#ბს-221-219(კ-17) 22 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 10 თებერვალს ზ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 იანვრის #129 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ზ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სადავო უძრავი ქონება (მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქ. #80 (ყოფილი #92) დაზუსტებული ფართობით 384 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი #1-292.59 კვ.მ) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მის სახელზე, სადავო მშენებლობა ტექ.ბიუროს მონაცემებით ნაწარმოებია გასული საუკუნის 70-80 წლებში, რაც ასევე დადგენილ იქნა სასამართლოების მიერ.
კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემისას ობიექტურად უნდა შეეფასებინა საქმის გარემოებები, მით უფრო იმ დროს, როდესაც მის მიერ წარდგენილ იქნა ტექბიუროდან ამოღებული ყველა დოკუმენტი რაც იძლეოდა სადავო შენობის ლეგალიზების შესაძლებლობას, რადგან დადასტურებულ იქნა, რომ სადავო მშენებლობა ნაწარმოები იყო 70-80 წლებში.
კასატორის მითითებით, სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ყველა მტკიცებულება, რის გამოც ვერ განხორციელდა ზ. ვ-ის მიერ მშენებლობის მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა (ლეგალიზება), აღნიშნული პროცესი ჩათვალა დენად სამართალდარღვევად, რაც არასწორია, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადასტურდა ის ფაქტი, რომ 2012 წელს მის მიერ იქნა აღდგენილი მემკვიდრეობა მამის დანაშთ სამკვიდროზე (საცხოვრებელ სახლზე), რეგისტრაციისას დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, რომლის გასწორებაც ვერ მოხერხდა 2016 წლის 7 აპრილამდე უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის გამო. მოპასუხე ქუთაისის მერიის მიერ სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტზე შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გასაჩივრდა და საბოლოოდ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა არა სახელმწიფო ან თვითმმართველობის საკუთრებას, არამედ იყო ზ. ვ-ის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. სადავო მიშენება სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ვ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 იანვრის #129 ბრძანების კანონიერება, რომლითაც ზ. ვ-ე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად დაჯარიმდა 3000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 5 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ზ. ვ-ის მიმართ შედგა მითითება #7721/01, რომლის თანახმად ქ.ქუთაისში, ... ქუჩა #80-ში, მოქალაქე ზ. ვ-ემ აწარმოა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია. დარღვევის გამოსწორებისათვის ზ. ვ-ეს განესაზღვრა ხუთი დღე; 2015 წლის 26 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ზ. ვ-ის მიმართ შედგა შემოწმების აქტი #7721/01, რომლის თანახმად ქ. ქუთაისში, ... ქუჩა #80-ში, მოქალაქე ზ. ვ-ემ აწარმოა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია. ზ. ვ-ის მიერ არ შესრულდა 2015 წლის 5 ოქტომბრის მითითება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი ქუთაისი, ... ქუჩა #80 (ყოფ. #92), დაზუსტებული ფართობი 384 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1 – 292,59 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ. ვ-ის სახელზე. სადავო მშენებლობა ტექბიუროს მონაცემების თანახმად, ნაწარმოებია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-80 წლებში. საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის ავტოქარხნის სახალხო და დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ვ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი სახლის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარებაზე, ვინაიდან ტექ.აღრიცხვის ბიუროს მასალებით საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ ნაწარმოები რეკონსტრუქციები ტექ.აღრიცხვის ბიუროს მასალებით აღრიცხულია 1974 წლის შემდეგ. საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის ბარათით ირკვევა, რომ ა. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სახლი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ ზ. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლზე რეკონსტრუქცია ნაწარმოებია სათანადო ნებართვის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ზ. ვ-ის დაჯარიმების საფუძველი. ამასთან, დავას არც ის გარემოება იწვევს, რომ დღეის მდგომარეობითაც სახეზეა სამართალდარღვევა.
ამდენად, არ დასტურდება სადავო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების უკანონობა; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მასზე და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. ზ. ვ-ეს არ გააჩნდა საცხოვრებელი სახლზე რეკონსტრუქციის განხორციელების ნებართვა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი მიწერილობით განსაზღვრული მოთხოვნები, შესაბამისად, არსებობდა სამართალდამრღვევის დაჯარიმების საფუძველი. ჩადენილი სამართალდარღვევის გამოსწორების ვალდებულებას კი ზ. ვ-ეს კანონმდებლობა თავისთავად აკისრებდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას. იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. განსახილველ შემთხვევაში სადავო მშენებლობით, ვიდრე იგი არ აღმოიფხვრება, უწყვეტად ირღვევა შესაბამისი კანონმდებლობა და გაგრძელდება მანამ, სანამ სახეზე იქნება სამართალდარღვევა.
აქვე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაჯარიმება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვალდებულებისაგან. ზ. ვ-ეს სამართალდარღვევის გამოსწორება შეეძლო არა მხოლოდ დემონტაჟის გზით, არამედ, უკანონო რეკონსტრუქციის ლეგალიზების გზითაც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი