Facebook Twitter

№ბს-278-276(კ-17) 8 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 6 დეკემბერს ბ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 7 ოქტომბრის №B13024459/7 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 5091 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოპასუხედ ასევე მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის განჩინებით ბ. ჭ-ის სასარჩელო განცხადებაზე მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 7 ოქტომბრის №B13024459/7 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 იანვრის განჩინებით ბ. ჭ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის განჩნება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 იანვრის განჩინებით ბ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 იანვრის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აპელანტის - ბ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიკვიდატორს ყოველთვიურად უნდა მიეღო ხელფასი, შესაბამისად, მას უნდა გამოეკვლია საწარმოს დამფუძნებლის მიერ საწარმოს კრედიტორული დავალიანების არარსებობის შესახებ ცნობის მიღებიდან საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში წარმოშობილი სახელფასო დავალიანება იყო თუ არა გასტუმრებული.

კასატორის მოსაზრებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანება არის კანონსაწინააღმდეგო და მასში გათვალისწინებულ ლიკვიდაციის პროცედურებში არ არის გათვალისწინებული ლიკვიდატორისთვის ლიკვიდაციის პროცესში წარმოშობილი შრომის ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შრომის კიდექსს და არღვევს პირის უფლებას მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება შესრულებული შრომის სანაცვლოდ.

კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ კანონქვემდებარე აქტში პირდაპირ არ არის მითითებული, რომ რეესტრს დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის ვალდებულება არ აქვს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩაითვალოს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ყველა გარემოება გამოკვლეულად და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

კასატორის მოსაზრებით, აქტი ითვალისწინებს კრედიტორის მიერ მოთხოვნათა წარდგენის შესაძლებლობას და მათი დაკმაყოფილების პირობებს, თუმცა არ არის დადგენილი როგორ და რა წესით უნდა აუნაზღაურდეს ლიკვიდატორს, აუდიტს, მოწვეულ ექსპერტს გაწეული სამუშაო საწარმოს ქონებიდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იცოდა რა საწარმოს სახელფასო ვალდებულების შესახებ, ლიკვიდატორის მიმართ უნდა მოეძიებინა ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდატორის მიმართ დავალიანების არსებობის შესახებ. ასევე, საგადასახადო ორგანოსგან მიღებული ინფორმაციიდან ირკვეოდა, რომ საწარმოს ჰქონდა საგადასახადო ორგანოსადმი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის უფლება, რადგან საწარმოს გააჩნდა ზედმეტად გადახდილი გადასახადები, რაც გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების შედეგად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება. მას ეცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების არარსებობის შესახებ, ხოლო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ - სხვა დავალიანებების არარსებობის შესახებ. ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში ლიკვიდატორს არ მიუწოდებია სახელმწიფო ორგანოებისთვის ინფორმაცია მის მიმართ არსებული ვალდებულების შესახებ, მისი შესრულების დადგომის სავარაუდო დროის შესახებ. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც აცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დავალიანების არარსებობის შესახებ, ვალდებული იყო კანონით დადგენილ ვადაში განეხორციელებინა საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 17 სექტემბერს ბ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, თუმცაღა მაშინ იგი ითხოვდა პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტობიდან მხოლოდ 200 ლარის დაბრუნებას. 5091 ლარის ოდენობით არსებული ზედმეტობის დაბრუნების თაობაზე ბ. ჭ-ემ სსიპ შემოსავლების სამსახურს მიმართა მხოლოდ 2013 წლის 3 ოქტომბერს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 18 ოქტომბრის ცნობით, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტზე და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება პირდაპირ კავშირშია ლიკვიდაციის გაუქმების კანონიერებასთან. კანონმდებლობა ითვალისწინებს ზედმეტობის დაბრუნებას სალიკვიდაციო კომისიისთვის და სალიკვიდაციო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბარათზე რიცხულ ნაშთი ნულდება უკუოპერაციებით. ამასთან, შპს „...“ ლიკვიდირებულია, ხოლო ზედმეტად რიცხული თანხა მიქცეულია სახელმწიფოს საკუთრებაში. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საწარმოს ზედმეტობაში რიცხული თანხის დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი