Facebook Twitter

ბს-224-220(კს-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ა-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისრა თანხის - 71 070 (სამოცდათერთმეტი ათას სამოცდაათი) აშშ დოლარის ანაზღაურება მოსარჩელის - ა. ა-ის სასარგებლოდ; მოსარჩელე ა. ა-ს უარი ეთქვა თანხის _ 71 070 (სამოცდათერთმეტი ათას სამოცდაათი) აშშ დოლარის გადაუხდელობის გამო საურავის - გადაუხდელი თანხის ყოველთვიური 1%-ის მოპასუხისთვის დაკისრებაზე. მოსარჩელე ა. ა-ს უარი ეთქვა მოპასუხისთვის მატერიალური და მორალური ზიანის სახით თანხის - 10 000 (ათი ათასი) ლარის დაკისრებაზე. მოსარჩელე ა. ა-ი, მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისრა 71 070 აშშ დოლარის ანაზღაურება მოსარჩელე ა. ა-ის სასარგებლოდ, ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ა-ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ მის მიერ გამოსყიდული აქციების ღირებულების 71 070 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ა. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2015 წლის 5 მარტს ა. ა-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, წარდგენილი იქნა განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. განმცხადებელი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას (საქმეზე №3გ/1719-09) და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებდა მოსამართლის დანაშაულებრივ ქმედებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინებით ა. ა-ს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ სასამართლომ ჩათვალა, რომ წარდგენილ განცხადებაში განმცხადებელს არ ჰქონდა მითითებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი რეკვიზიტები, ასევე არ ჰქონდა მითითებული თუ რას მიიჩნევდა ახლად აღმოჩენილ გარემოებად და როდის გახდა მისთვის ეს გარემოება ცნობილი - ვინაიდან, პირს ახლადაღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის უფლება აქვს ამ გარემოების გაცნობიდან 1 თვის ვადაში. ამასთანავე, განმცხადებელს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით.

2015 წლის 23 მარტს ა. ა-მა ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება. დააზუსტა გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეკვიზიტები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №3გ/1719-09. ახლადაღმოჩენილ გარემოებად მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და მის ნაცვლად დაინიშნა ახალი თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე. განმცხადებლის პოზიციით წინა თავმჯდომარის პირობებში შეუძლებელი იყო მისთვის სამართლიანობის აღდგენა და მიიჩნევს რომ ამის საშუალება აქვს ახლა - ახალი თავმჯდომარის მოღვაწეობის პერიოდში. მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება უკანონოდ იქნა მიღებული ვინაიდან, საქმის განმხილველმა სასამართლომ დაარღვია თანასწორობის პრინციპი და უკარნახა მოწინააღმდეგე მხარეს, ეკონომიკის სამინისტროს, თუ როგორ უნდა ემოქმედა. რაც შეეხება ახლად აღმოჩენილი გარემოების გაცნობის თარიღს, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ეს თარიღი გახლავთ განცხადების ჩაბარების თარიღი - 2015 წლის 5 მარტი, როდესაც განცხადების ჩაბარების დროს სასამართლოს მიერ მოცემულ სარეგისტრაციო ფურცელზე იხილა ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია შემდეგი ფრაზა: „სასამართლოს ეკრძალება თავისი ინიციატივით მხარეების სასარგებლო მტკიცებულებების მოპოვება“. განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინებით, ა. ა-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ დასახელებული ახალი გარემოებები თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში რეგლამენტირებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-მა.

კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სააპელაციო პალატამ იმსჯელა 423-ე მუხლის მხოლოდ „ვ“ ქვეპუნქტით, ხოლო თავად მოთხოვნას ამყარებდა „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, სადაც მითითებაა სასამართლოს დანაშაულებრივ ქმედებასა და სიყალბის შემცველ მტკიცებულებაზე. კერძოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლომ მიუთითა ეკონომიკის სამინისტროს თუ როგორ უნდა ემოქმედა და სასამართლომ თავისი ინიციატივით გამოითხოვა დოკუმენტები. ა. ა-მა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულება წარმოებაში მიიღოს მისი განცხადება და არსებითად განიხილოს იგი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ა. ა-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, დადგენილია, რომ ა. ა-მა წარმოდგენილ განცხადებაში ახლადაღმოჩენილ გარემოებად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა და მის ნაცვლად ახალი თავმჯდომარის - ნინო გვენეტაძის დანიშვნა. კერძო საჩივრის ავტორი აგრეთვე მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილი ქონდა მოსამართლის დანაშაულებრივ ქმედებას, კერძოდ საქმის განმხილველმა სასამართლომ დაარღვია თანასწორობის პრინციპი და სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეს, ეკონომიკის სამინისტროს უკარნახა, თუ როგორ უნდა ემოქმედა.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასახელებული ახალი გარემოებები თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში რეგლამენტირებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ ხსენებული 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა ფაქტები და მტკიცებულებები იმ განსაზღვრებით როგორც ეს ზემოთ არის განმარტებული.

კერძო საჩივრის ავტორი, წარმოდგენილ საჩივარში, მოთხოვნის საფუძვლებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტთან ერთად უთითებს „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებს. ხსენებული ნორმის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს იმ შემთხვევას როდესაც მხარე აღმოაჩენს, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება ყალბია. აღნიშნული ნორმის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს გადაწვეტილების გასაჩივრებისა და საქმის ხელახალი განხილვის ერთ-ერთ იმ საფუძველს, რომლითაც ირკვევა, რომ საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას გამოიკვეთა მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ ხსენებული საფუძვლების არსებობა განმტკიცებული უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით არის უფლებამოსილი საქმის განმხილველი სასამართლო განაახლოს წარმოება საქმეზე, რომელზეც მიღებულია უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში ა. ა-ს არ წარმოუდგენია სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული რაიმე განაჩენი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული გაყალბებული დოკუმენტის არსებობას, ამასთან მას არ წარმოუდენია კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც დაადასტურებდა საქმის განმხილველ მოსამართლეთა დანაშაულებრივ ქმედებას, რასაც ითვალიწსინებს ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.

კერძო საჩივრის ავტორი მოსამართლის დანაშაულებრივ ქმედებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველმა სასამართლომ დაარღვია თანასწორობის პრინციპი და მოწინააღმდეგე მხარეს ეკონომიკის სამინისტროს უკარნახა, თუ როგორ უნდა ემოქმედა.

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი _ ოფიციალობის პრინციპი განსაზღვრავს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან სასამართლო პროცესუალური აქტივობის ცენტრში იმყოფება, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში სასამართლოს აკისრებს საპროცესო სამართალურთიერთობაში მხარეთა საპროცესო უფლებებში ბალანსის მიღწევისთვის აუცილებელ საპროცესო მოქმედებების შესრულებას. ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 4); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 19).

ადმინისტრაციული სასამართლოს ეს უფლებამოსილება კანონმდებლის მიერ განმტკიცებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლში ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულების დადგენით, წარუდგინოს სასამართლოს საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის ხელახლა განხილვის მოთხოვნის შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვითაა მიღებული. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ წარდგენილი განცხადება სწორად დატოვა განუხილველი, ვინაიდან არ არსებობდა განცხადების დაშვების კანონით განსაზღვრული რომელიმე პირობა. ა. ა-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე