#ბს-282-280(კ-17) 22 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 17 თებერვალს ე. დ-მა, ო. გ-ემ და ხ. ნ-ემ (კანონიერი წარმომადგენელი - ე. დ-ი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 8 იანვრის #79 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის მათთვის სათანადო საცხოვრებლის სტანდარტებთან შესაბამისი საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ე. დ-ის, ხ. ნ-ისა და ო. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის #79 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, 2015 წლის 17 აგვისტოს ჩატარებული კომისიის სხდომის შედეგად (ოქმი #97), მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, 14 ნგრევადი ობიექტის ერთობლივად დათვალიერების შედეგად შერჩეული ორი, ყველაზე მასშტაბური ნგრევადი ობიექტის - სასტუმრო „კოლხეთისა“ და სასტუმრო „აეროპორტის“ მაცხოვრებელი დევნილი ოჯახები დაკმაყოფილებულიყვნენ საგამონაკლისო წესით.
კასატორის მითითებით, კომისიის ამავე სხდომის დროს გადაწყდა, რომ თბილისის ზღვის ობიექტზე არსებულ საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით ჩატარებულიყო იმ დევნილი ოჯახების მონიტორინგი, რომლებისთვისაც სამომავლოდ იგეგმებოდა მოცემული ფართების საკუთრებაში გადაცემა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში.
სამინისტროს მიერ, საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზის მეშვეობით გადამოწმდა ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების არსებობა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ხ. ნ-ის მამას - ვ. ნ-ეს 2011 წლიდან საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, მის: ქ. თბილისი, ... კვ. #1, კორპ. გ, ბ.30 (ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, 18/04/2013 წელს აღნიშნული ფართი აღირიცხა დ. კ-ას საკუთრებად), ხოლო 2002 წლიდან საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, ქ. თბილისი, ..., მე-2 კორპ. #30, ბ. #98 (რომელიც გასხვისდა 2012 წლის 26 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრის მეგობარ გ. ც-ეზე). ამდენად, მონიტორინგის ჩატარების მომენტისათვის, აღნიშნული ფართები აღარ ირიცხებოდა ვ. ნ-ის საკუთრებად.
მოსარჩელეთა ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, 2015 წლის 24 სექტემბერს განხორციელდა მონიტორინგი ქ. თბილისში, ..., 1-ლი კვარტალი, კორპ. #გ, ბ. #30-ში, სადაც ფაქტობრივად იმყოფებოდა თავად მოწინააღმდეგე მხარე, ე. დ-ი, რომელმაც განმარტა, რომ არ აქვს ინფორმაცია მისი ყოფილი მეუღლის - ვ. ნ-ის მიერ გასხვისდა თუ არა მოცემულ მისამართზე არსებული საცხოვრებლი ფართი და არც იმაზე, მის ყოფილ მეუღლეს გააჩნია თუ არა საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი ფართი.
ხოლო, კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ქ. თბილისში, ..., 1-ლი კვარტალი, კორპ. #გ, ბ. 30-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის გასხვისების შესახებ. აღნიშნა ისიც, რომ ახალმა მესაკუთრემ, გ. ც-ემ, რომელიც იყო მისი ყოფილი მეუღლის მეგობარი, კეთილი ნების საფუძველზე, უფლება მისცა დროებით ეცხოვრა აღნიშნულ ფართში. მოსარჩელემ თავადვე განმარტა, რომ სასტუმრო „კოლხეთში“ არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მისი ყოფილი მეუღლის, ვ. ნ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში.
კასატორის განმარტებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის #127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშუნლი წესის შესაბამისი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, კომისია განიხილავს და დააკმაყოფილებს მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ფაქტობრივად ცხოვრობენ ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ საცხოვრებელ ფართებში.
სამინისტროს მიერ, შეზღუდული საბიუჯეტო სახსრების არსებობის პირობებში, იმ დევნილი ოჯახისათვის პრიორიტეტის მინიჭება, რომელიც ფაქტობრივად არ სარგებლობს სახელმწიფოს მიერ გადაცემული საცხოვრებელი ფართით, იმ დევნილ ოჯახთან შედარებით, რომელიც ფაქტორბრივად ცხოვრობს ნგრევად ობიექტში და არ გააჩნია ალტერნატიული თავშესაფარი, დისკრეციული უფლებამოსილების არასწორად გამოყენება იქნებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს მიერ არ განხორციელებულა.
კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და შესაგებელზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეები არ წარმოადგენდნენ სასტუმრო „კოლხეთის“ ფაქტობრივ მაცხოვრებელს, რაც სწორედ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს. შესაბამისად, მართალია, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.
კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრვი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა რეგულირდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესით“.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
დევნილთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ადგენს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ეს არის - დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე-4 მუხლი განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დევნილი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.
განსახილველ შემთვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, აბასთუმნის ქუჩა №1-ში მდებარე სასტუმრო „კოლხეთი“ წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, ხდება აღნიშნული ობიექტიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის მონაცემებით მოსარჩელეები რეგისტრირებულნი იქნენ ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე სასტუმრო „კოლხეთის“ ტერიტორიაზე. თბილისში, აბასთუმნის ქუჩა №1-ში, სასტუმრო „კოლხეთის“ შენობაში ფაქტობრივად და უწყვეტად ცხოვრობდა მოსარჩელის შვილი ო. გ-ე, ხოლო თავად მოსარჩელე საცხოვრებელი ფართის სიმცირისა და საცხოვრებლად მძიმე პირობების გამო, მცირეწლოვან შვილთან, ხ. ნ-ესთან ერთად 2013 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში დროის სხვადასხვა ინტერვალით დროებით საცხოვრებლად გადადიოდა თბილისში, ..., კორპ.2, ბ.30-ში არსებულ საცხოვრებელ ფართში, რომელიც მისი ქმრის ვ. ნ-ის საკუთრებას წარმოადგენდა. ვ. ნ-ის საკუთრებაში ფიქსირდებოდა ასევე უძრავი ქონება ქ. თბილისში, ..., კვარტალი 1, კორპუსი „ბ“. აღნიშნული უძრავი ქონებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, ..., კორპ.2, ბ.30, ვ. ნ-ის მიერ გასხვისდა 2012 წელს, ხოლო მეორე - 2015 წელს. 2013 წლის 4 ივნისს მოხდა განქორწინების რეგისტრაცია.
ასევე დადგენილია, რომ ე. დ-ს, ხ. ნ-ესა და ო. გ-ეს არ უფიქსირდებათ რაიმე შემოსავალი და მათ სახელზე უძრავი ქონების საკუთრება რეგისტრირებული არ არის.
კომისიამ მოსარჩელეებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით უთხრათ უარი, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის დროს ე. დ-ი, ხ. ნ-ე და ო. გ-ე არ ფიქსირდებოდნენ თბილისში, აბასთუმნის ქუჩა №1-ში, სასტუმრო „კოლხეთის“ ფაქტობრივ მაცხოვრებლებად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის დროს 2015 წლის 24 სექტემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის შესაბამისად, ე. დ-ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ..., 1-ლი კვარტალი, კორპ. 3, ბინა 30-ში და არ იცოდა, მის ყოფილ ქმარს გასხვისებული ჰქონდა თუ არა ბინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს, სამინისტრო ვალდებულია გამოიკვლიოს ის გარემოება, რამ გამოიწვია მონიტორინგის დროს, დევნილის რეგისტრირებულ მისამართზე არ ყოფნა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც იგი განქორწინებული იყო ქმართან და ბინა, სადაც მოსარჩელე იმყოფებოდა აღარ წარმოადგენდა მისი ყოფილი ქმრის საკუთრებას.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი