#ბს-246-244(კ-17) 8 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 4 მარტს დ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ 2013 წლის 14 ნოემბრის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების მეორე ნაწილის - გასაუბრების ჩატარების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის #5 ოქმის დ. ფ-ის ნაწილში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის #162 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2014 წლის 6 თებერვლის #56602 სამსახურებრივი ბარათის იმ ნაწილში, რომლითაც დირექტორის უფლებამოისლების მინიჭებაზე დ. ფ-ეს ეთქვა უარი, ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, რომლითაც დ. ფ-ეს მიენიჭება დირექტორის უფლება (შეყვანილ იქნება დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიაში) და დირექტორის უფლების მოპოვების სერთიფიკატის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 მარტის განჩინებით დ. ფ-ის სარჩელი მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების მეორე ნაწილის - გასაუბრების ჩატარების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის #5 ოქმის დ. ფ-ის ნაწილში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის #162 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2014 წლის 6 თებერვლის #56602 სამსახურებრივი ბარათის იმ ნაწილში, რომლითაც დირექტორის უფლებამოისლების მინიჭებაზე დ. ფ-ეს ეთქვა უარი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, რომლითაც დ. ფ-ეს მიენიჭება დირექტორის უფლება (შეყვანილ იქნება დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიაში) და დირექტორის უფლების მოპოვების სერტიფიკატის გამოცემის დავალების თაობაზე, გადაეგზავნა განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ნოემბრის გდაწყვეტილებით დ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 14 ნოემბრის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების მეორე ნაწილის - გასაუბრების ჩატარების მიზნით შექმინილი კომისიის სხდომის #5 ოქმი დ. ფ-ის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ამასთან, დ. ფ-ემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის შუამდგომლობა და შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის #162 ბრძანებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2014 წლის 6 თებერვლის სამსახურებრივი ბარათის ბათილად ცნობას ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და დ. ფ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების მეორე ნაწილის - გასაუბრების ჩატარების მიზნით შექნილი კომისიის 2013 წლის 14 ნოემბრის #5 სხდომის ოქმი დ. ფ-ის ნაწილში და მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე დ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (მინისტრს) დავალებოდა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება), რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დ. ფ-ეს მიენიჭება დირექტორობის უფლება (შეყვანილ იქნება დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიაში) და დ. ფ-ის სახელზე გაეცა სერთიფიკატი, რომლითაც დადასტურდება დირექტორობის უფლების მოპოვება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის და ადვოკატის ხარჯის - 500 ლარი ანაზღაურების ვალდებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისას არ დარღვეულა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების არც ერთი პრინციპი. საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების მეორე ნაწილის - გასაუბრების ჩატარების მიზნით შექმნილი კომისიის 2013 წლის 14 ნოემბრის #5 ოქმი სრულ შესაბამისობაშია 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესთან. ოქმში აღწერილია კითხვები, რომლებიც დაესვა კონკურსანტს, კრიტერიუმები და მიზეზები, რის გამოც ვერ დაძლია კონკურსანტმა სერტიფიცირების ეტაპი.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, რის გამოც არასწორად დააკისრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის გადახდა. კასატორის მითითებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი სალარო შემოსავლის ორდერი (სარჩელის დანართი, 62 გვერდი), რომლიდანაც არ ირკვევა თუ ვის ანგარიშზე შეიტანა დ. ფ-ემ 1000 ლარი. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებდნენ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. ასევე სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანებით, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების პირობებს. შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუქნტის შესაბამისად, დირექტორობის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელიც შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის წარმატებით გავლის შედეგად მოიპოვებს დირექტორობის უფლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორობის კანდიდატი არის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენილი პირი. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სერტიფიცირების ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი მოიცავს ტესტირებას (შემდგომში - ტესტირება). ტესტირება ტარდება ელექტრონულად, მართვის სისტემის სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მეორე ნაწილი მოიცავს გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60 პროცენტს. ზემოაღნიშნული წესის მე-16 მუხლის თანახმად, 1. დირექტორობის მსურველთა გასაუბრებას ატარებენ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია/კომისიები; ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი სერტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიას, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება, რაც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე დ. ფ-ემ წარმატებით გადალახა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება, შესაბამისად, მან მოიპოვა უფლება „საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანების შესაბამისად, გასულიყო გასაუბრებაზე 2013 წლის 14 ნოემბრის ინდივიდუალური აქტით შექმნილ კომისიასთან. საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერთიფიცირების მეორე ნაწილის -გასაუბრების ჩატარების მიზნით შექმნილი კომისიის 2013 წლის 14 ნოემბრის სხდომის #5 ოქმის თანახმად, მოსარჩელე დ. ფ-ემ სერტიფიცირების ეტაპი ვერ დაძლია და დირექტორობის უფლება ვერ მოიპოვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების მეორე ნაწილის - გასაუბრების ჩატარების მიზნით შექმნილმა კომისიამ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რატომ ვერ გადალახა დ. ფ-ემ სერტიფიცირების ეტაპი, რომელი უნარები ვერ გამოავლინა და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა ამა თუ იმ კონკურსანტს უპირატესობა და რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი თითოეული იმ კონკურსანტისთვის. მართალია, კომისიის წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობენ, თუმცა, როდესაც უარს ეუბნებიან რომელიმე კონკურსანტს სერტიფიცირების ეტაპის გადალახვასა და დირექტორობის უფლების მოპოვებაზე, იგი უნდა იყოს აუცილებლად დასაბუთებული. ბუნებრივია კონკურსანტს, რომელსაც უარი ეთქვა სერტიფიცირების ეტაპის გადალახვასა და დირექტორობის უფლების მოპოვებაზე, უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.
ამასთან, თავად კონკურსის არსიდან გამომდინარეობს კანდიდატთა შერჩევის ღია კონკურსის საფუძველზე პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი სტანდარტი; პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება.
იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა კონკურის ბოლო ეტაპის - გასაუბრების პროცესის მიმდინარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება, ხოლო გასაჩივრებული აქტი ვერ უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი კონკურსის გამჭვირვალობის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად გამჭვირვალე პროცესითა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. იმისათვის, რომ შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, უნდა არსებობდეს პროცესის შემოწმების შესაძლებლობაც. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი კი სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები საქმის მასალებიდან ვერ ირკვევა. სადავო ოქმის მიხედვით, კონკურსანტებს კომისიის მხრიდან დაესვათ ერთი და იგივე კითხვები, თუმცა ვერ დგინდება რა პასუხები გასცეს კონკურსანტებმა. კონკუსრანტების შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები, გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი და მისი ანალიზი სასამართლოსთვის არის მიუწვდომელი. ასეთ პირობებში შეუძლებელია იმის შემოწმება, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა კონკურსის მეორე ეტაპი. დაცული იყო თუ არა სამართლიანი კონკურენციის პრინციპები. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებასთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-776-768(2კ-4კს-15) საქმეზე გაკეთებულ განმარტებებზე: „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების არსებობა, მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დადაევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146). საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეებისათვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, რის გამო სასამართლომ უნდა განიხილოს არა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, არამედ საქმის მასალებით დადასტურებული ადვოკატის მიერ მოსარჩელეებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობა. მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუს 09.02.2012წ., №ბს-1330-1315 (კ-11); 30.10.15წ. №ას-444-423-2015; 25.03.2016წ. №ას-12-12-2016წ. გადაწყვეტილებები). მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველია დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე მუხ.). მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სკ-ის 710-ე მუხ.). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში პრეზიუმირებულია, ვინაიდან სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი, ხოლო ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. იურიდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო დამტკიცებას საჭიროებს. ამდენად, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო უფლების დარღვევა (ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლო ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვარის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07). სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს იძულებითი განაცდურის ოდენობა, საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ.. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მოპასუხეზე სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობის რაიმე დასაბუთებას. განჩინებაში არ არის ახსნილი თუ რა გათვლას, საქმის გარემოებების რა შეფასებას ეფუძნება მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა“.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი