის შესახებ და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე რეესტრს უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. ამასთანავე, რეესტრის აღნიშნული ვალდებულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ ათავისუფლებს სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების მოთხოვნით მიმართვის საჯარო რეესტრისათვის გაგზავნამდე საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევისაგან. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება გასაჩივრებულ ნაწილში სადავო აქტების არამართლზომიერების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე