Facebook Twitter

საქმე№ბს-247-245(კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „...“ (მოსარჩელე)

მესამე პირი - ქალაქ თბილისის პროკურტურა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...“ 2013 წლის 22 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 ივლისის №134764 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სს „...“ მართლზომიერ მფლობელობაში ქ. თბილისში ... ქ. №1-ში 25 000 კვ.მ არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისა და აღნიშნულ ქონებაზე ამონაწერის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სს „...“ შუამდგომლობა დაკამყოფილდა; №3/2634-13 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად მოწვეულ იქნა ქ. თბილისის პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისი გადაწყვეტილებით მოსარჩელის - სს „...“ სარჩელი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 21 ივლისის №134764 გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სს „...“ სარეგისტრაციო საქმის განახლება და სს „...“ მართლზომიერ მფლობელობაში ქ.თბილისში ... ქ. №1-ში 25 000 კვ.მ არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძლად მიუთითა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ქ. თბილისის პროკურატურის 2013 წლის 4 ივლისის №13/01-68005 პასუხი, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №010080269 საქმეზე, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებისა და ქ. თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თანამშრომელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ერთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან გაგზვნილი სს „...“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ქ. თბილისში, ... ქ. №1-ში მდებარე 25 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. სს „...“ მირ დაკავებული მიწის ნაკვეთის კანონიერების შესწავლის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. აღნიშნული წერილის შინაარსი, ასევე დაადასტურა სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა ქალაქ თბილისის პროკურატურის წარმომადგენელმა.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად მარეგულირებელ ორგანოში წარსადგენ დოკუმენტაციას. ქალაქ თბილისის პროკურატურის 2013 წლის 4 ივლისის №13/01-68005 პასუხის თანახმად, სწორედ ქ. თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება №010080269 სისხლის სამართლის საქმეზე და აღნიშნულ საქმეს თან ერთვის ქ. თბილისში ... ქ. №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ამასთან, სს „...“ აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში დადაცემის კანონიერების შესწავლის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაბამისად მარეგისტრირებელ ორგანოში სს „...“ მიერ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა უტყუარად დაადსტურებული არ არის, ვინაიდან გამოძიება ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან განჩინებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია №010080269 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ქ. თბილისის პროკურატურის №13/01-65336 წერილით სასამართლოს ეცნობა რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება №010080269 სისხლის სამართლის საქმეზე ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებისა და ქ. თბილსის მერიის მიწის ლეგალიზების კომისიის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. რამოდენიმე ასეულ მიწის ნაკვეთზე თაღლითურად, დოკუმენტების გაყალბების გზით ქონებრივი უფლების მიღების ფაქტზე, მათ შორის ერთ-ერთი ეპიზოდია სს „...“ ხელმძღვანელი პირების მიერ მითითებული საზოგადოების ქონების, მათ შორის მიწის ნაკვეთს დაუფლების ფაქტი.

2013 წლის 8 აპრილს მ. ყ-ის წარმომადგენლის შ. დ-ის მიერ N882009059465 განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილი იქნა ქ.თბილისის პროკურატურის 2013 წლის 4 აპრილის N13/01-36532 წერილი, რომლის თანახმად სისხლის სამართლის N010080269 საქმეზე სს „...“ ხელმძღვანელ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს და აღნიშნულ საქმეზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან გადმოგზავნილია სარეგისტრაციო განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ აღნიშნული არ იქნა მიჩნეული ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელ დოკუმენტად, შესაბაისად, წარმოება არ იქნა განახლებული. 2013 წლის 21 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მ. ყ-ის N75421/17 ადმინისტრაციული საჩივრი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა N882009059465 განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სს „...“ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ 25000 კვ.მ (მის: თბილისი, ... ქუჩა N1) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ერონვულმა სააგენტომ 2013 წლის 20 ივნისს N105329 წერილით მიმართა ქ. თბილსის პროკურატურას, სს „...“ ეპიზოდში სისხლის სამართლის N010080269 საქმის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდების მიზნით.

ქ. თბილისის პროკურატურის 2013 წლის 4 ივლისის N13/01-68005 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N010080269 საქმეზე, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების და ქ. თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ერთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან გადმოგზავნილი სს „...“, ქ. თბილისში, ... ქ.N1-ში მდებარე 25000 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. სს „...“-ს მიერ დაკავებული აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონიერების შესწავლის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. პროკურატურის წერილის საფუძელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 31 ივლისს მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N134764 გადაწყვეტილება.

კასატორი მითითებით როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქალაქ თბილისის პროკურატურის 2013 წლის 4 აპრილის N13/01-36532 წერილი, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის N010080269 საქმეზე სს „...“ ხელმძღვანელ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს და აღნიშნულ საქმეზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან გადმოგზავნილია სარეგისტრაციო განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, უნდა მიეჩნია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელ დოკუმენტად და უნდა განეახლებინა წარმოება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. სასამართლომ არ შეაფასა ქ. თბილისის პროკურატურის 2013 წლის 4 ივლისის N13/01-68005 პასუხზე, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N010080269 საქმეზე, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების და ქ. თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ერთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან გადმოგზავნილი სს „...“, ქ. თბილისში, ... ქ. N1-ში მდებარე 25000 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. სს „...“ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის კანონიერების შესწავლის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. აღნიშნული წერილის შინაარსი, ასევე დაადასტურა სასამართლოს მიერ საქმეში მე-3 პირად ჩაბმულმა ქ. თბილისის პროკურატურის წარმომადგენელმა. მესამე პირის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, სს „...“ ხელმძღვანელ პირთა მიმართ ქ. თბილსის პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს და არც წარსულში მიმდინარეობდა, თუმცა სისხლის სამართლის N010080269 საქმეზე, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება სწორედ სს „...“, გამოძება დღემდე მიმდინარეობს. სასამართლოს განმარტებით, მარეგისტრირებელ ორგანოს წლების მანძილზე შეჩერებული აქვს ადმინისტრაციული წარმოება და მის მიერ არ სრულდება ვალდებულება, რომელიც მას აკისრია "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის" მე-4 პრიმა მუხლის საფუძველზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენ დოკუმეტნაციას. ქ. თბილსის პროკურატურის 2013 წლის 4 ივლისის N13/01-68005 პასუხის თანახმად, სწორედ ქ. თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N010080269 და აღნიშნულ საქმეს ერთვის ქ. თბილსში, ... ქ. N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ამასთან, სს „...“ მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონიერების შესწავლის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაბამისად, მარეგისტრირებლ ორგანოში სს „...“ მიერ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა უტყუარად დადასტურებული არ არის, ვინაიდან გამოძიება ამ ეტაპისათვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამასთად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან განჩნებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სისხლის სამართლის N010080269 საქმესთან დაკავშირებით. ქ. თბილისის პროკურატურის N13/01-65336 წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N010080269 საქმეზე. საჯარო რეესტრიდან მასალების გადმოგზავნის დროისათვის მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის N010080269 საქმეზე, გადმოგზავნილი მასალები დაერთო სწორედ ხსენებულ საქმეს, მოცემული ეტაპისთვის, მიმდინარეობს როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მ. ყ-ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობისა და მართლზომიერების შემოწმება, ისე კომისიის წევრთა ქმედებების კანონშესაბამისობის დადგენა, რის შემდგომაც ხსენებულ ეპიზოდთად ნაკავშირებით მიღებული იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. კასატორის მოსაზრებით, პროკურატურის აღნიშნული წერილით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზემოთაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ამასთან, წერილის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შესამოწმებლად. ასევე, არსებით გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს „...“ სარჩელი 2009 წლის 8 აპრილის 882009059465-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით. სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 8 აპრილის N882009059465-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის თანახმადაც სს „...“ წარმომადგენლის მიერ სარეგისტრაციო განცხადებით წარმოდგენილი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაგზავნილ იქნა ქალაქ თბილისის პროკურატურაში. შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის დადგენლი ის ფაქტი, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა სამართალდამცავ ორგანოში კანონიერად განხორციელდა, 2009 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან დღემდე, ვინაიდან ზემოთ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე კვლავ მიმდინარეობს გამოძება და საბოლოო გადაწყვეტილება გამოტანილი არ არის, შესაბამისად, არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება, რომლის საფუძველზეც დადგიდებოდა 888009059465 სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონშესაბამისობა.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის თანახმად, „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.“ ვინაიდან 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღარ წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს განახორციელოს მიწის ნაკვეთზე ამ უკანასკნელი სუბიექტის საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაცია.

მარეგისტრირებელ ორგანოს უმართებულოდ მიაჩნია გადაწყვეტილებაში საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მითითება, რომლის თანახმად საკუთრების უფლება გარანტირებულია და დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სს „...ების“ საკუთრების გაუქმების ფაქტი სახეზე არ არის და სწორედ საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტაციის ნამდვილობის შესწავლის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება ქ. თბილსის პროკურატურის მიერ.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ ასევე არასწორად/არასრულად არის განმარტებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქარველოს კანონი, სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმატიული აქტით შეიქმნა საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მართლზომიერი მფლობელი ხდება უძრავი ნივთის მესაკუთრე, თუმცა სასამართლოს მიერ ყურადღება არ არის გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ სწორედ ზემოთაღნიშნული კანონით გათვალისწინებული საფუძვლის კანონიერება არ არის დადგენილი უტყუარად, ვინაიდან გამოძება მიმდინარე პროცესშია და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს.

კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს სამოტივაციო ნაწილში მითითებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ ყოფილა მოთხოვნილი განმცხადებლის მიერ რაიმე დოკუმენტის წარმოდგენა და ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩინა, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რომელსაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, ასევე გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს სადავო გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველი. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

დადგენილია, რომ რეგისტრაცია სს „...“ მიერ მოთხოვნილია 1996 წლიდან მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლით. სადავო არ არის ის გარემოება, რომ სს „...“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია პასუხობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა“ და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ განცხადების წარდგენის დროისათვის მოქმედ რეგულაციას.

ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სს „...“ მოთხოვნის უარყოფის, ისევე როგორც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითად საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ მიწაზე სს „...“ უფლება დამდგენ დოკუმენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რაც გამორიცხავს სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვედა ინსტაციის სასამართლოს განმარტებას, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი ქალაქ თბილისის პროკურატურის 2013 წლის 4 აპრილის N13/01-36532 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის N010080269 საქმეზე სს „...“ ხელმძღვანელ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად ქმნიდა სარეგისტრაციო წარმოების განახლების საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურიდან 2016 წლის 12 ოქტომბერს წარმოდგენილი №13/01-65336 წერილით დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმე №010080269 მიმდინარეობს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე. ამავე წერილის თანახმად, სს „...“ ან მისი დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ მიმდინარეობს.

საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, რომ სს „...“ დირექტორმა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა ორჯერ, 2008 წელის 20 მარტს და იმავე წლის 24 ივნისს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. №1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება. პირველ შემთხვევაში განცხადება დატოვებულია განუხილველად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის მოტივით, ხოლო მეორე შემთხვევაში განმცხადებელს ეცნობა, რომ მოხდებოდა საკითხის განხილვა, თუმცა, განხილვა არ მომხდარა.

ამდენად, რეგისტრაციის შეჩერების სამართლებრივ საფუძვლად ვერ განიხილება მითითება იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთ ეპიზოდად ფიგურირებს სს „...“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის საკითხი. იმ პირობებში, როდესაც მ. ყ-ის ან სს „...“ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, ვერ დგინდება მოსარჩელესა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს შორის სამართლებრივ კავშირი. ამასთან, იმ პირობებშიც კი თუ ჰიპოთეტურად დავუშვებთ ასეთი კავშირის არსებობას, აღნიშნული, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერ შექმნის რეგისტრაციის შეჩერების სამართლებრივ საფუძველს, რამდენადაც სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მუხლი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რომლის ხანდაზმულობის ვადა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე შეადგენს 6 წელს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დაუშვებელია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადები აღემატებოდეს თავად აღნიშნული დანაშაულისათვის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დაწესებულ ვადას. პირის უფლებების რეალიზაცია ვერ შეჩერდება განუსაზღვრელი ვადით, თუ არ არსებობს ამისი მყარი, კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რასაც ასევე ადასტურებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების მათი კანონიერების შესწავლის მიზნით სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნის შემთხვევაში შეადგენს 60 დღეს.

კასატორი უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე 2010 წლის 7 დეკემბერს N3889 – IIს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის 74 მუხლი - კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადა, რომლის თანახმად, „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად“. კასატორის აღნიშნულ მოსაზრებასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში N882009059465 სარეგისტრაციო განცხადება სს„...“ წარმომადგენელის მიერ წარდგენილია 2009 წლის 4 მარტს. ამდენად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე 2009 წლის 4 მარტს წარდგენილ განცხადეაბაზე არ არსებობს 2010 წლის 7 დეკემბრის N3889 – IIს კანონით გათვალისიწინებული რეგულაციის გავრცელების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის გამოყენების არამართებულობის თაობაზე იმ დასაბუთებით რომ სს „...“ საკუთრების გაუქმების ფაქტი სახეზე არ არის და სწორედ საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტაციის ნამდვილობის შესწავლის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება ქ. თბილსის პროკურატურის მიერ, რამდენადაც სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 30 იანვრის №02.43.102 დადგენილებისა და აღნიშნული დადგენილების შესაბამისად ქ. თბილისის მერიასა და სს „...“ შორის 1996 წლის 19 აპრილს გაფორმებული №739 ხელშეკრულების საფუძველზე სს „...“ იჯარით გადაეცა ... ქ. №1-ში მდებარე 25000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რაც 2009 წლის 4 მარტს სს „...“ მიერ სარეგისტრაციო განცხადების წრდგენის დროისათვის წარმოადგენდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც წარმოშობდა მოპასუხის ამავე კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების ვალდებულებას და მოსარჩელეს აღნიშნული სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე გააჩნდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მის მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ ქონებაზე ჰქონდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონით გათვალისწინებული უფლება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელის უფლება მის მართლზომიერ სარებლობაში არსებულ ქონებაზე განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია ექცევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის სფეროში, რომლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა, სახელმწიფო ორგანოს ნებისმიერი ჩარევა საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში იყოს კანონიერი: პირველი პუნქტის მეორე წინადადება უშვებს ქონების ჩამორთმევას „კანონით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე“ (იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ [GC], №31107/96, §58, ECHR, 1999-II). მოცემულ შემთხვევაში კასატორმა - ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ განხორციელებული ჩარევა კანონიერების მოთხოვნას აკმაყოფილებს და არ იყო თვითნებური (იხ. ზემოთ, იატრიდისის საქმე, §58).

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს დაუბრუნდეს 29.03.2017 წლის №05907 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე