Facebook Twitter

ბს-249-247(კ-17) 15 ივნისი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. რ-ამ 10.07.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ მოპასუხის 18.05.2015წ. N770 ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელესათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და 2015 წლის იანვრიდან დევნილის სტატუსის აღდგენამდე მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2015წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2016წ. გადაწყვეტილებით გ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 18.05.2015წ. N770 ბრძანება და სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და გ. რ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2016წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გ. რ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.05.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ გ. რ-ა არ იყო 1993 წლამდე აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები პირი და ოკუპირებული ტერიტორია მას იძულების შედეგად არ დაუტოვებია. სამინისტროში ჩატარებული გასაუბრებისას გ. რ-ამ აღნიშნა, რომ 1986 წელს დაქორწინდა ჩეჩნეთის მოქალაქეზე და 1996 წლამდე ცხოვრობდა გროზნოში, თუმცა სასამართლოში მან ეს ფაქტი უარყო და მიუთითა, რომ აფხაზეთი დატოვა 1992 წ. შვილთან ერთად. გ. რ-ას ახსნა-განმარტებები წინააღმდეგობრივი და ურთიერთშეუსაბამოა. ამასთანავე, აფხაზეთში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა გაგრის, სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონებში, ქ. გალში და მის შემოგარენში ადგილი არ ჰქონია საბრძოლო მოქმედებებს, შესაბამისად, გალის რაიონის მოსახლეობა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობდა ცხოვრებას.

კასატორის მოსაზრებით, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობა, რომ გ. რ-ა 1955 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. გალში, არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან გაურკვეველია ცნობის გაცემის საფუძვლები, ასევე თვითონ მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აფხაზეთი დატოვა არა 1993 წ., არამედ 1992 წლის სექტემბერში.

კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ გ. რ-ას არ ჰქონია ენობრივი ბარიერი, ადმინისტრაციული წარმოებისას მას არ მოუთხოვია თარჯიმანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 10.3 მუხლი, რაც ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას ყალბი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, თუმცა სამინისტრო ვერ წარმოადგენს აღნიშნული გარემოებების დამდგენ მტკიცებულებებს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამინისტროს მიერ სრულად არ ყოფილა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში დაცულია გ. რ-ას ქორწინების მოწმობა, რომლის თანახმად, გ. რ-ას ქორწინება 1991 წ. დარეგისტრირდა ქ. გალში, ასევე წარმოდგენილია გალის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ 06.01.1990წ. გაცემული გ. რ-ას შვილის დაბადების მოწმობა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობის 12.02.2015წ. ცნობა, რომლის თანახმად გ. რ-ა 1955 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ …. ორგანოს არ შეუფასებია აღნიშნული მტკიცებულებები, არ დაუსაბუთებია მათ გაზიარებაზე უარი.

ამასთანავე, მართალია საკასაციო პალატა არ იზარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დევნილის სტატუსის მინიჭება და ჩამორთმევა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა აღნიშნული გავლენას ვერ ახდენს განსახილველ დავაზე დამდგარი სამართლებრივი შედეგის მართებულობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე