Facebook Twitter

ბს-224-222(კ-17) 01 ივნისი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-ემ 18.09.2015წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის 21.11.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.05.2016წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის 21.11.2014წ. N14 საოქმო გადაწყვეტილება მ. ბ-ის ნაწილში და კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2016წ. განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.05.2016წ. გადაწყვეტილება, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა .

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 13.02.2014 წ. N5 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, დახმარებას ექვემდებარება დაზარალებული ოჯახები, რომლებსაც ადგილობრივი კომისიების მიერ მინიჭებული აქვთ კატეგორიები მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ხარისხის მიხედვით და არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მ. ბ-ეს საკუთრებაში ერიცხება 125 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, რაც წარმოადგენს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნორმატიულ საფუძველს. დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მიზანი არის თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირებისათვის დახმარების გაწევა. საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შეუძლებლობა არ ქმნის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს, რადგან მესაკუთრემ თვითონ უნდა უზრუნველყოს სარგებლობის ხელშემშლელი გარემოებების აღმოფხვრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ საკუთრებაში ალტერნატიული ფართის არსებობა იმთავითვე არ ქმნის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ორგანომ საკუთრების უფლების არსებობის გარდა უნდა გამოიკვლიოს უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა, კერძოდ, ბინის საცხოვრებლად ვარგისიანობა, სარგებლობის ხელშემშლელი სხვა ობიექტური გარემოებების არსებობა, ასევე მ. ბ-ის ოჯახის შემადგენლობა, ოჯახის წევრთა რაოდენობა და სხვ.. ამასთანავე, მართებულია კასატორის მოსაზრება, რომ სარგებლობის ხელშემშლელი სუბიექტური მიზეზების აღმოფხვრა ფართის მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს.

საკსაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საჭიროების შესახებ და მიიჩნევს, რომ ორგანომ დაინტერესებული პირების წარმოებაში ჩართვითა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების დაცვით უნდა უზრუნველყოს ახალი აქტის მიღება მ. ბ-ის განცხადებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე