ბს-914-906(2კ-16) 15 ივნისი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2016წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ფ. ვ-ის, თ.კ-ის, ნ.ვ-ის და მესამე პირის ე.ს-ის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად გ. ბ-ემ მოითხოვა: 18.01.2008 წლის ჩუქების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გარიგების საგნად მითითებული 1883 კვ.მ. ნაცვლად მითითებული იქნას 1651 კვ.მ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 12.01.11წ. №882011003603-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ქ. ქობულეთში, ... №309-ში მდებარე 25 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა მოპასუხეების საკუთრების უფლება; სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც ქ. ქობულეთში, ... №309-ში მდებარე 830 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 9.2. კვ.მ. დაურეგისტრირდათ მოპასუხეებს საკუთრებაში; სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც 9.2 კვ.მ, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ასოციაცია “...“ სახელზე; მოპასუხეებისთვის სასაზღვრო მიჯნის გასწორების დავალება 10.02.2011წ. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ საზღვრებში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2011წ. გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.ბ-ის მიერ.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, გ. ბ-ემ მოითხოვა 25 კვ.მ. ნაკვეთზე ნ. ვ-ისა და თ. კ-ის საკუთრებაში საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, 830 კ.მ. მიწის ნაკვეთიდან 9.2 კვ.მ. ფართის ნაწილში თ. კ-ის საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანწერის ბათილად ცნობა, სასაზღვრო მიჯნის გასწორება 10.02.11წ. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზით დადგენილ ფარგლებში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.03.2012წ. გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.10.2011წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე 18.01.2008წ. ჩუქების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, გ. ბ-ის მიერ მოთხოვნის ამ ნაწილზე უარის თქმის გამო. თ.კ-ისა და ნ.ვ-ის მიმართ სასაზღვრო მიჯნის გასწორების თაობაზე გ.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დარჩა განუხილველი, მხარეთა შორის იდენტური დავის სამოქალაქო წესით სხვა სასამართლოს მიერ განხილვის გამო. დანარჩენ ნაწილში გ.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქობულეთში, ... გამზ. №309-ში მდებარე 25კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნ.ვ-ის და თ.კ-ის საკუთრებაის შესახებ საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი(უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....), ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთში,... გამზ. №309-ში მდებარე 830 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 9,2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართის ნაწილში თ.კ-ის საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ.კ-მა და ნ.ვ-ემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.01.2014წ. განჩინებით თ.კ-ისა და ნ.ვ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.03.2012წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2014წ. განჩინებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.10.2011წ. გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2014წ. გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.10.2011წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 12.01.2011წ. №882011003603-03 გადაწყვეტილება, რომლითაც ქობულეთში ... გამზ. №309-ში მდებარე 25კვ.მ. მიწის ნაკვეთი( უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. ვ-ისა და თ. კ-ის სახელზე. დანარჩენ ნაწილში გ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2016წ. განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.06.2014წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
დავის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას გ. ბ-ემ დამატებით მოითხოვაქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 24.09.2008წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ქუბულეთში, ... გამზ. N309-ში მდებარე 830 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 26 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ნ. ვ-ისა და თ. კ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ და მარეგისტრირებელი ორგანოს 18.06.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მიწის ნაკვეთის იმავე ნაწილის ასოციაცია „…“ საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2016წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.10.2011წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 24.09.2008წ. N882008287438 გადაწყვეტილება ქუბულეთში, ... გამზ. N309-ში მდებარე 830 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 9,2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ნ. ვ-ისა და თ. კ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ, აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 18.06.2013წ. N882013281079-03 გადაწყვეტილება ქუბულეთში, ... გამზ. N309-ში მდებარე 830 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 9,2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში სამედიცინო ასოციაცია „...“ საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.ბ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის მიერ.
კასატორი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა ბუნდოვანია და ნაწილობრივ არ შეესაბამება ტექ.აღრიცხვის ნახაზებს. ექსპერტიზით ვერ დასტურდება გ. ბ-ის ნაკვეთის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების შედეგად ზუსტად რა ოდენობის ფართი მოაკლდა ნაკვეთს. განხორციელებული რეგისტრაციები სრულად შეესაბამება უფლებადამდგენი დოკუმენტების მონაცემებს. სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, შესაბამისად დაუსაბუთებელია საჯარო რეესტრისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის დაკისრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.2016წ. განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დაუსაბუთებელია მარეგისტრირებელი ორგანოს მოსაზრება ექსპერტიზის დასკვნის ბუნდოვანებაზე, რადგან დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული გ. ბ-ის ნაკვეთის კონფიგურაციისა და პარამეტრების ცვლილების შესახებ, დასკვნაზე თანდართულია აღნიშნული მდგომარეობის ამსახველი ნახაზიც. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება სადავო ნაწილში რეგისტრაციების კანონდარღვევით განხორციელების შესახებ, რადგან რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამება უფლებადამდგენ დოკუმენტებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ.ბ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.12.2016წ. N38449 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2016წ. გადაწყვეტილება;
3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.12.2016წ. N38449 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე