Facebook Twitter

№ბს-234-232(კ-17) 8 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, მ. ყ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 19 ივნისს მ. ყ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ ქ. ქუთაისში, ... ქ. №3-ში მდებარე ბინა №9-ის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ. ქუთაისში, ... ქ. №3-ში მდებარე ბინა №9-ის ყადაღის დადებისა და უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით მ. ყ-ას სარჩელი და უზრუნველყოფის შესახებ განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით მ. ყ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით - უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით მ. ყ-ს განცხადება დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქუთაისში, ... ქ. №3-ში (ყოფილი ... ქ. №3), სართული 1, ბინა №9, ფართი: 26,16 კვ.მ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განჩინება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი: მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მოითხოვა მოპასუხეებისთვის მისთვის ქუთაისში, ... ქ. №3-ში, მდებარე №9 ბინის საკუთრებაში გადაცემის დავალება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს მთავრობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხედ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და საბოლოოდ მ. ყ-ასთვის ბინით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 28 მარტის №05/01-04/6940 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც იშუამდგომლებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინაშე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავის მხრივ იშუამდგომლოს საქართველოს მთავრობასთან დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტში ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №3, ბინა №9, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის მ. ყ-ასათვის პირდაპირი მიყიდვის გზით სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა საქმეში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩაბმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაება გ. კ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ყ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ყ-ას განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. №3 (ყოფილი ... ქ. №3) სართული 1, ბინა №9, ფართი: 26,16 კვ. მეტრი (საკადასტრო კოდია: ...).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ყ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მ. ყ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ყ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და სამკვიდრო აქტივად მიიჩნია მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება. კასატორის მოსაზრებით, სამკვიდრო აქტივი ასევე არის ის ქონებრივი უფლებაც, რომელიც ლ. ყ-ას წარმოეშვა ბინის გადაცემით. ადმინისტრაციული აქტითა და მასთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით მოხდა მისი, როგორც დევნილის უზრუნველყოფა ბინით, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე წარმოეშვა ქონებრივი უფლებები სადავო ბინასთან დაკავშირებით და უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ფორმალური პროცედურები ბინის საკუთრებაში აღრიცხვისათვის, შესაბამისად, სასამართლოებს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ ლ. ყ-ას არ ჰქონდა ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხული.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი და არასწორად განმარტა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმების და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების მე-2 მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), როდესაც მ. ყ-ა არ მიიჩნია ლ. ყ-ას ოჯახის წევრად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ყ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ყ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია მ. ყ-ასთვის ბინით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 28 მარტის №05/01-04/6940 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც სამინისტრო იშუამდგომლებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინაშე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავის მხრივ იშუამდგომლოს საქართველოს მთავრობასთან დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტში ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №3, ბინა №9, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის მ. ყ-ასათვის პირდაპირი მიყიდვის გზით სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ.

კასატორი დავის საგნისადმი ინტერესს ასაბუთებს იმ საფუძვლით, რომ მისი დედა - ლ. ყ-ა იყო დევნილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მასთან, 2013 წლის 8 ოქტომბერს, გაფორმდა გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართის შეთავაზების აქტი, რომლის თანახმად, ლ. ყ-ამ თანხმობა განაცხადა გრძელვადიანი განსახლების მიზნით მიეღო ბინა, მდებარე ქუთაისში, ... №3, ბინა №9, ერთი ოთახი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2013 წლის 9 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №9. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისში, ... №3-ში მდებარე ბინა №9 გადაეცა ლ. ყ-ას. ლ. ყ-ა გარდაიცვალა 2013 წლის 6 დეკემბერს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ დევნილი პირისათვის ფართის გადაცემა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, ანუ მხოლოდ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილება არ არის საკმარისი დევნილის მიერ ქონების საკუთრებაში მისაღებად. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართოს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ პირს, რათა ამ უკანასკნელმა თავის მხრივ შუამდგომლობა აღძრას საქართველოს მთავრობის წინაშე შესაბამისი განკარგულების გამოცემის მოთხოვნით. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ ლ. ყ-ას მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, ლ. ყ-ას გარდაცვალების გამო, 2014 წლის 28 მარტის №05/01-14/6940 მიმართვით არ იშუამდგომლა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, რათა ამ უკანასკნელს თავის მხრივ შუამდგომლობა აღეძრა საქართველოს მთავრობასთან, ლ. ყ-ასათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ.

„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ლ. ყ-ას ოჯახი იყო ერთსულიანი დევნილი ოჯახი, ლ. ყ-ა დევნილობის პერიოდში თავად ცხოვრობდა შვილის, მ. ყ-ას ოჯახში - ქ. ქუთაისში. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კასატორი მ. ყ-ა არ იყო ლ. ყ-ას ოჯახის წევრი. ის ფაქტი, რომ იგი იყო ლ. ყ-ას შვილი და უვლიდა მას ვერ მიიჩნევა კონკრეტული მიზნებისათვის ოჯახის წევრის ცნების განსაზღვრისათვის.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზარებს კასატორის მოსაზრებას ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის განმარტებასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის - დაცვას ემსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს ნივთზე საკუთრების უფლება წარმოეშობა საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შემდეგ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ყ-ასთვის ქუთაისში, ... №3-ში მდებარე ბინა №9-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება დასრულებული არ იყო, შესაბამისად, იგი აღრიცხულიც არ იყო საჯარო რეესტრში, რის გამოც აღნიშნული ბინა ვერ შევიდოდა სამკვიდროში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ყ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი