Facebook Twitter

ბს- 878-870 (2კ-16) 01 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ბმა ,,...“-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2016წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,...“ 06.12.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის, ბმა ,,...“-ის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ქ. თბილისის მერიის 05.11.2013წ. №2490 განკარგულების, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 03.09.2008წ. და 11.12.2008წ. მომზადებული გეგმებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 15.01.2009წ. № 882008385221-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოპასუხეთა დაზუსტების შემდეგ, მოპასუხეებად მიეთითნენ: ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ბმა „...“ მიჩნეულ იქნა მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.07.2015წ. გადაწყვეტილებით სს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 15.01.2009წ. №882008385221-07 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება. სს ,,...“ სარჩელი ქ.თბილისის მერიის 05.11.2013წ. №2490 განკარგულებისა და ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.09.2008წ. და 11.12.2008წ. გეგმების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ბმა ,, ...“-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2016წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ბმა ,,...“-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ბმა ,, ...“-მა.

კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე დავის გადაწყვეტა. რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს უფლებაწარმომშობი დოკუმენტები - ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.09.2008წ. და 11.12.2008წ. გეგმები, რომლებიც სასამართლომ ძალაში დატოვა, შესაბამისად დაუსაბუთებელია სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობა. რეგისტრაციის სფაუძვლების ძალაში ყოფნის პირობებში, საკითხის ხელახალი გამოკვლევისას ორგანო ვერ შეძლებს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი მიიჩნევს, რომ სს „...“ საკუთრების უფლება არ შელახულა, რადგან ბმა „...“-ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე სს-ს რეესტრში აღრიცხული ჰქონდა ქ. თბილისში, ... ქ. 57-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ 970 კვ.მ..

კასატორმა ბმა ,,...“-მა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქმე N367-363(კ-12)). საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, საკუთრების უფლება სს „...“ მხოლოდ 970 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე აღმართული შენობის სამ სადარბაზოზე გააჩნია, ამასთანავე მოსარჩელეს მიკუთვნებული აქვს მხოლოდ აღნიშნული სამი სადარბაზოს ქვეშ მდებარე სარდაფები. კასატორი მიიჩნევს, რომ ურბანული დაგეგამარების სამსახურის 03.09.2008წ. და 11.12.2008წ. გეგმების ძალაში ყოფნის პირობებში დაუშვებელია სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბმა ,,...“-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. კასატორის მოსაზრება გასაჩივრებული განჩინების საკასაციო პალატის 28.02.2013წ. Nბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობის შესახებ დაუსაბუთებელია, ბმა „...“ ვერ უთითებს დივერგენციის კონკრეტულ ფაქტებზე. ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო გეგმები განსაზღვრავს მრავალბინიან სახლს მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, თუმცა არ ადასტურებენ აღნიშნულ ნაკვეთზე კონკრეტული სუბიექტის საკუთრებას. კასატორთა მოსაზრება გეგმების უფლებადამდგენ დოკუმენტებად მიჩნევის შესახებ დაუსაბუთებელია, რადგან ურბანული დაგეგმარების სამსახურის ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, იგი უზრუნველყოფდა მხოლოდ ნაკვეთის საზღვრების და არა ამ ნაკვეთზე უფლების მქონე პირთა ვინაობის დადგენას. ამდენად, რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა შეეფასებინა წარდგენილი გეგმების შინაარსი, უნდა დაედგინა მხოლოდ მიწის ნაკვეთის საზღვრების ამსახველი გეგმები დამოუკიდებლად რამდენად ქმნიდნენ რეგისტრაციის საფუძველს. ამასთანავე, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანოს უნდა გაერკვია დაინტერესებული პირის არსებობა, მით უფრო, რომ სწორედ მასთან იყო დაცული სადავო მიწის ნაკვეთზე უფლებადამდგენი დოკუმენტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბმა ,,...“-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, თ. გ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს ბმა „...“-ის (თავმჯდომარე: თ. ფ-ე) საკასაციო საჩივარზე 20.10.2016წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) უნდა დაუბრუნდეს 20.12.2016წ. N35095 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბმა ,,...“-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2016წ. განჩინება;

3. თ. გ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს ბმა „...“-ის (თავმჯდომარე: თ. ფ-ე) საკასაციო საჩივარზე 20.10.2016წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი,

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) დაუბრუნდეს 20.12.2016წ. N35095 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე