#ბს-300-298(კ-17) 8 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 14 დეკემბერს გ. ო-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 25 ნოემბრის #01-02/08/29950 აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის გ. ო-ისთვის კომპენსაციის თანხის - 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით გ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 25 ნოემბრის #01-02/08/29950 აქტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გ. ო-ისათვის კომპენსაციის თანხის - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში (გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად) გადახდის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს მტკიცებულებები და შესაბამისად, არასწორად იქნა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ განცხადების რეგისტრაციის ფაქტი, რომელიც არის ერთადერთი მტკიცებულება, რასაც ეყრდნობა სასამართლო, ავალდებულებს რა სამინისტროს გადაუხადოს მოსარჩელეს საკომპენსაციო თანხა 10000 დოლარის ექვივალენტი ლარში, უკანონო და დაუსაბუთებელია და ემყარება მხოლოდ ვარაუდს.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ო-ე შეყვანილ იქნა ფულადი კომპენსაციის გასაცემ პროგრამაში, მაგრამ არ მომხდარა მისი დაკმაყოფილება. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება საქმეში, ასევე, თავად მოსარჩელის და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის მიერ სასამართლოზე გაკეთებული განმარტებით, გ. ო-ე საერთოდ არ ყოფილა შეყვანილი კომპენსაციის მიმღებ იმ პირთა სიაში, რომლებსაც იმ პერიოდში, როგორც წესი, ტერიტორიული ორგანოები უგზავნიდნენ სამინისტროს და ამის შემდგომ ხდებოდა სამინისტროს მიერ სიაში მითითებულ პირებზე მთავრობის განკარგულებით დადგენილი საკომპენსაციო თანხის გაცემა.
კასატორი მიუთითებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915, 2009 წლის 12 იანვრის #10, 2009 წლის 19 თებერვლის #127, 2009 წლის 24 ივლისის #534, 2010 წლის 2 მარტის #267 და 2010 წლის 3 ივლისის #856 განკარგულებებზე და აღნიშნავს, რომ მითითებული განკარგულებები წარმოადგენს ერთჯერადი ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომელთა მოქმედება დროში დაკავშირებული იყო მასში გათვალისწინებულ საკომპენსაციო თანხების ოდენობასთან. დღეის მდგომარეობით განკარგულებებით გათვალისწინებული თანხა სრულად არის ამოწურული. შესაბამისად, ვერ განხორციელდება მოსარჩელის დაკმაყოფილება საკომპენსაციო თანხით, თუმცა სამინისტროს დარჩა ვალდებულება, რომ ამგვარი თანხებით დაუკმაყოფილებელი ოჯახები დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართებით.
კასატორი მიუთითებს „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის #127 განკარგულების 2.1.5 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ქ.თბილისში ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ან რეაბილიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ.თბილისში. კასატორის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ქ.თბილისში დარეგისტრირდა 2013 წლის 19 აგვისტოს, მისივე 2013 წლის 5 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, მის მიერ ქ.თბილისის ზღვაზე არსებულ საცხოვრებელ ობიექტებზე შევსებული განაცხადი საცხოვრებელი ფართის დაკმაყოფილების მიზნით, არ განხილულა. კასატორის მითითებით, აღნიშნული მოსარჩელეს არ ართმევს უფლებას საცხოვრებელი ფართი მოითხოვოს საქართველოს სხვა რეგიონში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საკომპენსაციო თანხის მისაღებად აუცილებელია ოჯახი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი და უარი უნდა თქვას სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე. განსახილველ შემთხვევაში კი უდავოდ დადგენილია და მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ ის გარემოებები, რომ გ. ო-ე ნამდვილად არის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი და მან სარჩელის განხილვისას უარი თქვა სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე. უფრო მეტიც, საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. ო-ის განცხადება, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების მოთხოვნით, ერედვის მუნიციპალიტეტის ქსუისის ტერიტორიულ ორგანოში დარეგისტრირდა 2008 წლის 21 ნოემბერს #140-ით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უდავოდ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915, 2009 წლის 19 თებერვლის #127 და 2009 წლის 24 ივნისის #534 განკარგულებების შესაბამისად, გ. ო-ის ოჯახი წარმოადგენდა კომპენსაციის მიღებაზე უფლების მქონე ოჯახს და შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვალდებული იყო გადაერიცხა მისთვის კომპენსაციის თანხა 10000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915, 2009 წლის 19 თებერვლის #127 და 2009 წლის 24 ივნისის #534 განკარგულებების არსი მდგომარეობს დევნილების საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილებაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განკარგულებებით დასახელებული ვალდებულება იარსებებს მანამ, სანამ არსებობს იმ პირთა წრე, ვისზეც განკარგულება ვრცელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებების შინაარსიდან გამომდინარე, ისინი ადგენენ ზოგადი ხასიათის და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს, რის გამოც დაუშვებელია თანხის მიღების უფლება შეიზღუდოს თანხების ამოწურვის მოტივით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე გ. ო-ემ საკომპენსაციო თანხის გადაცემის მოთხოვნით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს მიმართა 2008 წლის 21 ნოემბერს, მაშინ როდესაც თანხების გაცემის პროცესი მიმდინარეობდა და ეს პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი