საქმე #ბს-251-247(კს-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსუძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახური; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. გ-მა 2013 წლის 7 აგვისტოს სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის #882013149438-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ამავე სააგენტოს 2013 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება #882013149438-05 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც დარეგისტრირდება ი. გ-ის სახელზე ... ტერიტორიაზე მდებარე ღვინის მარანი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა და მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა - განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს, სახელმწიფო ბაჟის სახით, უნდა გადაეხადა დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს თ. ბ-ს (რწმუნებულება - ტ.1 ს.ფ. 167) და ჩაბარდა უშუალოდ მას 2015 წლის 5 იანვარს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით. (იხ. ტ.2. ს.ფ 9)
2015 წლის 15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ი. გ-მა და ითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის გაგრძელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. შესაბამისად პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ზემოაღნიშნული მუხლების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. გ-მა, ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გაგრძელების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა 2015 წლის 15 იანვარს, მაშინ, როცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ვადა გასული იყო. ხოლო აღნიშნული გარემოება წარმოშობს 63-ე მუხლის საფუძვლებს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. გ-მა და მისი გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან მას არ ჩაბარებია ხარვეზის დადგენის შესახებ 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება კანონით დადგენილი წესით. ი. გ-მა აღნიშნა, რომ ადვოკატი თ. ბ-ი ნამდვილად მონაწილეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვისას, როგორც მისი წარმომადგენელი, თუმცა იგი წარმოადგენს თუ არა მის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში ეს გასარკვევია და მისი შემდგომი უფლებაა. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, თ. ბ-ს განჩინება ჩაბარდა უკანონოდ ვინაიდან იგი მის წარმომადგენლობას ახორციელებდა მხოლოდ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოს მან მიმართა თ. ბ-ის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პროცესუალურ სამართლებრივ შეფასებას, რომლის საფუძვლიან კრიტიკას არ შეიცავს კერძო საჩივარი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა - განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე. აღნიშნული განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს თ. ბ-ს და ჩაბარდა უშუალოდ მას 2015 წლის 5 იანვარს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით. 2015 წლის 15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ი. გ-მა და მოითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის გაგრძელება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.2 მუხლის თანახმად თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. განსხვავებით კანონისმიერი ვადისა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით რაც განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდესის 64-ე მუხლში.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლით, რომელიც ადგენს შემდეგს: თუ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი არ არის სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ი. გ-ის წარმომადგენელს თ. ბ-ს ჩაბარდა 2015 წლის 5 იანვარს. ი. გ-მა ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 15 იანვარს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 2015 წლის 15 იანვარს ი. გ-ს უკვე გაშვებული ჰქონდა საპროცესო მოქმედების შესასრულებლად სასამართლოს მიერ დადგენილი 7 დღიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ თ. ბ-ი აღარ არის მისი წარმომადგენელი და მისთვის განჩინების ჩაბარება უკანონო იყო. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. საქმის მასალებიდან ირკვევა რომ 2014 წლის 2 ივლისის №140687861 რწმუნებულება თ. ბ-ზე ი. გ-ს გაცემული აქვს სამი წლის ვადით და ძალაშია 2017 წლის 2 ივლისამდე.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ მას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელითაც დადგინდებოდა რომ თ. ბ-ი აღარ არის მისი წარმომადგენელი. კონკრეტულ დავაში ასეთად შესაძლოა მიჩნეულიყო წარმომადგენლობის გაუქმების შესახებ ნოტარიული აქტი ან სხვა რელევანტური მტკიცებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე და დამატებით განმარტავს, რომ წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ თ. ბ-ისათვის გაგზავნილი განჩინება ითვლება ი. გ-ისთვის გაგზავნილად.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მოცემულ შემთხვევაში ი. გ-ის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ ი. გ-ს გაშვებული საპროცესო ვადის გამო არ შეუსრულებია საპროცესო მოვალეობა, ამ ვადის გასვლის შემდეგ მას გაუქარწყლდა საპროცესო უფლება. რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლოს მიერ, ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად
საკასაციო სასამართლო შეჯამების სახით აღნიშნავს, რომ ი. გ-მა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზი არ შეავსო. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია. ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობა წარმოადგენს აპელაციის განუხილველად დატოვების პროცესუალურ საფუძველს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მხარის საპროცესო უმოქმედობას სწორად შეუფარდა საპროცესო სამართლის ნორმა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე მუხლი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. გ-ის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე