Facebook Twitter

330310014582571

საქმე ბს-348-344(კს-15) 24 სექტემბერი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ხ.ც-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2015 წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ც-ემ 29.08.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 11.03.2014წ. =476827 და 11.07.2014წ. =1329303 ბრძანებების ბათილად ცნობა, ასევე სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის და ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2014წ. გადაწყვეტილებით ხ.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 11.03.2014წ. №476827 ბრძანება ხ.ც-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 11.07.2014წ. №1329303 ბრძანება ხ. ც-ის საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა ხ. ც-ის ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და არაუმეტეს 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა, აგრეთვე დაეკისრა ხ. ც-ისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2015წ. განჩინებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 369-ე, 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2014წ. გადაწყვეტილების ასლის საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის გაგზავნის და საქმეში მითითებულ მისამართზე 11.03.2015წ. ჩაბარების ფაქტი. სსკ-ის 61-ე, 63-ე, 73-ე, მუხლების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების ასლი მას ჩაბარდა 11.03.2015წ., ხოლო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა მოხდა 26.03.2015წ., რაც დასტურდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მარეგისტრირებელი უწყების სარეგისტრაციო შტამპზე და კონვერტზე არსებული თარიღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2015წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.12.2014წ. გადაწყვეტილება ორგანოს ჩაბარდა 12.03.2015წ. და არა 11.03.2015წ.. აღნიშნული დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.12.2014წ. გადაწყვეტილების ასლის პირველ გვერდზე დატანილი შტამპით და შესაბამისი ელექტრონული მიმოწერის სისტემაში ატვირთვის თარიღით. შესაბამისად, სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე, გასაჩივრების ვადა იწყებოდა 2015 წლის 13 მარტიდან. ამდენად, სააპელაციო საჩივარი კანონით განსაზღვრულ ვადაში იქნა შეტანილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2014წ. გადაწყვეტილება ხ. ც-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე შესახებ გაეგზავნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას საქმეში მითითებულ მისამართზე. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ხელმოწერასთან ერთად განთავსებულია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბეჭედი და ჩაბარების თარიღად მითითებულია: 11.03.2015 წ.(ს.ფ. 107). უფლებამოსილი პირის მიერ გზავნილის ჩაბარებას არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ სასამართლოდან გაგზავნილი კორესპონდენცია მას ჩაბარდა არა 11.03.2015წ., არამედ 12.03.2015წ., რის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს სასამართლოს გზავნილის ასლი კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების შტამპით, რომელზეც კორესპონდენციის შემოსვლის თარიღად მითითებულია: 12.03.2015წ..

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. განსახილველ შემთხვევაში გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებულია 11.03.2015წ., გზავნილზე დასმულია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბეჭედი, უფლებამოსილი პირისა და შპს ,,...“ კურიერის ხელმოწერა. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული შეტყობინების ბარათის არასარწმუნოობას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ჩაბარდა 11.03.2015წ.. ამასთანავე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, სსკ-ის 369.1 მუხლის საფუძველზე მხარეებს განემარტათ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით შესაძლებელი იყო მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.

სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2014წ. გადაწყვეტილება ჩაბარდა 11.03.2015წ., სააპელაციო საჩივარი კი შემოტანილია 26.03.2015წ., რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე განთავსებულ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კორესპონდენციებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის განყოფილების შტამპზე (ს.ფ.109), ასევე სააპელაციო საჩივრის კონვერტზე მითითებული თარიღით - 26.03.2015წ.(ს.ფ.119). აღნიშნულ თარიღში სააპელაციო საჩივრის შეტანას ადასტურებს აგრეთვე კერძო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ კერძო საჩივარში. ამდენად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2015წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2015.წ. განჩინება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე