#ბს-293-291(კ-17) 8 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 13 ივლისს ჟ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 8 აპრილის #04/25106 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ოჯახის დეკლარაციის ბათილად ცნობა და სოციალური დახმარების დანიშვნა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჟ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჟ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჟ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 8 აპრილის #04/25106 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ჟ. მ-ისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა 2015 წლის 13 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს ჟ. მ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ კომუნალური გადასახადების ქვითრებზე და მიუთითებს, რომ ჟ. მ-ს სოციალური დახმარების ხელახლა დანიშვნაზე უარი ეთქვა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ვინაიდან ოჯახის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას კომუნალური გადასახადების ნაწილში. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2015 წლის შევსებულ დეკლარაციაზე და მიიჩნევს, რომ „კომუნალური ხარჯები“ ფიქსირდება დეკლარაციის შევსებისას არასწორად და ნაცვლად 120 ლარისა უნდა იყოს მითითებული 91,32 ლარი, რაც გამოწვეულია სოციალური აგენტის (უფლებამოსილი პირის) მიერ არასწორად გადახდილი თანხის დათვლით და რამაც ასევე გამოიწვია სარეიტინგო ქულის გაზრდა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს არ უნდა მიეღო მხედველობაში, ვიანიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
კასატორის განმარტებით, სოციალურმა აგენტმა ჟ. მ-ის ოჯახში განხორციელებული ვიზიტის დროს თანმიმდევრობით შეავსო შესაბამის კითხვარი (დეკლარაციისა), რომელიც დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების #141/ნ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. დეკლარაციის ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“ ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვიდან გასული თორმეტი თვის განმავლობაში გაწეული ხარჯები ოჯახის მიერ ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე წარმოდგენილი გადასახადების ქვითრების ან ასეთ(ებ)ის არქონის შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თუ ოჯახს ამ პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადასახადი არ გადაუხდია, იწერება ციფრი „0“.
კასატორის მითითებით, ჟ. მ-ს შეეძლო 2015 წლის 13 მარტს შევსებული დეკლარაციის შევსების დროს დაეფიქსირებიანა პოზიცია კომუნალური ხარჯების უსწორობაზე, რაც არ განუხორციელებია და დეკლარაციის სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.
კასატორის განმარტებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები სოციალური აგენტის მიერ პირნათლად იქნა შესრულებული, ვინაიდან მოწოდებული ინფორმაციის სისწორე დამოკიდებულია ოჯახის უფლებამოსილ პირზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ჟ. მ-ისათვის 2015 წლის 13 მარტიდან სოციალური დახმარების დანიშვნის საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მიმართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის უზრუნველყოფა და წესი რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით „სოციალური დახმარების შესახებ“, რომელიც ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში - საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია. აღნიშნული დადგენილების მე-2 თავი არეგულირებს საარსებო შემწეობის ოდენობას, მისი დანიშვნისა და გაცემის პრინციპებს, კერძოდ, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 11 თებერვალს სააგენტოს მიერ განხორციელდა ჟ. მ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გეგმიური გადამოწმება. ოჯახში ვიზიტი განახორციელა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა. ოჯახის დეკლარაცია დამუშავდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილების შესაბამისად. ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით 2015 წლის 27 თებერვლიდან და შეადგინა 68320 ერთეული, რითაც მან ვეღარ მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება. აღნიშნული, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლმა განმარტა, განაპირობა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის დანახარჯების გაზრდამ.
სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი 2014 წლის განმავლობაში მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დანახარჯმა ჯამში შეადგინა 19.46 ლარი, ხოლო მოხმარებული ბუნებრივი აირის დანახარჯმა - 71.86 ლარი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დანახარჯი 2015 წლის ოჯახის დეკლარაციაში მითითებულია 120 ლარი, მაშინ, როდესაც აღნიშნული ერთად შეადგენს 91,32 ლარს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან, რომლის მეშვეობითაც ივსება აღნიშნული დეკლარაცია, არასწორად მოხდა გადახდილი თანხის დათვლა, რამაც გამოიწვია სარეიტინგო ქულის გაზრდა და შესაბამისად, სოციალური დახმარების დანიშვნაზე უარი.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, კეთილდღეობის დონის შესაფასებლად კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების საფუძველზე.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან მიმართებაში, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. აღნიშნულს პირდაპირ ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, კერძოდ, ხსენებული ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს იმ ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ახალი მტკიცებულებების მიღება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული ახლად წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუ მიიჩნევს, რომ ისინი არ შეიძლება წარდგენილი ყოფილიყო პირველი ინსტანციის სასამართლოში, ანუ მხარეს არ შეეძლო მოეყვანა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, ვინაიდან ახალ მტკიცებულებათა დაშვების საკითხს მნიშვნელობა აქვს საქმისათვის, სასამართლოს დასკვნა (მოტივები), მტკიცებულებათა დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, უნდა აისახოს განჩინებაში და უნდა იყოს დასაბუთებული.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედებს როგორც შეჯიბრებითობის, ისე სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის პრინციპი, რაც გულისხმობს აქტიურ სასამართლოს, რომელიც ყოველმხრივ იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, უფრო მეტიც, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებსა და მე-3 ნაწილზე, რომელთა თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არაწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი