Facebook Twitter

საქმე # 821310014510185

საქმე ბს-254-250(k-2კს-15) 29 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ხ-მა 2014 წლის 28 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა გამოცემის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის №435 ბრძანება; ნ. ხ-ი აღდგენილ იქნას დაუყოვნებლივ დუშეთის მუნიციპალიტეტის ... თანამდებობაზე; დაეკისროს მოპასუხეს ნ. ხ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი თანამდებობაზე არ ყოფნის მთელი პერიოდისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

რ. ყ-მა 2014 წლის 30 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 1 მაისის #434 ბრძანების ბათილად ცნობა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე №3/25 -14 - ნ. ხ-ის სარჩელი მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და ადმინისტრაციული საქმე №3/27 -14 - რ. ყ-ის სარჩელი მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ჩაბმულ იქნენ ბ. ღ-ი და თ. უ-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის №434 ბრძანება და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; რ. ყ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის №435 ბრძანება და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ნ. ხ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ხ-მა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. ხ-ის სარჩელის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-4, მე-5, მე–6 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 01 მაისის N435 ბრძანება ნ. ხ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ; ნ. ხ-ს აუნაზღაურდეს სამი თვის თანამდებობრივი სარგო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. ნ. ხ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება რ. ყ-ის სარჩელის ნაწილში (გადაწყვეტილების პირველი, მე-2, მე-3 პუნქტები).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა მას აუნაზღაურდა სამი თვის თანამდებობრივი სარგო. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია მოწინააღმდეგე მხარეს - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას. შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №630 (საქართველოს მოქალაქე თ. ბ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლითაც მოხელეს განაცდური შრომითი გასამრჯელო ეძლევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი აღდგენილი იქნება სამსახურში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კასატორს ნ. ხ-ს განუმარტავს, რომ ზემოთმითითებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება მის საქმეზე, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით, ნ. ხ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე