#ბს-250-248(2კ-17) 8 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 18 ნოემბერს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის #68026 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის #6-1744 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 2014 წლის 16 მაისის #25490 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს „...“ სარჩელზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმება დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის #68026 ბრძანება, 2013 წლის 24 დეკემბრის #6-1744 საგადასახადო მოთხოვნა, 2014 წლის 16 მაისის #25490 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #486 განკარგულების საფუძველზე შპს „...“ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2010 წლის 7 ივნისს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2013 წლის 28 ივნისს გამოსცა ბრძანება #29655 შპს „...“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2007 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 მაისამდე. წლიური მოგებისა და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმებას დაექვემდებარა 2007, 2008, 2009, 2010, 2011 და 2012 წლების საანგარიშო პერიოდი. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 28 ივნისიდან 2013 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით. მითითებული ბრძანების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა შპს „...“ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომელმაც მოიცვა 01.01.2007-01.01.2008 წლის პერიოდი.
მოსარჩელე დავისადმი ინტერესს ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #486 განკარგულების საფუძველზე შპს „...“ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2010 წლის 7 ივნისს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, სსიპ შემოსავლების სამსახური არ იყო უფლებამოსილი საგადასახადო შეთანხმებამდე არსებულ პერიოდზე (01.01.2007-01.01.2008წწ), რომელიც მოიცვა საგადასახადო შეთანხმებამ, მოეხდინა შემოწმება და გამოეცა საგადასახადო მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004წ.) 1282-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულებების დაზუსტება, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა). აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საგადასახადო ორგანოები ვეღარ დაარიცხავენ დამატებით ვალდებულებებს საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე თუ გადასახადის გადამხდელის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტს, რომ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია შემოწმება დარიცხვების გარეშე, ვინაიდან, საგადასახადო შემოწმება არის გადამხდელის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი საშუალება, რომლის შედეგებიც ფორმდება სათანადო აქტით. პროცესუალური თვალსაზრისით შემოწმების აქტი არის შუალედური აქტი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება გადასახადის აღრიცხვისა და დეკლარირების განხორციელების შესაბამისობა საგადასახდო კანონმდებლობასთან.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ასევე დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობები შესრულებულია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი