#ბს-241-239(კ-17) 22 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 12 თებერვალს ნ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ნ. ა-ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელფასო დანამატის - 810 ლარისა და ინფლაციის თანხის - 272 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ნ. ა-ის სასარგებლოდ ერთი თვის დანამატის - 810 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 810 ლარის გადახდა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, „2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი განმარტავს, რომ „წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2015 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს“. აღნიშნული ნორმა ეხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო დაწესებულებებს, ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საკუთარი ქონება, ბიუჯეტი და შემოსულობები, რაც თავისთავად გამორიცხავს „ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის გავრცელებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ამყარებს „2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ ძალადაკარგულ კანონის მუხლზე, რომლის განმარტებიდან ირკვევა, რომ კანონმდებელი მიუთითებს იმ ხარჯებზე, საიდანაც შესაძლებელია ანაზღაურებულ იქნეს სახელფასო დავალიანება, ხოლო მუხლი არ მოიცავს დათქმას იმის თაობაზე, რომ 2015 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანებები არის აღიარებული და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება მითითებული თანხების დასაქმებულის სასარგებლოდ ანაზღაურებაზე.
კასატორის მოსაზრებით, ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება ხანდზმულობასთან მიმართებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 21 ოქტომბრის #1963 ბრძანებით ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების ... მოვალეობის შემსრულებელი - ნ. ა-ი გადაყვანილ იქნა ამავე განყოფილების ... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე 2013 წლის 21 ოქტომბრიდან, კონკურსის წესით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ხოლო 2013 წლის 21 ოქტომბრის #1964 ბრძანებით ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების ... მოვალეობის შემსრულებელს - ნ. ა-ს დაეკისრა ადმინისტრაციული სამსახურის ... მოვალეობის შესრულება 2013 წლის 21 ოქტომბრიდან, ადმინისტრაციული სამსახურის ... მოვალეობის შემსრულებლის - თ. ტ-ის კუთვნილი შვებულებიდან გამოსვლამდე.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 20 ნოემბრის #2183 ბრძანებით ნ. ა-ი გათავისუფლდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების ... დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან 2013 წლის 21 ნოემბრიდან.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 11 აპრილის #70 ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამსახურის ... თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია - 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული სამსახურის ... თანამდებობრივი სარგო - 810 ლარის ოდენობით.
2013 წლის 21 ოქტომბრის თვიდან 2013 წლის 21 ნოემბრის თვემდე ნ. ა-ს ხელფასის სახით მიღებული აქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ... თანამდებობრივი სარგო - 1000 ლარი.
ნ. ა-ი 2013 წლის 21 ოქტომბრიდან 2013 წლის 21 ნოემბრამდე ასრულებდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ... მოვალეობას, ამავდროულად ეკავა იმავე სამსახურის იურიდიული განყოფილების ... თანამდებობა და ასრულებდა იურიდიული სამსახურის ... სამსახურებრივ მოვალეობებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოხელეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოხელეს, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ა-ს 2013 წლის 21 ოქტომბრის თვიდან 2013 წლის 21 ნოემბრის თვემდე ხელფასის სახით მიღებული აქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ... თანამდებობრივი სარგო - 1000 ლარი, ხოლო იურიდიული სამსახურის ... თანამდებობრივი სარგო - 810 ლარი არ მიუღია.
შესაბამისად, ნ. ა-ი ექცევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედების სფეროში, რაც ქმნის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებაში და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-202-200(კ-12) და ბს-304-300(კ-12) საქმეებზე გაკეთებულ განმარტებაზე და აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვდა ამავე კოდექსის 54.4 მუხლის საფუძველზე ხელფასზე დანამტს, რაც არ არის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება რომელზედაც ვრცელდება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, არამედ ეს არის ხელფასზე დანამატი, ფაქტობრივად, მისი შემადგენელი კომპონენტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი