Facebook Twitter

#ბს-238-236(კ-17) 8 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 27 ივლისს შპს „....“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 1 მაისის #14476 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 1 მაისის #14476 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, შპს „...“ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, შპს „...“ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობების (რეგლამენტის) მიხედვით 2015 წლის 4 აპრილს უნდა ჩატარებულიყო ვიპ გათამაშება სამორინეს მაგიდებისა და სათამაშო აპარატების სალონის მოთამაშეეებისათვის. პრიზის თანხა განსაზღვრული იყო აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. მითითებულისგან განსხავავებით, წამახალისებელი გათამაშების შედეგების შესახებ შპს „...“ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, გათამაშებულ იქნა საპრიზო თანხა ლარებში.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შეცდომას, ვინაიდან „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად, მე-16 მუხლის მე-2 პუქნტის მიხედვით, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების მიმდინარეობისა და შედგების თაობაზე ინფორმაცია 2 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

კასატორის მითითებით, შემოსავლების მედიაციის საბჭოს მიერ საჩივრის განხილვისას შემოწმდა ყველა ფაქტობრივი გარემოება და ყველა მტკიცებულება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ თამაშობის გამართვა ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად ითვლება და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს ნებართვების გაცემისა და გაუქმების, მათში ცვლილების შეტანის წესსა და პირობებს, კერძოდ: „აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური)“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია კონტროლი დაუწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე და ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შეამოწმოს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მუხლი 7.4).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...“ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) განისაზღვრა 2015 წლის 4 აპრილის ვიპ გათამაშების წესები სამორინეს მაგიდებისა და სათამაშო აპარატების სალონის მოთამაშეებისათვის. კერძოდ, სამორინეს მაგიდებისა და სათამაშო აპარატების სალონის მოთამაშეებისთვის პრიზის გათამაშების საპრიზო ფონდი განისაზღვრა 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტით. დადგინდა პრიზის გათამაშება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში 4 რაუნდად. წესის თანახმად, პრიზის გათამაშების პირველ რაუნდში ღონისძიების წამყვანს აქვს 3 კონვერტი/ყუთი, რომლებშიც განთავსებულია შემდეგი თანხები: ერთ კონვერტში/ყუთში - 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, მეორეში - 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, მესამეში კი - 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი. პრიზის გათამაშების მეორე რაუნდში ღონისძიების წამყვანს აქვს 3 კონვერტი/ყუთი, რომლებშიც განთავსებულია შემდეგი თანხები: ერთ კონვერტში/ყუთში - 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, მეორეში - 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, მესამეში კი - 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი. პრიზის გათამაშების მესამე რაუნდში ღონისძიების წამყვანს აქვს 3 კონვერტი/ყუთი, რომლებშიც განთავსებულია შემდეგი თანხები: ერთ კონვერტში/ყუთში - 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, მეორეში - 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, მესამეში კი -10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი. პრიზის გათამაშების მეოთხე რაუნდში წამყვანი ამოიღებს დოლურიდან ბილეთს, რომლებშიც განთავსებულია შემდეგი თანხა - 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი. გამარჯვებულ ნომერს შეცვლის ახალი, 38-ე ბილეთი, რომელსაც ამოიღებს წამყვანი დოლურიდან, რის შემდეგ სამორინეს თანამშრომელი თავიდან გააკეთებს სპინს და გაათამაშებს 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აპრილის #13403 ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 29 აპრილს განხორციელდა შპს „...“ შემოწმება, რაზეც გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 აპრილის #03-16 შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში მიეთითა, რომ შპს „...“ მიერ წარმოდგენილი წამახალისებელი გათამაშების შედეგების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე დაფიქსირდა, რომ შპს „...“ მიერ 2015 წლის 4 აპრილს ვიპ გათამაშებაში, სამორინეს მაგიდების და სათამაშო აპარატების სალონის მოთამაშეებისთვის გათამაშებულ იქნა საპრიზო თანხა ლარში: 2000; 3000; 4000; 3000; 4000; 6000; 3000; 5000; 10000; 20000; 40000. შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული რეგლამენტის თანახმად კი 2015 წლის 4 აპრილს უნდა გათამაშებულიყო: 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი და 40000 აშშ დოლარის ეკვივალენტი. დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 1 მაისის #14476 ბრძანებით შპს „...“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობის მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის, კერძოდ, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად („ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის“).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის დაჯარიმება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ წამახალისებელი გათამაშების 2015 წლის 4 აპრილის ოქმში დაფიქსირებულია გაცემული საპრიზო თანხა ლარში, ხოლო რეგლამენტით გათვალისწინებული იყო გასაცემი საპრიზო თანხის ოდენობა აშშ დოლარის ექვივალენტით. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, ჯამში გაცემულია 100 000 ლარი, ხოლო რეგლამენტით საპრიზო ფონდი განსაზღვრული იყო 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, აღნიშნული დარღვევა წარმოადგენდა შპს „...“ დაჯარიმების საფუძველს, მაგრამ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოერკვია აღნიშნული გამოწვეული ხომ არ იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომით.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი