Facebook Twitter

ბს-232-230(კ-17) 15 ივნისი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ო. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2016წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ა-ემ 23.06.2015წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13.05.2015წ. N3 საოქმო გადაწყვეტილების, მის საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 25.05.2015წ. გამოცემული N32 ბრძანების ბათილად ცნობა, საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ მოპასუხეთათავის ო. ა-ის კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში შეყვანის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ ჯ. ა-ე და ა. ა-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.05.2016წ. გადაწყვეტილებით ო. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13.05.2015 წ. N3 საოქმო გადაწყვეტილება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 25.05.2015 წ. N32 ბრძანება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ო. ა-ის საკომპენსაციო სიაში შეყვანის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2016წ. გადაწყვეტილებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. ა-ის მიერ.

კასატორმა დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები. ო. ა-ე მიწას თვითნებურად დაეუფლა 90-იანი წლებიდან და უწყვეტად ფლობდა ავტობანის მშენებლობის დაწყებამდე, რაც დაადასტურეს სასამართლო პროცესზე მოწვეულმა მოწმეებმა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ ერთი პირის - საქმის შედეგით დაინტერესებული სოფლის ყოფილი რწმუნებულის ცნობა, რომელიც ფაქტობრივად თავად მიმდინარე დავის მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არის გაცემული. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო. ა-ის მოთხოვნა და დადგინდა, რომ საკრებულოს უარი გამოცემული იყო საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და საჭირო იყო ახალი წარმოების ჩატარება. ორგანომ მართალია ხელახლა ჩაატარა წარმოება, თუმცა ისევ დაუსაბუთებელი აქტი გამოსცა, რაც ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებას. კასატორის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ ამჟამად ნაკვეთის ნაწილი დაჭაობებულია, ნაწილზე გადის ავტობანი და სარგებლობის კვალი არ შეიმჩნევა, არ ადასტურებს, რომ ო. ა-ე ავტობანის მშენებლობამდე არ ფლობდა ნაკვეთს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევის შესახებ, რადგან დასტურდება, რომ კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება, ჩატარდა ზეპირი მოსმენა, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა ადგილზე დათვარიელება. მოწმეთა ჩვენებები იყო წინააღდმეგობრივი, მათი ნაწილი მართალია ადასტურებდა 2011 წლამდე სადავო ნაკვეთის ო. ა-ის მიერ ფლობას, თუმცა მეორე ნაწილი ნაკვეთის მფლობელებად ასახელებდა ჯ. ა-ესა და ა. ა-ეს. კასატორმა, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა საარქივო ცნობები ან სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურდებდა ნაკვეთის ფლობის ფაქტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ო. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, ო. ა-ეს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.04.2017წ. N45 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთიაისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2016წ. გადაწყვეტილება;

3. ო. ა-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.04.2017წ. N45 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი