Facebook Twitter

საქმე N330310012060765

Nბს-500-493 (3კ-კს-15) 29 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ. ნ-ე (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ი, ჯ. ლ-ე (მოსარჩელეები)

მესამე პირები - სს „...“, შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-მა და ჯ. ლ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს.

სასარჩელო მოთხოვნა:

1. უკანონოდ იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის-ნ. ხ-ის 2010 წლის 26 ოქტომბრის №0064965-004/001 და №10064965004/002 წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ;

2. უკანონოდ იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2010 წლის 22 ნოემბრის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;

3. უკანონოდ იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 24 ნოემბრის №7794 წერილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ;

4. უკანონოდ იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის №02/05-0106 და №02/05-0107 დასკვნები ქ.მცხეთაში, ... ქ. 18-ში მდებარე სახლის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით (ს/კ ...) და ქ. მცხეთაში. ... (...) ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი (...) შეფასების შესახებ, ყადაღადადებული ქონების შეფასების სამსახურის შემფასებელ გ. მ-ის 2011 წლის 6 იანვრის №454 წერილით;

5. უკანონოდ იქნეს ცნობილის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის №10064965-010/001 განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ და №10064965-012/001 სპეციალური საჯარო განცხადება იძულებითი აუქციონის შესახებ;

6. უკანონოდ იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის შეტყობინებები იძულებითი აუქციონის შესახებ №10064965-011/001;

7. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის 2011 წლის 24 იანვრის ოქმი იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ;

8. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის განკარგულება №10064965-016/001 და 2011 წლის 4 თებერვლის №10064965-016/002 განკარგულება აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ;

9. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის №10064965-017/001 აქტი სააღსრულებო საქმის თბილისის სააღსრულებო ბიუროსადმი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ;

10. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი თ. მ-ისა და ჯ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ნ. კ-ი ჩაება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ისა და ჯ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის-ნ. ხ-ის 2010 წლის 26 ოქტომბრის №0064965-004/001 და №10064965004/002 წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2010 წლის 22 ნოემბრის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 24 ნოემბრის №7794 წერილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის №02/05-0106 და №02/05-0107 დასკვნები ქ. მცხეთაში, ... ქ. 18-ში მდებარე სახლის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და ქ. მცხეთაში. ... (...) ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეფასების შესახებ, ყადაღადადებული ქონების შეფასების სამსახურის შემფასებელ გ. მ-ის 2011 წლის 6 იანვრის №454 წერილი; უკანონოდ იქნა ცნობილის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის №10064965-010/001 განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ და სპეციალური საჯარო განცხადება №10064965-012/001 იძულებითი აუქციონის შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის შეტყობინებები იძულებითი აუქციონის შესახებ №10064965-011/001; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის 2011 წლის 24 იანვრის ოქმი იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის განკარგულება №10064965-016/001 და 2011 წლის 4 თებერვლის №10064965-016/002 განკარგულება აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შიდა-ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის №10064965-017/001 აქტი სააღსრულებო საქმის თბილისის სააღსრულებო ბიუროსადმი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი თ. მ-ისა და ჯ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. კ-მა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ზ. ნ-ე ჩაება.

მე-3 პირის სტატუსის მინიჭების შემდგომ, ზ. ნ-ემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეხუთე ნაწილზე დაყრდნობით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის მოპასუხის ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, მაგრამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობები ჩნდება მას შემდეგ, რაც ის მიიღებს შესაბამის პროცესუალურ სტატუსს. ზ. ნ-ე საქმეში მესამე პირად ჩართულია საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე, გადაწყვეტილება მისი გამოტანის მომენტში ზ. ნ-ის ინტერესებს არ შეხებია, რამდენადაც მითითებული მომენტისათვის ის არ წარმოადგენდა ქონების მესაკუთრეს, შესაბამისად მას არ წარმოშობია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. ნ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უხეშად დაირღა „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმის სამართლიანი მოსმენის უფლება. საქმეში ზ. ნ-ის მესამე პირად ჩაბმით სასამართლომ უდავოდ აღიარა, რომ ამ უკანასკნელს შემხებლობა ჰქონდა სადავო საკითხთან. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი. ამ საქმეზე მირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება თავისთავად შეეხება ზ. ნ-ის ინტერესებს, რადგან იგი სადავო ქონების მესაკუთრეა. მას შემდეგ, რაც მხარე საქმეში მესამე პირად ჩაებმება, მას მხარის ყველა უფლება აქვს. კანონი არ არეგულირებს იმ საკითხს, თუ რა მდგომარეობა იყო მესამე პირის ჩაბმამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ზ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვები იყო.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ჯ. ლ-ისა და თ. მ-ის სხვა სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად, სარჩელი დაკმაყოფილდა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილშიც, რომლითაც ნ. კ-მა მოიპოვა ქ. მცხეთაში, ... ქ. 18-ში მდებარე სახლსა და 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამჟამად სადავო ნაკვეთის და სახლის მესაკუთრე ზ. ნ-ეა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ზ. ნ-ე საქმეში სავალდებულო წესით მესამე პირად ჩაება, რის შემდეგაც მან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმის ფორმა სახეზეა, თუ მესამე პირი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესები, ხოლო რაც შეეხება აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობებიც შეიძლება განისაზღვროს.

სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩაბმული მესამე პირი არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ სახის მესამე პირის იურიდიულ ინტერესებს სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს პოტენციურად, სავარაუდოდ. ამდენად, კანონმდებელი პროცესის ამ მონაწილეს, განსხვავებით მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირისა, არ აღჭურავს უფლებამოსილებით სადავო გახადოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მესამე პირთა ასეთ დიფერენციაციას განაპირობებს ის გარემოება, რომ სავალდებულო მოწვევის მესამე პირის (16.2 მუხლი) საქმეში ჩაბმა იმპერატიულად არის რეგლამენტირებული ანუ პირი იმ სამართალურთიერთობის სუბიექტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანის არეალში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.5. მუხლის მიხედვით აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით, მათ შორის, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებით; ამასთან ერთად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით გათვალისწინებული მესამე პირი მხარის უფლება-მოვალეობებს იძენს საქმეში ჩაბმის შემდეგ. მხარე სადავოდ ვერ გახდის გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია იმ დროს, როცა იგი სამართალურთიერთობის მონაწილე არ იყო. მესამე პირის საქმეში ჩაბმის საფუძველი წარმოიშობა იმ მომენტიდან, როცა ის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე ხდება იმგვარად, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებებსა და ინტერესებს პირდაპირ შეიძლება შეეხოს. სწორედ ამ დროიდან უნდა მიეცეს მას საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით საქმის განხილვაში მონაწილების საშუალება, ამასთან, ამ უფლების რეალიზება არ გულისხმობს ამ მომენტამდე მისი მონაწილების გარეშე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების უკანონობას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ამ უკანასკნელს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმის სამართლიანი მოსმენის უფლება შეეზღუდა.

კონვენციის აღნიშნული ნორმა მრავალ ასპექტს მოიცავს, მათ შორის, სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და საქმის სამართლიანი მოსმენის უფლებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის 6.1 მუხლი ყველას ანიჭებს უფლებას აღძრას სასამართლოს წინაშე მის უფლებებსა თუ ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია, იყოს შეზღუდვის საგანი, ვინაიდან თავისი სამართლებრივი ბუნებით მოითხოს სახელმწიფოს მხრიდან მოწესრიგებას, გამოყენებული შეზღდუვა არ უნდა იყოს იმგვარი ხასიათის, რომ თავისთავად უფლების არსი დაირღვეს (CASE OF PHILIS v. GREECE).

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ. ნ-ემ სადავო ქონება ნ. ჩ-ასაგან 2014 წლის 5 აგვისტოს შეიძინა. სწორედ იმ მიზეზით, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხებოდა მის საკუთრების უფლებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაება და მხარის ყველა უფლება-მოვალეობა შეიძინა, შესაბამისად, იმ მომენტიდან, რაც ის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე გახდა, მას გააჩნდა სრული შესაძლებლობა, სასამართლოს წინაშე დაეცვა საკუთარი ინტერესები და ამ უფლების რეალიზებაზე მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას არავითარი გავლენა არ მოუხდენია. მას ჰქონდა შესაძლებლობა, დაესაბუთებინა ნებისმიერი პოზიცია, წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, მოსაზრებები და მიემართა სასამართლოსათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი შუამდგომლობით საკუთარი უფლებების დასაცავად; ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ნ-ემ სათანადოდ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით და საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული გარანტიებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაცი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ნ-ის კერძო საჩივარ არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე