საქმე # 330310015001127008
საქმე Nბს-54-53(კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოსარჩელე)
მესამე პირი - შპს „თ...“, ლ. ჩ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“ 2015 წლის 19 ოქტომბერს აღძრა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №000665 შემოწმების აქტი ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „...“ სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 12 სექტემბრის №876893 ბრძანება, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა თბილისში, ... ქუჩა №...-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენასთან დაკავშირებით. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1789844 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი კრწანისი, ... №...-ში შპს „...“ კუთნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი - ...) დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №1904536 ბრძანება, რომლის თანახმად შეთანხმდა ქ. თბილისი, სექტორი კრწანისი, ... №...-ში შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ოფისის შენობის არქიტექტურული პროექტი; გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 19 მაისიდან 2016 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით. 2015 წლის 18 აგვისტოს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს განცხადებით მიმართა ლ. ჩ-ემ და მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის №1904536 ბრძანების კანონიერების შესწავლა. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მშენებლობის ნებართვის მიმართ გააჩნია კანონიერი ნდობა და გარემოებების გამოკვლევა უნდა მომხდარიყო მშენებლობის ნებართვის გაცემამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც მისი ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის საოქმო განჩინებით შპს „...“ სარჩელზე მოპასუხე - თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 27 ოქტომბრის №000665 შემოწმების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის საოქმო განჩინებით №3/8135-15 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „თ...“ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასევე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. ჩ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკამყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისი მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1789844 ბრძანება მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. N..., საკადასტრო კოდი .... სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე განმცხადებლის მიერ წარდგენილი იყო ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის გეგმა, სადაც გაკეთებულია შენიშვნა „მიწისქვეშა საინჟინრო-კომუნალური ქსელების მითითების გარეშე“. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 11 მარტის №1770749 გადაწყვეტილებით საკითხის განხილვის მიზნით, მხარეს დაევალა საპროექტო ობიექტის ესკიზური ვარიანტის წარდგენა (არსებულ გარემოში საპროექტო ობიექტის განთავსების ფოტომონტაჟი). ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1789844 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „...“ დირექტორის 2015 წლის 6 მარტის განცხადება და შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №..., სექტორი - კრწანისი, ... ქუჩა №...) დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ბრძანებაში მითითებულ იქნა, რომ არსებობის შემთხვევაში, არქიტექტურულ პროექტში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები. ასევე, დაცული უნდა ყოფილიყო სამშენებლო ნორმები. სადავო მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულია ოფისის შენობის არქიტექტურული პროექტი და გაცემულია მშენებლობის ნებართვა (2015 წლის 19 მაისის N1904536). შპს „თ...“ 2015 წლის 20 აგვისტოს N1/2255 წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. N...-ში მშენებარე ოფისის ფუნდამენტის მოსაწყობის ადგილი კოლექტორის კედლიდან ერთი მეტრითაც არ არის დაშორებული და შენობის პროექტი აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული სანიაღვრე სამსახურთან, ამგვარად დასტურდება, რომ მშენებლობა შეთანხმებული არ ყოფილა შპს „თ...“. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანების გამოცემისა, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება №1789844 მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. N..., საკადასტრო კოდი .... სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის N1-1/251 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების დამტკიცებამდე, სამშენებლო საქმიანობისას გამოყენებულ უნდა იქნას დანართში მოცემული ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმები, წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები, აგრეთვე მათი ის ნაწილები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და რომელთა ალტერნატივა არ არსებობს ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების ან ნორმატიული აქტების სახით. დანართით გათვალისწინებული სამშენებლო ნორმებისა და წესების „ქალაქმშენებლობის“ (СНиП-2.07.01-89) 7.23 პუნქტის (ცხრილი N14) თანახმად, წყალსადენს, საწნეო კანალიზაციას და შენობა-ნაგებობას შორის დაშორება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 მეტრს. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შედგენისა და დამტკიცების მონაწილეები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის. ამავე დადგენილების 45-ე მუხლი შეეხება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000).
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 6 მარტს შპს „...“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე საოფისე დანიშნულების შენობის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა მოითხოვა. განცხადებას ერთვოდა შპს „კ...“ მიერ 2015 წლის 6 მარტს შედგენილი ტოპოგრაფიული გეგმა. გეგმაზე აღნიშნული იყო, რომ ტოპონახაზი შესრულებული იყო დამკვეთის მითითებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების გარეშე. ზემოაღნიშნული განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1789844 ბრძანებით - შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №..., სექტორი - კრწანისი, ... ქუჩა №...) დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამასთან, დაინტერესებულ პირს ბრძანებით განემარტა, რომ არსებობის შემთხვევაში, არქიტექტურულ პროექტში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები, ასევე, დაცული უნდა ყოფილიყო სამშენებლო ნორმები. ამგვარად, საქმის მასალების თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ეტაპზე (1 სტადია), არქიტექტურის სამსახურმა საკმარისად მიიჩნია წარდგენილი მიწის ნაკვეთის ტოპოგეგმა, რომელზედაც არ იყო მითითებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციები და დამკვეთი დაავალდებულა აღნიშნული მოთხოვნები დაეცვა არიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე. აქვე, პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის ახსნა-განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე სადავო მიწის ნაკვეთზე გამავალი ხაზობრივი ნაგებობების მფლობელებთან „კ...“ და „ს...“ შეთანხმების ფაქტი და აღნიშნული მონაცემები იმ ეტაპზე წარდგენილ ტოპოგრაფიულ გეგმაზე იყო დატანილი.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი (მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) ვალდებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „...“ წარმოადგენს მითითებული დადგენილებით განსაზღვრულ სამშენებლო საქმიანობის სუბიექტს - დამკვეთს, რომელსაც 2015 წლის მარტის განცხადების შინაარსის შესაბამისად, გააჩნდა ინტერესი, მიწის ნაკვეთზე საოფისე დანიშნულების შენობის განთავსების მიზნით, დადგენილი ყოფილიყო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ასევე, დადგენილია, რომ სამშენებლოდ გამოყენების პირობები უნდა დადგენილიყო II კლასის შენობასთან მიმართებაში. ზემოთ მითითებული დადგენილების 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოების არსებობასთან დაკავშირებით და ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო პალატის სხდომაზე შპს ,,თ...” წარმომადგენლის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ სანიაღვრე კოლექტორი განთავსებულია მიწისქვეშ და
ასეთი კომუნიკაციების (განლაგების) შესახებ ინფორმაცია გააჩნია მხოლოდ შპს ,,თ...”. ამასთან ზემოთ აღნიშნული სანიაღვრე კოლექტორი არ მდებარეობს უშუალოდ სადავო მიწის ნაკვეთზე. ზემოთ მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით, პალატამ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისას, არქიტექტურის სამსახურს არ დაუწესებია სავალდებულო მოთხოვნად ქ. თბილისში, ... ქუჩა №...-ში (სექტორი - კრწანისი, საკადასტრო კოდი - №...) მშენებლობის ნებართვის გასაცემად სანიაღვრე სამსახურთან შეთანხმების ვალდებულება, რათა არ დარღვეულიყო სანიაღვრე კოლექტორის განთავსების ზოლში შენობა-ნაგებობების მშენებლობის დროს დასაცავი პარამეტრები.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტით ბათილად იქნა ცნობილი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლითაც დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მოცემულ სადავო შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ შპს „...“ გააჩნდა კანონიერი ნდობა არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული გასაჩივრებული აქტის მიმართ, რის საფუძველზეც მან დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, გასწია ხარჯები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ პირობებში დაუშვებელი იყო კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1789844 ბრძანების ბათილად ცნობა.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, პალატის დასკვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1789844 ბრძანება, ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც შპს „...“ სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად კანონის დარღვევითაა გამოცემული, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სამართლის ნორმები, კერძოდ: სააპელაციო სასამართლოს მიერ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტების დარღვევა, რადგანაც სასამართლომ შპს „...“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, შესაბამისად ზემოაღნიშნული გარემოებები გახდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რასაც არქიტექტურის სამსახური არ ეთანხმება და თვლის, რომ ზემოაღნიშნული სამართლის ნორმების დარღვევამ არსებითად განაპირობა სააპელაციოს საჩივრის დაკმაყოფილება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1789844 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „...“ დირექტორის AR1291829 განცხადება და შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...; სექტორი - კრწანისი, ... ქუჩა №...) დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ბრძანებაში მითითებულ იქნა, რომ არსებობის შემთხვევაში, არქიტექტირულ პროექტში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო და სხვა ხაზობრივი ნაგებობები. ასევე დაცული უნდა ყოფილიყო სამშენებლო ნორმები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანებით ქ. თბილისში, ... ქუჩა №...-ში (სექტორი - კრწანისი), შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) შეთანხმდა საოფისე შენობის არქიტექტურული პროექტი და გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 19 მაისიდან 2016 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
2015 წლის 21 აგვისტოს №07/11412-13 წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში გადაგზავილ იქნა შპს „თ...“ მიერ გაცემული 2015 წლის 17 აგვისტოს №1/2200 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩა №...-ში (საკადასტრო კოდი: №...) მდებარე ოფისის ფუნდამენტის მოსაწყობი ადგილი კოლექტორის კედლიდან ერთი მეტრითაც არ იყო დაშორებული და შენობის პროექტი აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული სანიაღვრე სამსახურთან, რათა არ დარღვეულიყო სანიაღვრე კოლექტორის განთავსების ზოლში შენობა-ნაგებობების დროს დასაცავი პარამეტრები.
აღნიშნული წერილის საფუძველზე სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანების კანონიერების შესწავლის მიზნით და 2015 წლის 21 სექტემბერს გამოსცა ბრძანება №480, რომლითაც ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანება, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ბრძანება გამოცემული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, ვინაიდან მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამუშავებული, ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის გეგმა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები. ამდენად, მიჩნეული იქნა, რომ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას შესაძლოა დაეზიანებინა ასაშენებელი შენობის მიმდებარედ განთავსებული სანიაღვრე კოლექტორი, ამასთან გათვალისწინებული იქნა, რომ აქტის მიმართ არ არსებობდა დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა.
„საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №1-1/251 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების დამტკიცებამდე, სამშენებლო საქმიანობისას გამოყენებული უნდა იქნას დანართში მოცემული ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმები, წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები, აგრეთვე მათი ის ნაწილები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და რომელთა ალტერნატივა არ არსებობს ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების ან ნორმატიული აქტების სახით. დანართით გათვალისწინებული სამშენებლო ნორმებისა და წესების „ქალაქმშენებლობის“ (СНиП-2.07.01-89) 7.23 პუნქტის (ცხრილი №14) თანახმად, წყალსადენს, საწნეო კანალიზაციას და შენობა-ნაგებობას შორის დაშორება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 მეტრს.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის ეტაპზე (I სტადია), წარდგენილ მიწის ნაკვეთის ტოპოგეგმაზე, არ იყო მითითებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2015 წლის 30 მარტის №1789844 ბრძანებით დამკვეთი დაავალდებულა აღნიშნული მოთხოვნები დაეცვა არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №57 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ეს დადგენილება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს“. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, „მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა". ამავე დადგენილების 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, "მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შედგენისა და დამტკიცების მონაწილეები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის“. ამავე დადგენილების 45-ე მუხლი შეეხება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „განცხადებას უნდა დაერთოს: მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000)“. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „დამკვეთი ვალდებულია: კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა“, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის“. მითითებული დადგენილების 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის“.
კასატორი მიუთითებს, რომ საპროექტო ობიექტი განეკუთვნება II კლასის შენობა-ნაგებობას. აღნიშნული დადგენილების 68-ე მუხლი შეეხება II კლასის შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს, ხოლო 69-ე მუხლის I პუნქტში მოცემულია იმ აუცილებელი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) ჩამონათვალი, რომელსაც უნდა შეიცავდეს II კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „II კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი მოიცავს: მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას (მაგ.: სადაც შეიძლება ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები, გამწვანება და სხვა ნაწილები), მასშტაბი 1:500”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დამკვეთის მიერ არ შესრულდა სამსხურის სავალდებულო მოთხოვნა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე წარმოდგენილი ყოფილიყო ტოპოგრაფიული გეგმა, რომელზედაც დატანილი იქნებოდა არსებობის შემთხვევაში, მიწისქვეშა კომუნიკაციები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები, რაც დამკვეთის პირდაპირი და უშუალო პასუხისმგებლობის საგანს წარმოადგენდა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს“. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, „დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება“. ვინაიდან დამკვეთის ინტერესში შემავალი საკითხის გადაწყვეტას წინ უძღვოდა მისივე უკანონო ქმედება - ტოპოგრაფიულ გეგმის წარდგენა მასზე საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კოლექტორის დატანების გარეშე, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, გამორიცხულია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობა, სწორედ აღნიშნული საფუძვლით სამსახურის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა. სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად განმარტა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №57 დადგენილების 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც დამკვეთი ვალდებული იყო, მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე წარდგენილ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმაზე დაეტანა სანიაღვრე კოლექტორი, რაც დამკვეთის მიერ არ შესრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის (საქმე №3/3576-13) გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „...“ სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 12 სექტემბრის №876893 ბრძანება და სამსახურს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თბილისში, ... ქუჩა №...-ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი №...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის განჩინებით. აღნიშნულის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, 2015 წლის 25 თებერვალს, მიღებულ იქნა №99 ბრძანება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის (საქმე №3/3576-13) გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ვადის განსაზღვრის თაობაზე.
2015 წლის 6 მარტს შპს „...“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე საოფისე დანიშნულების შენობის განთავსების მიზნით, მიწის
ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა მოითხოვა. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებას ერთვოდა შპს „კ...“ მიერ 2015 წლის 6 მარტს შედგენილი ტოპოგრაფიული ნახაზი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ტოპონახაზი შესრულებულია დამკვეთის მითითებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების გარეშე. ამასთან, ტოპოგრაფიულ გეგმაზე არ იყო დატანილი საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კოლექტორი.
სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 11 მარტის №1770749 გადაწყვეტილებით საკითხის განხილვის მიზნით, მხარეს დაევალა საპროექტო ობიექტის ესკიზური ვარიანტის წარდგენა (არსებულ გარემოში საპროექტო ობიექტის
განთავსების ფოტომონტაჟი).
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1789844 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „...“ დირექტორის 2015 წლის 6 მარტის განცხადება და შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო
კოდი: №..., სექტორი - კრწანისი, ... ქუჩა №81გ) დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ბრძანებაში მითითებულ იქნა, რომ არსებობის შემთხვევაში, არქიტექტურულ პროექტში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები. ასევე, დაცული უნდა ყოფილიყო სამშენებლო ნორმები.
ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანებით, თბილისში, ... ქუჩა №...-ში (სექტორი - კრწანისი), შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) შეთანხმდა ოფისის შენობის არქიტექტურული პროექტი და გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 19 მაისიდან 2016 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
2015 წლის 18 აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურს №AR 1335687 და №07/11285-13 განცხადებებით მიმართა ლ. ჩ-ემ. განმცხადებელმა მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანების კანონიერების შესწავლა და აღნიშნული აქტის მოქმედების შეჩერება. მესამე პირის ლ. ჩ-ის მითითებით, საპროექტო მიწის ნაკვეთს უშუალოდ ემიჯნებოდა ... ხევის სანიაღვრე კოლექტორი და მანძილი საპროექტო შენობასა და კოლექტორს შორის არ აღემატებოდა 1 მეტრს. განმცხადებელმა წარადგინა შპს „თ...“ მიერ გაცემული 2015 წლის 17 აგვისტოს №1/2200 წერილი, რომლის თანახმად, თბილისში, ... ქუჩა №...-ში (საკადასტრო კოდი №...) არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე საოფისე შენობის არქიტექტურული პროექტი სანიაღვრე სამსახურთან შეთანხმებული არ იყო. ამავე წერილში მითითებული იყო, რომ ნებისმიერი საპროექტო შენობა-ნაგებობა კოლექტორის კედლიდან (...) დაშორებული უნდა ყოფილიყო არანაკლებ 5 მეტრით.
2015 წლის 21 აგვისტოს №07/11412-13 წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურში გადაგზავნილ იქნა შპს „თ...“ 2015 წლის 20 აგვისტოს №1/2255 წერილი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქუჩა №...-ში (სექტორი - კრწანისი, საკადასტრო კოდი - №...) მდებარე ოფისის ფუნდამენტის მოსაწყობი ადგილი კოლექტორის კედლიდან ერთი მეტრითაც არ იყო დაშორებული და შენობის პროექტი აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული სანიაღვრე სამსახურთან, რათა არ დარღვეულიყო სანიაღვრე კოლექტორის განთავსების ზოლში შენობა-ნაგებობების მშენებლობის დროს დასაცავი პარამეტრები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანებით ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად იქნა
ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანება.
ადმინისტრაციულმა ორგანომ მასთან დაცული და მიწოდებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებულ სხდომაზე მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე განმარტა, რომ 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანება გამოცემული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით. მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამუშავებული, ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის გეგმა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა არსებული საინჟინრო- კომუნალური ქსელები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა, რომ 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას შესაძლოა დაეზიანებინა ასაშენებელი შენობის მიმდებარედ განთავსებული სანიაღვრე კოლექტორი. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა, რომ აქტის მიმართ არ არსებობდა დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების 45-ე მუხლი შეეხება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების
პირობების დამტკიცების წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000).
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 67-ე მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს II კლასს მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალს. 68-ე მუხლი შეეხება II კლასის შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს, ხოლო 69-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია იმ აუცილებელი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) ჩამონათვალი, რომელსაც უნდა მოიცავდეს II კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, II კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი მოიცავს მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას (მაგ.: სადაც შეიძლება ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები, გამწვანება და სხვა ნაწილები).
დადგენილია, რომ 2015 წლის 6 მარტს შპს „...“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე საოფისე დანიშნულების შენობის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა მოითხოვა. ასევე, დადგენილია, რომ განცხადებას ერთვოდა შპს „კ...“ მიერ 2015 წლის 6 მარტს შედგენილი ტოპოგრაფიული გეგმა, რომელზეც არ იყო დატანებული საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კოლექტორი. ამასთან, გეგმაზე აღნიშნული იყო, რომ ტოპონახაზი შესრულებული იყო დამკვეთის მითითებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების გარეშე. შპს „...“ დირექტორის განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1789844 ბრძანებით - შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №..., სექტორი - კრწანისი, ... ქუჩა №...) დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამასთან, დაინტერესებულ პირს ბრძანებით განემარტა, რომ არსებობის შემთხვევაში, არქიტექტურულ პროექტში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები, ასევე, დაცული უნდა ყოფილიყო სამშენებლო ნორმები.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „...“ წარმოადგენს მითითებული დადგენილებით განსაზღვრულ სამშენებლო საქმიანობის სუბიექტს - დამკვეთს, რომელსაც 2015 წლის 6 მარტის განცხადების შინაარსის შესაბამისად, გააჩნდა ინტერესი, მიწის ნაკვეთზე საოფისე დანიშნულების შენობის განთავსების მიზნით, დადგენილი ყოფილიყო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ასევე, დადგენილია, რომ სამშენებლოდ გამოყენების პირობები უნდა დადგენილიყო II კლასის შენობასთან მიმართებაში. ამ ტიპის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი კი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებიდან გამომდინარე, აუცილებლად ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას, რომელზეც შეიძლება ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები, გამწვანება და სხვა ნაწილები. ამასთან, გარდა იმისა, რომ შპს „...“ გააჩნდა მითითებული გეგმის წარდგენის ვალდებულება, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მას, ასევე, გააჩნდა ვალდებულება, მითითებული დოკუმენტი წარდგენილი ყოფილიყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სახით, რამდენადაც, ამავე დადგენილების მეოცე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის.
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამუშავებული, ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის გეგმა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები. მიჩნეულ იქნა, რომ 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას შესაძლოა დაეზიანებინა ასაშენებელი შენობის მიმდებარედ განთავსებული სანიაღვრე კოლექტორი (რომლის სამშენებლო ტერიტორიის მომიჯნავედ არსებობასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №1789844 ბრძანებით დაინტერესებულ პირს განემარტა არსებობის შემთხვევაში, არქიტექტურულ პროექტში ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციებისა და სხვა ხაზობრივი ნაგებობების გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ. ბრძანებაში, ასევე, მითითებულ იქნა სამშენებლო ნორმების დაცვის ვალდებულების თაობაზე. აღნიშნულის მიუხედავად, არქიტექტურულ პროექტში რაიმე სახის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა დაინტერესებული პირის მხრიდან ადმინისტრაციულ ორგანოში, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურმა თბილისში, ... ქუჩა №...-ში (სექტორი - კრწანისი), შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) ოფისის შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული 2015 წლის 19 მაისის №1904536 ბრძანება მიიღო იმ პირობებში, როდესაც შპს „...“ 2015 წლის 6 მარტის განცხადებაზე თანდართულ შპს „კ...“ 2015 წლის 6 მარტის ტოპოგრაფიულ ნახაზში აღნიშნული იყო, რომ ტოპონახაზი შესრულებული იყო დამკვეთის მითითებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების გარეშე. ტოპოგრაფიულ გეგმაზე არ იყო დატანებული საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ რეალურად არსებული კოლექტორი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ... ქუჩა №...-ში (სექტორი - კრწანისი, საკადასტრო კოდი: №...) მდებარე ოფისის ფუნდამენტის მოსაწყობი ადგილი კოლექტორის კედლიდან ერთი მეტრითაც არ არის დაშორებული. „საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №1-1/251 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების დამტკიცებამდე, სამშენებლო საქმიანობისას გამოყენებული უნდა იქნას დანართში მოცემული ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმები, წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები, აგრეთვე მათი ის ნაწილები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და რომელთა ალტერნატივა არ არსებობს ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების ან ნორმატიული აქტების სახით. დანართით გათვალისწინებული სამშენებლო ნორმებისა და წესების „ქალაქმშენებლობის“ (СНиП-2.07.01-89) 7.23 პუნქტის (ცხრილი №14) თანახმად, წყალმომარაგების, საწნევის საკანალიზაციო სისტემასა და შენობა-ნაგებობის საძირკველს შორის დაშორება უნდა შეადგენდეს 5 მეტრს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანების ბათილად ცნობის კანონიერი საფუძელი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მართალია, დაუშვებელია თუნდაც კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მითითებული ნორმა დაუშვებლად მიიჩნევს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ამ აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობისას. კანონიერი ნდობის უფლება არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებულმა მხარემ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. მისი ნდობა ამ ადმინისტრაციული აქტისადმი არის დაცვის ღირსი და აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამგვარი აქტის ბათილად ცნობას კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფოსა და საზოგადოებრვი უფლებისა და ინტერესის მატარებელი საწნევის საკანალიზაციო სისტემის დაცვა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათილად ცნობილი აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №480 ბრძანება კანონიერია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა. სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად განმარტა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შპს „...“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე