Facebook Twitter

#ბს-253-251(კ-17) 22 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 16 აპრილს ე. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად საბოლოოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის #2 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების - ე. ი-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტატო კომისიის 2015 წლის 24 თებერვალს #11 სხდომის ოქმის - ე. ი-ის მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტატო კომისიიისათვის ე. ი-ის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების ... თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატად წარდგენის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება და მოპასუხისათვის ე. ი-ის სასარგებლოდ საკონკურსო-საატესტატო კომისიის გადაწყვეტილების გამოტანიდან მისი გაუქმების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების ... თანამდებობაზე მისაღები ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის #2 სხდომის ოქმი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის #11 სხდომის ოქმი ე. ი-ის მიმართ დადგენილი გადაწყვეტილების ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ე. ი-ის მიმართ ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია ხუთივე განაცხადზე კომისიის თითოეული დამსწრე წევრის მიერ შევსებული ინდივიდუალური შეფასების ფორმა, რომელშიც პუნქტობრივადაა მოცემული ექვსი კრიტერიუმი: 1. კომუნიკაციის უნარი, 2. მოტივაცია, 3. პროფესიული მიღწევები, 4. ლოგიკური მსჯელობა და ანალიზის უნარი, 5. შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა, 6. დამატებით კითხვებზე პასუხები; კანდიდატი თითოეულ კრიტერიუმში შეფასებულია მინიმალური 1-დან მაქსიმალური 5 ქულის ჩათვლით. აღნიშნული ქულების საშუალო არითმეტიკული (რომელიც მრგვალდება მეასედის სიზუსტით) წარმოადგენს სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრის ინდივიდუალურ შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში, ე. ი-ის საბოლოო შეფასებამ (რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალური შეფასების საშუალო არითმეტიკულს) შეადგინა გამსვლელი - 3 ქულა. კომისიამ იმსჯელა სხვა კანდიდატებთან ერთად და მიიღო გადაწყვეტილება წამოეყენებინა იმ კონკურსანტების კანდიდატურა, რომლებმაც მიიღეს ყველაზე მაღალი ქულა.

კასატორების მითითებით, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების შემოწმებისას ვრცელდება გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა მიზანშეწონილობის ასპექტებზე.

ამასთან, კასატორების განმარტებით, კომისიები სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდნენ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც სასამართლოს მხრიდან არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №11-22 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია კომისიის მიზანი და ფუნქციები; კერძოდ, კომისიის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპებისა და წესების შესაბამისად, თბილისის მერიაში მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის, აგრეთვე თბილისის მერიის მოხელეთათვის ატესტაციის ჩატარება. კომისიის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის ჩატარება; ბ) პირის პროფესიული ცოდნის, უნარჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა; გ) თბილისის მერთან შეთანხმებით, კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა დაჩატარების გრაფიკის განსაზღვრა; დ) თბილისის მერთან შეთანხმებით, ატესტაციის ჩატარების ფორმების და შეფასების ფორმულარების განსაზღვრა; ე) თბილისის მერთან შეთანხმებით, ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარის დადგენა; ვ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენა ან მის წარდგენაზე უარის თქმა; ზ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 1 დეკემბრის №1900 ბრძანების №1 დანართის მე-4 პუნქტის მიხედვით, კონკურსის მე-3 ეტაპს - გასაუბრებას ატარებს კომისიის მიერ შექმნილი სპეციალიზებული კომისიები; მე-5 პუნქტის თანახმად კი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსის პროცესში ფასდება კანდიდატის კვალიფიკაცია, პროფესიული დონე, ცოდნა, პიროვნული თვისებები, მოტივაცია და უნარ-ჩვევები; მე-6 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების ეტაპზე სპეციალიზებული კომისიის თითოეული დამსწრე წევრი ავსებს კანდიდატის ინდივიდუალური შეფასების ფორმას და ახდენს კანდიდატის ინდივიდუალურ შეფასებას ანკეტა-კითხვარის მიხედვით, მინიმალური 1-დან მაქსიმალური 5 ქულის ჩათვლით; მე-7 პუნქტის მიხედვით, ანკეტა-კითხვარში პუნქტობრივადაა მოცემული ექვსი კრიტერიუმი: 1. კომუნიკაციის (მაგ.: საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის) უნარი, 2. მოტივაცია, 3. პროფესიული მიღწევები, 4. ლოგიკური მსჯელობა და ანალიზის (მაგ.: სიტუაციური მაგალითი) უნარი, 5. შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა, 6. დამატებით კითხვებზე პასუხები; მე-8 პუნქტი სთანახმად, სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრის ინდივიდუალური შეფასება არის ანკეტა კითხვარის პუნქტების მიხედვით დაფიქსირებულ ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომელიც მრგვალდება მეასედის სიზუსტით; მე-10 პუნქტის მიხედვით კი, გასაუბრების ეტაპზე მინიმალურ გამსვლელ ზღვარს წარმოადგენს 3 (სამი) ქულა (საბოლოო შეფასება). პირი, რომელიც სპეციალიზებული კომისიის მიერ გასაუბრების ეტაპზე მიიღებს საბოლოო შეფასებას 3 (სამ) ქულაზე (მეასედის დამრგვალებით) ნაკლები ოდენობით, აღარ განიხილება კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის კანდიდატად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა და რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი თითოეული იმ კანდიდატისთვის, რომელმაც გადალახა კონკურსის ბოლო ეტაპი და ასევე, რომელმაც ვერ გადალახა. მართალია, ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ბუნებრივია კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე წარსადგენად, უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

ამასთან, თავად კონკურსის არსიდან გამომდინარეობს კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი სტანდარტი, ვინაიდან კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევისას ადმინისტრაციულ ორგანოს კანდიდატთა შეფასების ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება.

კონკურსის შედეგად საჯარო მოხელეთა შერჩევის არსს სწორედ გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე კანდიდატთა ურთიერთშეპირისპირებისას კონკრეტული თანამდებობისთვის სათანადო კანდიდატის შერჩევა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა აღნიშნული რეგულაცია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-4 მუხლი განსაზღვრავს კონკურსის მიზანსა და ამოცანებს, რომლის თანახმად, კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; ხოლო კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევისა და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. სწორედ აღნიშნულ მიზნებსა და ამოცანებზე მიუთითებს წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები - ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა.

იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა კონკურის ბოლო ეტაპის - გასაუბრების პროცესის მიმდინარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება, ხოლო გასაჩივრებული აქტები ვერ უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი კონკურსის გამჭვირვალობის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად გამჭვირვალე პროცესითა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. იმისათვის, რომ შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, უნდა არსებობდეს პროცესის შემოწმების შესაძლებლობაც. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი კი სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება გასაუბრებით კანდიდატის შეფასების ფორმებს, თუმცა შეფასების საფუძვლები საქმის მასალებიდან ვერ ირკვევა. ვერ დგინდება როგორი სახის შეკითხვები დაესვა მოსარჩელეს და რა პასუხები გასცა მან გასაუბრებისას დასმულ შეკითხვებს. გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი და მისი ანალიზი სასამართლოსთვის არის მიუწვდომელი. ასეთ პირობებში შეუძლებელია იმის შემოწმება, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა კონკურსის მესამე ეტაპი. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი